fbpx

პროექტი “ნიკო” – ფერადი ქუჩები ფიროსმანთან ერთად


გააზიარე სტატია

 

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უკვე რამდენიმე ხანია ჩნდება მასშტაბური ნამუშევრები, რომლებსაც ერთი პროექტი – “ნიკო” აერთიანებთ. “ნიკო” ქუჩის ხელოვნების მოძრაობის საკომუნიკაციო სახელია, ფიროსმანის სიყვარულითა და პატივისცემით.

 

“ნიკო ფიროსმანი იყო ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი, რომელიც სიკვდილის შემდეგ იქნა აღიარებული. ფიროსმანის ნახატები შთაგონებული იყო მისი დროის სოციალური მდგომარეობით  – ძალიან ბევრი ნამუშევარი აქვს შესრულებული ვაჭრებზე, მაღაზიის გამყიდველებზე, ხელოსნებსა თუ დიდგვაროვანთა ჯგუფებზე. ფიროსმანი შეყვარებული იყო ბუნებასა და სოფლის ცხოვრებაზე. ხატავდა ცხოველებს და იყო ერთადერთი ქართველი ანიმალისტი.” –  ვკითხულობთ პროექტის ბრენდინგის პროექტში.

 

At.ge “ნიკოს” საორგანიზაციო გუნდს დაუკავშირდა მიზნებსა და საჯარო ხელოვნებაზე სასაუბროდ.  

 

როგორ გვეხმარება “ნიკო” ქალაქების გამოცოცხლებაში?

მოძრაობა „ნიკო“ არამარტო აფერადებს ქალაქს, არამედ ქმნის ისეთ პლატფორმას, სადაც დამწყებ თუ გამოცდილ ხელოვანებს აქვთ საშუალება წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები და ამავე დროს  ქალაქს ახალ-ახალი ღირსშესანიშნაობები შემატონ. მოძრაბა „ნიკო“ ფაქტობრივად ქმნის ქუჩის გალერეებს, სადაც თითოეულ ნახატში ავტორის მიერ ჩადებული მნიშვნელოვანი მესიჯია გადმოცემული.

 

მას შემდეგ, რაც პროექტი “ნიკო” გამოჩნდა, რამდენი მხატვარი ჩაერთო მასში და რამდენი კედელი გალამაზდა?

პროექტი შარშან დაიწყო თბილისის მოხატვით და მას მერე საქართველოს 4 ქალაქში 27-ზე მეტმა არტისტმა მოხატა 26 კედელი, მათ შორის იყვნენ გამოცდილი უცხოელი არტისტებიც, ძალიან ცნობილი ქართველი არტისტებიც და დამწყები ქუჩის მხატვრები, რომელთათვისაც ჩვენი შეთავაზებული კედლები დიდი გამოწვევა იყო.

 

რა ნიშნით არჩევთ არტისტებს და ადგილებს ნახატებისთვის?

ქართველი არტისტების დიდ ნაწილს ვიცნობთ, უცხოელ არტისტებს ვეძებთ მათი ნამუშევრებიდან გამომდინარე, ასევე ძალიან აქტიურები ვართ სოციალურ მედიაში და უამრავი დამწყები არტისტი გვიკავშირდება და გვიგზავნის სკეჩებს. ადგილებს რაც შეეხება, ქუჩაში სიარულის დროს ყველა კედელს პოტენციურ ტილოდ აღვიქვამთ უკვე, ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც საზოგადოებას ვთხოვთ ჩართულობას და მათი დახმარებით ვარჩევთ კედლებს, დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს. რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები და არ იშურებენ საინტერესო კედლების ფოტოებს.

 

ვისი მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი და რა არის საბოლოო მიზანი?

მოძრაობის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ხელოვნების ამ ფორმის განვითარებას საქართველოში და ამ გზით ქართული სცენის და მისი წარმომადგენლების პოპულარიზაციას  მსოფლიო რუკაზე. პროექტს სხვადასხვა ეტაპზე ჰყავს განსხვავებული მხარდამჭერები, მაგალითად, ქართული კომპანიები, რომელთათვისაც „ნიკო“ არის CSR-ის იდეალური საშუალება, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობები, საელჩოები და დიდი მადლობა მათ, რომ მხარში გვიდგანან ამ წამოწყებაში.

 

როგორ გგონიათ, ქუჩის ხელოვნება სპონტანური იმპულსებით და პროტესტის ტალღებით ვითარდება თუ კარგად დაგეგმილი მხარდამჭერი პროექტებით?

ვფიქრობთ, კითხვა არასწორად არის დასმული. ჩვენი  მოკრძალებული აზრით, ერთიც და მეორეც არის საშუალება და  ერთმანეთს ავსებენ, მეტიც, ერთსა და იმავე საქმეს ემსახურებიან. სპონტანური პროტესტის ტალღებით ძალიან რთულია იმ მასშტაბების ნახატების შექმნა, რასაც “ნიკოს” ფარგლებში ახორციელებენ არტისტები. თანაც საზოგადოება ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებს ნახატებს საწყის ეტაპებზე, სანამ საბოლოო ვერსიებს იხილავენ. ჩვენ ვთვლით, რომ ვეხმარებით ქუჩის ხელოვნების პოპულარიზაციას, რისთვისაც დაგეგმილი აქტივობები ჯერჯერობით აუცილებელია, რათა გაიზარდოს ნდობა.

 

რა სჭირდებათ დღეს საქართველოში ქუჩის არტისტებს საკუთარი თავის უკეთ რეპრეზენტაციისთვის?

ალბათ როგორც ყველა ქვეყანაში, აქაც უამრავი შრომა არის საჭირო, მეტი სითამამე და შესაბამისად მეტი შეცდომის დაშვებაც.  არტისტების მხრიდან და ქალაქების მხრიდან კარგი იქნება, თუ გაკეთდება ე.წ. ლეგალური კედლები, სადაც ყოველგვარი ნებართვის გარეშე  შესაძლებელი იქნება ხატვა დიდ მასშტაბებზე. ეს პრაქტიკა ფართოდ არის გავრცელებული სხვადასხვა ქვეყნებში და არტისტებს ეძლევათ საშუალება დიდ მასშტაბებზე ხშირ-ხშირად ხატონ და დახვეწონ თავიანთი სტილი


რეკომენდებული სტატიები
5 ქართული სტრიტ-არტი და მათი ავტორები თავიანთი ნამუშევრების შესახებ

5 ქართული სტრიტ-არტი და მათი ავტორები თავიანთი ნამუშევრების შესახებ

5 ქართული სტრიტ-არტი და მათი ავტორები თავიანთი ნამუშევრების შესახებ
წარმოგიდგენთ ქართველი სტრიტ არტისტების 5 გამორჩეულ ნამუშევარს, რომელიც საქართველოში სხვადასხვა ადგილას მდებარეობს. ავტორები ერთი წინადადებით გვიყვებიან თავიანთი ნამუშევრების შექმნის ისტორიისა და იდეის შესახებ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.