ფილმები, რომლებიც ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრების შთაგონებით შეიქმნა


გააზიარე სტატია

 

ფოტოგრაფია და კინემატოგრაფია რომ მონათესავე ხელოვნების ფორმებია, ეს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ედვარდ მეიბრიჯმა დაამტკიცა, როცა მოწყობილობა zoopraxіscope გამოიგონა და ფოტოების ერთმანეთზე გადაბმით გამოსახულებები აამოძრავა.

ედვარდ მეიბრიჯის შემდეგ ფოტოგრაფიის გავლენა კინემატოგრაფზე, რეჟისორების ხედვასა და ხელწერაზე აშკარაა.  ცნობილი რეჟისორები თავიანთი ფილმების ცნობილ სცენებს ფოტოგრაფების მიერ შექმნილი გამოსახულებების შთაგონებით  იღებდნენ. მაგალითად, სტენლი კუბრიკმა კარიერა პრესის ფოტოგრაფობიდან დაიწყო, მისი შთაგონების წყარო კი ამერიკელი ფოტოჟურნალისტის,  არტურ ფელინგის, იგივე WeeGee-ის ნამუშევრები იყო. მეტიც, როცა ფილ Dr. Strangelove-ზე მუშაობდა, ფელინგი ფოტოგრაფად დაიქირავა და ხშირად ეკითხებოდა აზრს, თუ როგორ გადაეღო დანაშაულის სცენები. 

 

ნახეთ ფილმები, რომლებიც ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრების შთაგონებით შეიქმნა:

 

HER,  სპაიკ ჯონსი. New York Magazine-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სპაიკ ჯონსმა აღნიშნა, რომ  ფილმის ფერთა გამასა და გამოსახულებაზე დიდი გავლენა მოახდინა ამერიკელი ფოტოგრაფის, ტოდ ჰიდოს შემოქმედებამ. 

რეჟისორმა ინსპირაციის წყაროდ დაასახელა ნამუშევარი Untitled # 2653 (2000), ქალის ფოტო, რომლის სახეც მიუწვდომელია: „ფოტოზე ასახული ქალი სამანტასავით (ფილმის პერსონაჟი) უჩინარი და აბსტრაქტულია. შესაბამისად, დამთვალიერებელს  ნებისმიერი სურვილის პროეცირება შეუძლია ზუსტად ისე, როგორც თეოდორი ახდენს სამანტას რომანტიზებას“.

 

  • ტოდ ჰიდო, Untitled # 2653 (2000) 

„თვითმკვლელი ქალწულები“ – რეჟისორ სოფია კოპოლას სადებიუტო ნამუშევარია დებზე, რომლებიც შიშში, ოჯახურ კლაუსტროფობიასა და უჰაერობაში ცხოვრობენ და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ. რეჟისორის თქმით, პერსონაჟების ვიზუალურ მხარეზე გავლენა ფოტოგრაფ ბილი ოუენსის 1973 წლის ნამუშევარმა მოახდინა, რომელზეც  გამოსაშვები წვეულებაა ასახული. 

 

  • ბილი ოუენსი, გამოსაშვები წვეულება. 1973

 

  • კადრი ფილმიდან „თვითმკვლელი ქალწულები

 

„მთვარის შუქი“ – რეჟისორ ბარი ჯენკინსის ფილმი შავკანიანი გეი მამაკაცის, შაირონის სირთულეებით სავსე ცხოვრებაზეა. პერსონაჟის როლს ფილმში სამი მსახიობი თამაშობს, რომლებიც შაირონის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს განასახირებენ. რეჟისორის თქმით, მისი მიზანი იყო გაჰქცეოდა იმ კლიშეებს, რომლებსაც ხშირად მიმართავენ შავკანიანთა ცხოვრების კინოში ასახვისთვის  და ცდილობდა მაქსიმალურად რეალისტურად გადმოეცა სინამდვილე. ამისათვის კი რეჟისორმა და ოპერატორმა ჯეიმს ლეკსტონმა ფოტოგრაფების – ამერიკელი ერლი ჰადნელ უმცროსისა და ჰოლანდიელი ვივიენ სასენის ნამუშევრები შეისწავლა. ერლი ჰადნელ უმცროსის ნამუშევრები 70-იანი წლების შავკანიანთა თემის ცხოვრებას ასახავდა, ვივიენ სასენი კი ადამიანების სხეულზე აქცენტირებდა. ჯეიმს ლეკსტონის თქმით, ორი ფოტოგრაფის გამოცდილება მათ ეკრანზე გადმოიტანეს.

 

  • კადრები ფილმიდან „მთვარის შუქი“

 

  • ვივიან სასენი, Codex, 2010

 

  • ვივიან სასენი

 

  • ერლი ჰადნელ უმცროსი

 

“ქეროლი”,  რეჟისორი ტოდ ჰეინსი. ტოდ ჰეინსის ფილმში რუნი მარასა და ქეით ბლანშეტის გმირების ისტორიები 50-იანი წლების ნიუ-იორკში ვითარდება, შესაბამისად, რეჟისორის მიზანი იყო რეალისტურად გადმოეცა იმ ეპოქის ურბანული სულისკვეთება. ამ წლებში ნიუ-იორკს მრავალი ცნობილი ფოტოგრაფი იღებდა, თუმცა, რეჟისორის თქმით, ფილმის ვიზუალური მხარე სოლ ლეიტერის ფოტოებმა განსაზღვრეს. „ზოგჯერ ფიქრობ, რომ ლეიტერი აბსტრაქტულ ნამუშევრებს ქმნიდა, თუმცა, მისი გამოსახულებები ადგილისა და დროის რეალურ შეგრძნებებს ბადებს“, – ამბობს რეჟისორი. სოლ ლეიტერი საკმაოდ ხშირად იღებდა ფოტოებს ბუნებრივი შუშის, ფანჯრების მიღმა, რითაც ობიექტის დისტანცირებას ახდენდა დამთვალიერებლისგან. მსგავსი ხერხი ტოდ ჰეინსმა ფილმშიც გამოიყენა. 

 

  • “ქეროლი”,  რეჟისორი ტოდ ჰეინსი

 

  • სოლ ლეიტერი. 1952

 

  • სოლ ლეიტერი. 1958

 

„რიგითი რაიანის გადასარჩენად“, რეჟისორი სტივენ სპილბერგი. 1941-1946 წლებში რობერტ კაპა Life-ის და Collier-ის ომის ფოტოგრაფი იყო და მეორე მსოფლიო ომის მნიშვნელოვან მოვლენებს ფირზე აღბეჭდავდა. მოგზაურობდა ამერიკულ არმიასთან ერთად და აშუქებდა მოკავშირეთა გამარჯვებას ჩრდილოეთ აფრიკაში, მოკავშირეთა დანაყოფების გადასხმას ნორმანდიის სანაპიროზე, ასევე ლაიფციგის, ნიურნბერგისა და ბერლინის აღებას.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოები მეორე მსოფლიო ომისას კაპამ ნორმანდიაში მეკავშირეთა დესანტის გადასხმისას გადაიღო. „თუ თქვენი ფოტოები წარმატებული არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ გადასაღებ მოვლენებს უფრო უნდა მიუახლოვდეთ“, – ამბობდა ფოტოგრაფი. კაპას პრინციპი სპილბერგმა ფილმზე მუშაობის დროს გამოიყენა. გარდა იმისა, რომ გააცოცხლა ნორმანდიის ისტორიული ფოტოები, კამერას „საბრძოლო მოქმედებების“ უშუალო ეპიცენტრში ამუშავებდა, რაც მაყურებელს ბრძოლის ველზე ყოფნის განცდას უმძაფრებდა. 

 

  • რობერტ კაპა, ნორმანდიის დესანტი

 

  • კადრები ფილმიდან „რიგითი რაიანის გადასარჩენად“

 


რეკომენდებული სტატიები
ნოტრ-დამის ეფექტი - პარიზის კათედრალი ხელოვნებაში
Play Video

ნოტრ-დამის ეფექტი - პარიზის კათედრალი ხელოვნებაში

ნოტრ-დამის ეფექტი - პარიზის კათედრალი ხელოვნებაში
ჩვენს კულტურაში ნოტრ დამის განსაკუთრებულ ადგილზე ყველაზე მეტად მხატვრობაში, კინოსა და ფოტოგრაფიაში მისით ინსპირაციით შექმნილი ნამუშევრების სიხშირე მიუთითებს
20 საუკეთესო საზაფხულო ფილმი კინოკლასიკიდან

20 საუკეთესო საზაფხულო ფილმი კინოკლასიკიდან

20 საუკეთესო საზაფხულო ფილმი კინოკლასიკიდან
როცა ტემპერატურა ციებ-ცხელების დონეს აღწევს, გამოიკეტეთ გრილ ოთახში, ჩამოაფარეთ ფარდები და გაუხსენით გზა საკუთარ თავს ამ შეუცვლელი საზაფხულო კლასიკური ფილმების სამყაროში.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.