fbpx

 4710 – ახალი საგამოფენო სივრცე თბილისში 


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინა პატარიძე
ფოტო : სანდრო სულაბერიძე

 

27 სექტემბერს თბილისში ახალი გალერეა – 4710 გაიხსნება, რომელიც სოლოლაკში აშენებულ ერთ-ერთ პირველ სახლში, ამაღლების ქუჩის 19 ნომერში მდებარეობს.

გალერეის დამფუძნებლები ახალგაზრდა კურატორები – ნინი დარჩია და ანა გაბელაია არიან.

პირველი გამოფენა  ორი ხელოვანის – ქეთა გავაშელისა და ანდრია დოლიძის ერთობლივი ნამუშევრით გაიხსნება სახელწოდებით: Till you get your powers back!

At.ge წარმოგიდგენთ ინტერვიუს გალერეის დამფუძნებლებთან:

 

როდის და როგორ გაჩნდა საგამოფენო სივრცის შექმნის იდეა?

ნინი: მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სახელოვნებო სცენას ბოლო წლებში ბევრი გალერეა შეემატა, ვფიქრობ, მაინც განვიცდით მრავალფეროვანი, ექსპერიმენტული სივრცეებისა და შესაბამისი გამოფენების ნაკლებობას. ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც რამდენიმე თვის წინ გამიჩნდა გალერეისა და სარეზიდენციო პროგრამის გაკეთების იდეა. 

 

როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობის პროცესი? 

ანა: ჩვენი თანამშრომლობის დაწყება ძალიან ჰგავდა ჩვეულებრივ დამთხვევას, მაგრამ დამთხვევების დიდად არ მჯერა. უფრო მგონია, რომ მსგავსი შემთხვევები ტყეში დატოვებული მინიშნებებივითაა, რომლითაც ხვდები, რომ სწორად მიდიხარ.  ამიტომაც ამ დროს გადაწყვეტილებებს უფრო ინტუიციურად იღებ, ჩვენი თანამშრომლობის პროცესიც, ვფიქრობ, ორივეს მხრიდან ინტუიციურად დაიწყო. 

 

რას უკავშირდება გალერეის სახელწოდება  4710?  

ნინი: ეს არის უშბის სიმაღლე. მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩნდა, ამ მთისადმი ორივეს განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს, შეიძლება ითქვას, რომ ამ სახელწოდებამდეც შემთხვევით მივედით. 

 

გვესაუბრეთ 4710-ის ძირითად სამუშაო კონცეფციაზე?

ანა: რაც დანამდვილებით ვიცით, ისაა,  რომ გვინდა ეს გალერეა და ჩვენც მაქსიმალურად გახსნილები ვიყოთ ახალი გამოწვევებისთვის. ეს პრინციპი ვრცელდება როგორც საგამოფენო სივრცეზე, ასევე 4710-ის სარეზიდენციო პროგრამაზეც. ვგეგმავთ სისტემატურ შეხვედრებს და დისკუსიებს არა მხოლოდ სახელოვნებო, არამედ სხვა აქტუალურ თემებზეც. ექსპერიმენტულად  ვუდგებით სოციალურ მედიასაც, ჩვენი ინსტაგრამის გვერდს ჩვენ გარდა ის ხელოვანებიც წარმოადგენენ, რომლებთანაც ვითანამშრომლებთ. გვაქვს სხვა სამომავლო გეგმებიც, მაგრამ არის რაღაცები, რაც ჯერ ჩვენც არ ვიცით და ძალიან მოგვწონს პროცესი, რომ ერთდროულად მივყვებით გეგმასაც და დინებასაც. იმედი გვაქვს, მთელი წლის განმავლობაში ბევრ საინტერესო კოლაბორაციას შემოგთავაზებთ.  

 

გარდა გამოფენებისა, იგეგმება სარეზიდენციო პროგრამის განვითარებაც, რომელიც უცხოელ ხელოვანებს უმასპინძლებს, გვესაუბრეთ რეზიდენციის ფორმატზე?

ნინი: რეზიდენციის ფორმატი ჯერ კიდევ ყალიბდება და მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პარტნიორებზე, რომლებსაც ამჟამად ვეძებთ. რეზიდენცია ინტერნაციონალური იქნება და რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს. მათ შორისაა სახელოვნებო მიმოცვლის ინტენსიურობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და თანამშრომლობა იმ ქვეყნების ხელოვანებთან, რომელთა სახელოვნებო სცენა და სპეციფიკა ჯერ კიდეც უცხოა ქართველი აუდიტორიისთვის. რეზიდენციის მიზანია ორმხრივი ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა, შესაბამისად, მისი დასკვნითი ნაწილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმატის: გამოფენა, “თოქი”, ვორქშოფი და ა.შ.

 

დღეს 4710-ს ანდრია დოლიძის და ქეთა გავაშელის კოლაბორაციული გამოფენა – Till you get powers back! – გახსნის, გაგვიზიარეთ გალერეის პირველ გამოფენაზე მუშაობის შთაბეჭდილება

ანა: რადგანაც გალერეას სწორედ ეს გამოფენა ხსნის, მუშაობის პროცესი განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და ამავე დროს საინტერესო აღმოჩნდა. ჩვენი, ქეთას და ანდრიას ხედვები ბევრ საკითხში გადაიკვეთა, რამაც ეს პროცესი კიდეც უფრო თავისუფალი და ცოცხალი გახადა. თავიდანვე ვიცოდით, რა განწყობა გვინდოდა დაგვეხვედრებინა დამთვალიერებლისთვის, თუმცა ამ განწყობის შესაქმნელად  საჭირო ელემენტები ბევრჯერ შეიცვალა და ექსპოზიციის აწყობის ბოლო მომენტამდე ჩვენც არ ვიყავით დარწმუნებულები საბოლოოდ რას დავტოვებდით საგამოფენო სივრცეში. 

 

რა ინტენსივობით გეგმავთ გამოფენაზე მუშაობას გალერეაში?

ნინი: გვინდა, რომ სივრცე მუდმივად აქტიური იყოს, ამიტომ, პროგრამულ გამოფენებს შორის (1,5-2 თვეში ერთხელ)  პატარა პროექტებსაც ვგეგმავთ. 

 

გვესაუბრეთ საგამოფენო სივრცის სამომავლო გეგმებზე 

ანა: სამომავლო გეგმებზე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ვაპირებთ ბევრი ახალგაზრდა საინტერესო ქართველი ხელოვანი გაჩვენოთ როგორც უკვე ნაცნობი, ასევე ჯერ კიდევ აღმოსაჩენი მხრიდან.

 


რეკომენდებული სტატიები
Till you get your powers back! - ინტერვიუ ქეთა გავაშელთან და ანდრია დოლიძესთან

Till you get your powers back! - ინტერვიუ ქეთა გავაშელთან და ანდრია დოლიძესთან

Till you get your powers back! - ინტერვიუ ქეთა გავაშელთან და ანდრია დოლიძესთან
27 სექტემბერს გალერეა 4710-ს ორი ახალგაზრდა ხელოვანის, ანდრია დოლიძისა და ქეთა გავაშელის გამოფენა გახსნის სახელწოდებით - Till you get your powers back! დღეს კი AT.ge მათ ინტერვიუს გთავაზობთ.
"აჭარა ჯგუფის" სუფრა პარიზში
Play Video

"აჭარა ჯგუფის" სუფრა პარიზში

"აჭარა ჯგუფის" სუფრა პარიზში
სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ, საქართველოსა და საფრანგეთს შორის ხანგრძლივი მეგობრობის აღსანიშნავად, “აჭარა ჯგუფმა” პარიზში ტრადიციული ქართული სუფრა გამართა. ფრანგ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართულ სამზარეულოს, ღვინოს, ხელოვნებასა და მუსიკას
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.