fbpx

რვეული #4 – პანკი კუნძულზე, დღეს


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მიხეილ ციხელაშვილი

 

ხშირად მოისმენთ, რომ პანკ-მუსიკამ უკვე დიდი ხანია დაკარგა ის წინააღმდეგობრივი თვისება, რაც ისტორიულად მისთვის მთავარი მახასიათებელი იყო, რომ ეს მუსიკა ზერელე გახდა, ვადა გაუვიდა და არანაირი პროცესების შეზანზარება აღარ შეუძლია. ამ მოსაზრების შემქმნელის პირველივე დიდი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ პანკ-მუსიკა წარმოშობიდანვე მოათავსეს გარკვეულ აკუსტიკურ ჩარჩოში, ის თითქოს მხოლოდ მძლავრი, დისტორშენიანი გიტარებითა და უხეში ვოკალით გამოიხატება. წარმოშობიდან მალევე კი, როცა ამ შეზღუდული ნაკადიდან წამოსული მუსიკალური პროცესების სიფართოვე აშკარა გახდა, მუსიკალურმა მედიამ შემოგვაშველა ტერმინი პოსტ-პანკი, რომლითაც კიდევ უფრო დაავიწროვა პირველი ტალღის პანკ-როკ არტისტების აკუსტიკური არეალი და სიმართლე ითქვას, არცთუ პატარა გაურკვევლობაშიც გაგვხვია.

პოსტ-პანკი ხომ ფუჭი ტერმინია! ის არანაირ აკუსტიკურ მდგომარეობაზე არ მიგვითითებს, მხოლოდ გარკვეული დროითი პერიოდით შემოიფარგლება (რომლის სიზუსტეც ასევე მორღვეულია და 1970-იანი წლების ბოლოდან უსასრულოდ გრძელდება). ვიკიპედიის აღწერაში ვკითხულობთ, რომ “პოსტ-პანკი (თავდაპირველი სახელწოდებით new musick) არის როკ-მუსიკის ფართო ჟანრი, რომელიც 1970-იანების ბოლოდან იღებს სათავეს და მისი შემსრულებლები უხვევენ ტრადიციული პანკ-მუსიკისთვის დამახასიათებელ დაუმუშავებელ და მარტივ გზას, მასში სხვადასხვა ავანგარდული, როკ-მუსიკისგან დაშორებული გავლენების შეტანით“. გლეხურად რომ ვთქვათ, პოსტ-პანკი ის ჟანრია, სადაც პანკ-მუსიკოსებმა ინსტრუმენტებზე დაკვრა და მუსიკის წერა იციანო. ეს „ფართოობაც“ სწორედ იქ შედის ჩიხში, როცა ერთი ჟანრის ქვეშ ერთიანდებიან ისეთი არტისტები, რომელთაც შესაძლოა განსხვავებული არა მხოლოდ აკუსტიკური, არამედ მსოფლმხედველობრივი საყრდენებიც ჰქონდეთ: Talking Heads და The Cure, Joy Division და Television, და სხვა.

არადა, 1970-იანი წლების ბოლოს,  სანამ გოთიკ-როკი აქტიურად მოედებოდა სამყაროს, მსმენელი ამ პირქუშ მუსიკას, ვამპირ-პანკს ეძახდა. ტერმინი (რომელიც მე ძალიან მომწონს) Bauhaus-ის პირველი ჩანაწერების შემდეგ გაჩნდა, მაგრამ ფეხი ვერ მოიკიდა, მით უმეტეს, რომ მუსიკალურმა მედიამ მსმენელს მალევე „შეაშველა“ ეს ადვილად გასაყიდი იარლიყი, რომელიც ერთი მხრივ, თანამედროვეობასა და სიახლეზე უსვამდა ხაზს, მეორე მხრივ კი ძველი ამბოხის ნოსტალგიასაც აღვიძებდა. ყოველივე ამის გამოისობით სიტყვა „პანკი“ ლექსიკონში დამკვიდრდა როგორც მხოლოდ აკუსტიკური გარემოს აღმნიშვნელი და გამარტივდა მისი წაღმა-უკუღმა ტრიალი სხვა დანამატებთან ერთად: აფრო-პანკი, პანკ-ბლუზი, არტ-პანკი, სკა-პანკი, პოპ-პანკი, დენს-პანკი და ა.შ. 

სიმართლე კი ერთია: პანკი არასოდეს ყოფილა მუსიკალური ჟანრი. ის ისეთივე მდგომარეობაა, როგორც მაგალითად, პოსტ-მოდერნიზმი ან პოპი. რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ ჯგუფში განხილვისას – თუ რა არის პანკი, ამგვარ შეფასებაზე შევთანხმდით: პანკი არის მდგომარეობა, რომელიც კმაყოფილებას განიჭებს იმ ადამიანების თუ სისტემის მუდმივი გაღიზიანებით, რომლებთაც ტოტალური კონტროლი აქვთ რაიმეზე. ამიტომაც, სასაცილოც კია საუბარი იმაზე, რომ პანკი კონკრეტულად ერთ აკუსტიკურ ნაკადს ან მუსიკალურ პოტენციალს შეიძლება მიეკედლოს. 

თანამედროვე პანკი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენაა მუსიკაში. ის 1970-იანების პანკივით დროულად დაფასებული ვერ არის, მაგრამ დიდი გამბედაობა თუ გეყოფა, შეიძლება თქვა, რომ მისი სიმძლავრის მიღწევა ძალიან მალე შეუძლია, თუ უკვე არ მიუღწევია. ბუნებრივია, რომ ზედმეტად კორექტული სცენის საპირწონედ რაღაც სხვა უნდა გამოჩენილიყო, სამყაროს თითქოს დასჭირდა პანკი და მანაც არ დააყოვნა ხელახლა აღმოცენება. 

ისევე როგორც 70-იანებში, პანკ-მუსიკა დღესაც არასასურველი პოლიტიკური პროცესების, ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ განსხვავებით ძველი გვარდიისგან, რომელსაც მუსიკალურ დასაყრდენად მეტწილად მხოლოდ როკ ნ’ როლი და ბლუზი ჰქონდა, თანამედროვე პანკ-არტისტებს ათვისებული აქვთ მთელი ის ნახევარსაუკუნოვანი მუსიკალური გამოცდილება, რომელიც ალტერნატიულმა მუსიკამ დატოვა: ფართო სპექტრის ჰევი მეტალი თუ სინთ-პოპი, ჰიპ-ჰოპი და cbgb სცენა, ინდუსტრიალ და ნოიზ-როკი; ნიკ ქეივის, მარკ ი. სმიტის, პატი სმიტის მუსიკა, მოძრაობა Riot grrrl და ა.შ. ბრიტანეთში ამ პროცესების პარალელურად ბრექსიტი მოხდა, ამერიკაში მიგრანტთა ნაკადის ზრდის ფონზე ფაშისტური და ნეო-ნაცისტური ჯგუფები გააქტიურდნენ. თანამედროვე პანკი ამ ისტორიულ პროცესებზეც რეაგირებს და მაშინ როცა ბრისტოლური ბენდის, IDLES-ის ახალი ალბომი – Ultra Mono ვინილ-ფირფიტების გაყიდვებით პირველ ადგილზეა, ვერ ვიტყვით, რომ ეს რეაგირება სუსტია და არაფრის თავი არ აქვს.

მოკლედ რომ მოვჭრათ, თანამედროვე პანკ-მუსიკა იმაზე გაცილებით უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ეს შეიძლება თუნდაც მასზე ადევნებულმა მსმენელმა წარმოიდგინოს. პანკი საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც დამოკიდებულება მუსიკის შექმნისადმი და მსმენელთან ურთიერთობის მედიუმი, რომელიც უნივერსალური მეთოდიცაა და ინდივიდუალურ შემთხვევებში სხვადასხვა აკუსტიკურ ფორმებსაც იძენს.

გამომდინარე იქიდან, რომ პანკი მთელ მსოფლიოში სხვადასხვა პროცესებს ეხმიანება, ამ ბლოგისთვის რვა არტისტზე საუბარი ისე, რომ სხვების უხსენებლობას გული არ დაეწყვიტა, გამიჭირდა. ამიტომაც თავს ლიმიტი დავუწესე და წარმოგიდგენთ იმ არტისტებს, რომლებიც კუნძულებზე არიან გამაგრებულნი. 

ბლოგის ბოლოს კი ბონუსად ცალკე არა-მხოლოდ-კუნძულურ რვეულსაც შემოგთავაზებთ.

 

IDLES (დიდი ბრიტანეთი)

ყველაზე გიგანტურით დავიწყოთ (თანაც ზემოთაც უკვე ვახსენეთ), ბენდით, რომელიც თანამედროვე პანკ-მუსიკის ეპიცენტრში დგას. 2009 წელს ბრისტოლში ჯო ტალბოტმა და მარკ ბოუენმა გადაწყვიტეს, რომ მერე რა, თუ თინეიჯერობის წლები დიდი ხანია გავიდა, ბენდი უნდა შეექმნათ. იპოვეს მათსავით მარგინალად, საზოგადოებისგან ფუჭად შერაცხული წევრები და სახელიც ზედგამოჭრილი დაირქვეს – IDLES.  ბენდმა ძალიან გრძელი გზა გაიარა, სანამ საკუთარ ხმასა და მუსიკას გამოხატვის შესაბამის ფორმას უპოვიდა. 

წლების განმავლობაში IDLES მხოლოდ სცენაზე იწრთობოდა, პაბებში კონცერტებით. 2017 წელს გამოუშვეს პირველი სტუდიური ალბომი Brutalism. მას შემდეგ ჩაწერეს კიდევ 2 სტუდიური ალბომი და გამოაქვეყნეს ათობით საკონცერტო ჩანაწერი. მათზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი – Don’t Go Gentle და საკონცერტო ფილმად გამოიცა 2018 წელს პარიზში, ბატაკლანში ჩატარებული შოუ.

ბენდი საკუთარ თავს არ აპოზიციონირებს, როგორც პანკ-როკის შემსრულებელს, თუმცა ცხადზე ცხადია ის მუსიკალური და იდეოლოგიური გავლენები, რამლებიც მათ შემოქმედებაში იგრძნობა: The Clash, The Fall, ადრეული ნიკ ქეივი და მისი The Birthday Party-ს ინკარნაციის მაგვარი Grinderman, The Walkmen და The Strokes-ის პირველი ჩანაწერები. ამაზე ბენდის წევრები ღიად საუბრობენ. 

IDLES-ს თავისი თემიც ჰყავს, რომლის მთავარი მოტივი სოციალურ ქსელში მხარდაჭერის, სიყვარულისა და სოლიდარობის გაზიარებაა – რაოდენ შაბლონურადაც  უნდა ჟღერდეს ეს. სწორედ ეს შაბლონურობაა, რომელთანაც ბენდი ძალიან დიდხნიანი ფიქრის შემდეგ არის მისული თუ მიბრუნებული და ამ ყველაფერს ძალიან ხმაურიან აკუსტიკურ ნაკადში აერთიანებს. ამ და სხვა მიზეზების გამო IDLES ან უყვართ, ან ვერ იტანენ. ნეიტრალური დამოკიდებულება იშვიათია. მართლაც, შეუძლებელია მათი მუსიკა შეგეხოს და განზე გადგე. როგორც ბენდის ფრონტმენი, ჯო ტალბოტი ამბობს, “ჩვენ ვართ ბენდი, რომელიც უნდა იხილო, მათი რომ დაიჯერო. შენ მოდიხარ ჩვენს კონცერტზე და მაშინ გჯერა ჩვენი“.  მართლაც, ბრისტოლელი ხუთეულის კონცერტები სპირიტუალურ სეანსებს ჰგავს, რომელიც მსმენელში კათარზისს იწვევს. მათ სახელი ყოველდღიურად უფრო და უფრო დიდი ხდება და უკვე გავლენიან ბრიტანულ მედიებსაც მუდმივად რადარზე ჰყავთ. IDLES უკვე მიიჩნევა იმ არტისტად, რომელიც ამტკიცებს, რომ თანამედროვე სამყაროში კიდევ შეიძლება არსებობდეს როკ-ბენდი, რომელსაც მსმენელის ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

ამ ბენდზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება და სტატიის ერთ მერვედის კი არა, რვა სტატიის დაწერაც თავისუფლად გამოვა, თუმცა მოკლედ რომ მოვჭრა, IDLES ჰგავს დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილ ატომურ ენერგიას, რომელიც ძალიან საინტერესო დროს აფეთქდა და ახლა საკითხავი ისაა, თუ კიდევ რამდენ ხანს ეყოფა ენერგია მათ ატომურ ღრუბელს დედამიწის „დასაბინძურებლად“.

მოსასმენად IDLES-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერის, Mother-ის საკონცერტო ვარიანტს გთავაზობთ. სიმღერა ჯოს დედას ეძღვნება და მასში მღერიან ისეთ მწვავე საკითხებზე, როგორებიცაა ქალთა შრომითი უფლებები, უთანასწორო სამსახურებრივი გარემო, სექსუალური შევიწროება და ძალადობა სამუშაო თუ სასწავლო ადგილებზე და ა.შ. 

ალბომები: 

Brutalism (2017)

Joy as an Act of Resistance (2018)

A Beautiful Thing: Live at Bataclan (2019)

Ultra Mono (2020)

 

Fontaines D.C. (ირლანდია)

დასაწყისშივე ვახსენოთ დღევანდელი პანკ-მედიუმის ორი მთავარი გიგანტი და ბრისტოლიდან დუბლინში გადავბარგდეთ. შემთხვევითი არაა, რომ ამ ბენდის წევრები 2017 წელს პოეზიის სიყვარულმა გააერთიანა – განსაკუთრებით კი კლასიკური ირლანდიური და ამერიკული ბიტ-პოეზიის. Fontaines D.C.-ს ხუთივე წევრი პოეტია, ერთად უშვებენ კრებულებს და ეს ყველაფერი მათ მუსიკასაც ეტყობა.

სახელი „ნათლიას“ პერსონაჟ ჯონი ფონტეინსის საპატივსაცემოდ დაირქვეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ამერიკაში იგივე სახელწოდების ბენდი აღმოაჩინეს, ინიციალები DC დაამატეს, რაც Dublin City-ს ნიშნავს. Fontaines D.C. ალბათ ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე პოეტური როკ-ბენდია დღეს, რომელსაც მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული თავისი იდეოლოგიური ადგილმდებარეობა და საკუთარ მდგომარეობას განსხვავებულ მუსიკალურ ფორმებს არგებს. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ბენდს სხვადასხვა ჟანრში სვამენ (განსაკუთრებით ალბომ A Hero’s Death-ის გამოსვლის შემდეგ), დაბნეულად მოიხსენიებენ, როგორც დამშვიდებულ პანკს და ა.შ. 

საქმე ისაა, რომ ბენდის ფრონტმენს, გრიან ჩატენს პირველ რიგში მოთვინიერებული აქვს საკუთარი ლირიკა და მისი სიმღერის დროს ირლანდიური აქცენტი საოცარ ტკბილხმოვანებას იძენს; აღსანიშნავია, რომ იმ აკუსტიკური მდგომარეობისთვის, რომელიც გვინდა თუ არა, მაინც პანკ-როკთან ასოცირდება, ეს ტკბილხმოვანება ძალიან ორგანულად თანაარსებობს. მეორე რიგში კი იგივე პრინციპით მუშაობს ბენდი ჩანაწერების აკუსტიკურ მხარეზეც; Fontaines D.C.-ს მუსიკაში იგრძნობა ისეთი არტისტების გავლენა, როგორებიც არიან:  შეინ მაკგოუანი და The Pogues, იან კერტისი და Joy Division, ჯო სტრამერი და The Clash, Gang of Four და სხვები.

მათი სადებიუტო ალბომი Dogrel ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სადებიუტო განაცხადია ბოლო წლების როკ-მუსიკაში, 2020 წლის A Hero’s Death კი სრულიად განსხვავებული ნამუშევარია. ორივე ჩანაწერში ბასგიტარის და დრამის საკმაოდ დაძაბული გრუვი გვხვდება, თუმცა მეორე ალბომი უფრო გოთიკური როკის მიმართულებით მიდის, რომლის მოსმენის დროსაც მუდმივად გაქვს შეგრძნება, რომ ირგვლივ სულ დაძაბულობაა, სადღაც ბომბი წიკწიკებს, რომელიც არასდროს  აფეთქდება.

ეს მრავალფეროვნება ბენდის გამორჩეულობის კიდევ ერთი მიზეზია, რთულია უყურადღებოდ დაგრჩეს, თუ რა სახის სიმღერებით იწყებენ ალბომებს და რა ნოტებით ამთავრებენ. Fontaines D.C. ალბათ ის ბენდია, რომელსაც თანამედროვე პანკ-ბენდებიდან ყველაზე მეტად შესწევს ძალა, რომ ეს აკუსტიკური და ლირიკული მდგომარეობა ასეთ მაღალ ნიშნულზე ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს.

მოსასმენად დაგიტოვებთ პირველი ალბომის პირველი (სულ რაღაც წუთნახევრიანი) სიმღერის კლიპს, სადაც ლოყებბუნჩულა, ჟღალი დუბლინელი ბიჭი ქალაქის ქუჩებში დადის და პირს მელოდიას აყოლებს.

My Childhood was small, but I’m gonna be BIG

ალბომები:

Dogrel (2019)

A Hero’s Death (2020)

 

錯乱前戦 | Sakuran-zensen (იაპონია)

ძალიან საინტერესოა აზიური სცენაც, რომელიც ანგლოამერიკული ლინგვისტური ექსპანსიის გამო ხშირადაა ჩაკარგული. იაპონიაში, სადაც პანკ-მუსიკას უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება და არქივი აქვს დაგროვებული (ბენდები Melt Banana, Boredoms , Thee Michelle Gun Elephant, King Brothers, The Mad Capsule Markets და ა.შ.) დღევანდელი პანკ-არტისტები თავიანთ აკუსტიკურ ნაკადს ამ გამოცდილებაზე აფუძნებენ და შიგადაშიგ მიუბრუნდებიან ხოლმე 70-იანების პანკ-როკს, 2000-იანების სკა-პანკს და ადგილობრივ შუგეიზ-მუსიკას.

იაპონური სცენიდან ამ ბლოგისთვის პირველ რიგში Sakuran-Zensen შევარჩიე, 2014 წელს ტოკიოში ჩამოყალიბებული ძალიან საინტერესო გარაჟ-როკ ბენდი.  

ბენდის სახელწოდება „საკურან-ძენსენ“ ომის წინა არეულობად ითარგმნება. 5 წევრისგან შემდგარი ჯგუფი, რომლის ყველა წევრი 1998 წელს არის დაბადებული, აქამდე მხოლოდ სინგლებს და EP-ებს უშვებდა. 2020 წლის აპრილში კი პირველი სტუდიური ალბომი „მე ვარ საკურან-ზენსენ |おれは錯乱前戦だ!! გამოუშვეს. ჯერაც თინეიჯერული აღტყინებით დაკრული მძლავრად მჟღერი მუსიკა, აუცილებლად გაგახსენებთ Ramones-ს. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Sakuran-Zensen-ის მუსიკა ჟღერს ძალიან ორგანულად, იაპონური ენა მშვენივრად არის მორგებული ბენდის აკუსტიკურ ფორმას და უცხო (განსაკუთრებით ინგლისურენოვანი) მსმენელისთვის ერთი შეხედვით არაფერი ჩანს  ხელოვნური.

მოსასმენად ალბომიდან ერთ-ერთ საუკეთესო სიმღერას, Taximan |タクシーマンდაგიტოვებთ, რომლის კლიპიც ალბათ გაგახსენებთ The National-ისა და Зву́ки Му-ს კლიპებს.

სრული ალბომი:

I Am Sakuran-Zensen おれは錯乱前戦だ!! (2020)

Tropical Fuck Storm (ავსტრალია)

იაპონიიდან ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნში გადავინაცვლოთ და ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფსიქოდელიურ ბენდს გადავეყრებით. „ჩვენ ძალიან უჩვეულოდ, უცნაურად მჟღერი ბენდი ვართ“, – ამბობს გარეთ ლიდიარდი, Tropical Fuck Storm-ის დამფუძნებელი, ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სონგვრაითერი. ფსიქოდელიური ნოიზ-როკი, რომელსაც ბენდი უკრავს, ყველაზე მეტად ესადაგება იმ მდგომარეობას, რასაც მუსიკალურ მედიაში პანკ-ბლუზად აფასებენ. ბენდის მრავალფეროვანი ვოკალური გარემო, რომელიც ყველაზე მეტად არის პანკ-ვაიბის მატარებელი, დაუვიწყარი თრიფის გარანტია. 

მათი მუსიკა გაგვახსენებს Sonic Youth-ს, ადრეული პერიოდის ნიკ ქეივსა და მაიკლ გირას. 

ბენდმა პირველი ალბომის გამოცემამდე ისეთ არტისტებთან ერთად დაიწყო ტური, როგორებიც Band of Horses და King Gizzard & the Lizard Wizard არიან. სადებიუტო ჩანაწერითვე მიიღეს წამყვანი მედიების დადებითი შეფასება. გამოცემა The Quietus-მა ის შეაფასა – როგორც „ბრაზისგან გახურებული და სავსე მახინჯი სიმართლით“. მართლაც, ბენდის მუსიკა მუდმივად ცხელია, მათი სიმღერების ქაოსური და უჩვეულო წყობა კი მაინც ახერხებს ისეთ გარემოდ შედგეს, რომელსაც მსმენელი თავს შეაფარებს. Tropical Fuck Storm-ის მუსიკა მასშივე გარკვევის და მისი ინტერპრეტაციის დიდ საშუალებას იძლევა, მთავარია ყური დაუგდო. მათი მოსმენაც კი ნამდვილი ფსიქოდელიაა.

ალბომები:

A Laughing Death in Meatspace (2018)

Braindrops (2019)

 

Slowthai (დიდი ბრიტანეთი)

ისევ ინგლისში გავბრუნდეთ, დიდ მარქეთ თაუნ ნორტჰემპტონში 25 წლის ჰიპ-ჰოპ არტისტი ტაირონ ფრემპტონი, სასცენო სახელით – სლოუთაი, თავის მუსიკაში აჟღერებს პროტესტს ბრიტანეთის თანამედროვე პოლიტიკური და სოციალური ყოფის მიმართ. თუკი ნახავთ მის წარდგენას Mercury Prize-ის დაჯილდოებაზე, იფიქრებთ, რომ ის პანკ-სცენის ყველაზე უფრო უკიდურესი და შეშლილი არტისტების მემკვიდრეა.

სლოუთაის მუსიკაში იგრძნობა გავლენები როგორც 70-იანების ბოლოდან დაწყებული ელექტროპანკის, ალან ვეგათი სათავეში, დამთავრებული თუნდაც თანამედროვე ნოიზ-პოპით, ბირტანული ჰიპ-ჰოპით.

მისი ლაპარაკის მანერის გამო, რომელიც ბევრისთვის უბრალოდ ბლუყუნია, მეგობრებმა ტაირონს ნელი ტაი (Slow Ty) შეარქვეს, რაც მან სასცენო სახელად გარდაქმნა.

სლოუთაიმ მოღვაწეობა 2016 წლის ბოლოდან დაიწყო, აქვეყნებდა EP-ებს, და 2019 წლის მაისში სადებიუტო ორდისკიანი ალბომი – Nothing Great About Britain გამოუშვა. ალბომი ჩარტების მოწინავე პოზიციაზე გაჩნდა, შორთლისტში მოხვდა ხსენებული Mercury Prize-ც. „ჭკვიანური, სასტიკი, მხიარული და გამამხნევებელი, ფართო მუსიკალური მემკვიდრეობის მცოდნე, მაგრამ არცერთ მათგანს დამონებული“, – ასე შეაფასა ალბომი The Guardian-მა და მართლაც, დღევანდელ ბრიტანულ სცენაზე სლოუთაი გამორჩეულია საკუთარი უნიკალური ხმით, რომლისგანაც რეპ- და პანკ-მუსიკაში კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდოთ. 

სრული ალბომი:

Nothing Great About Britain (2019)

 

Shame (დიდი ბრიტანეთი)

2014 წელს სამხრეთ ლონდონში, ბრიქსტონში, ხუთმა თინეიჯერმა ერთმანეთი იპოვა და ბენდი ჩამოაყალიბა. წელიწად-ნახევარი shame-ს არ ჰქონდა სტაბილური სარეპეტიციო სივრცე, მაგრამ ეს წევრებისთვის ხელის ჩაქნევის მიზეზი არ გამხდარა.

2018 წელს ბენდმა სადებიუტო ალბომი Songs of Praise გამოუშვა, რომელიც სავსეა ახალგაზრდა, გაბრაზებული ბიჭების ხმებით. „ჩემი ხმა არაა საუკეთესო, რომელიც მოგისმენიათ“, – ამბობს ბენდის 22 წლის ვოკალისტი ჩარლი სტინი ალბომის ერთ-ერთ გამორჩეულ სიმღერაში – One Rizla და მართლაც, shame-ის მუსიკა ეკლიანია ბრიტანელი მსმენელისთვის. ბრექსიტის გაპროტესტების პარალელურად, ხუთეული მკაფიოდ გამოკვეთს კლასობრივ და სოციალურ უთანასწორობას საკუთარ ტექსტებში. 

მათზე გავლენის ერთ-ერთი უდიდესი მომხდენი მარკ ი. სმიტი და მისი The Fall-ის მუსიკა გამოდგა. ეს იგრძნობა კიდევაც ბენდის მოწოდებებში – არა მხოლოდ სიმღერის ტექსტებში, არამედ ინტერვიუებშიც. მუსიკალურად, Song of Praise აუცილებლად გაგახსენებთ 80-იანების Sonic Youth-ს და დაახლოებით ამავე პერიოდის Swans-ს. 

ინტერვიუებში ჩანს shame-ს წევრები, რომლებიც ამ დროისთვის ნაივურობასა და პროფესიონალობას შორის არსებულ გზას ადგანან, კომფორტულად გრძნობენ თავს საკუთარ, ჯერაც შენარჩუნებულ თინეიჯერულ ბრაზში და „სადამდეც გაუვათ“, ასე დარჩებიან.

რამდენიმე დღის წინ shame-მა ახალი სიმღერის – BiL-ის საკონცერტო ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც არაერთი მსმენელის აზრით, შესაძლოა ბენდის ამ ეტაპისთვის საუკეთესო სიმღერაც კი იყოს. ამ ტრეკში shame შედარებით გადასხვაფერებული გვევლინება, სადაც მათ აღვირახსნილ პანკს პერიოდულად მელანქოლიური ჩანართებით ათვინიერებს. მოსასმენად სწორედ ამ სიმღერას დაგიტოვებთ.

სრული ალბომი: 

Songs of Praise (2018)

 

Otoboke Beaver (იაპონია)

მივადგეთ ისევ იაპონიას, ამჯერად ძველ დედაქალაქ კიოტოს. 2009 წელს აკორინრინმა და იოიოიოშიმ (რომელთა ნამდვილი სახელებიც არ ვიცი) ბენდი Otoboke Beaver შექმნეს. გოგონებისთვის შთაგონების წყაროდ ოსაკაში, მათ კოლეჯთან მდებარე ე.წ „სასიყვარულო სასტუმრო“ – Otoboke Beaver გახდა.“ სიმღერებს აკორინრინი კიოტოურ სლენგზე მღერის და ტექსტებს ძირითადად პირად სასიყვარულო გამოცდილებებზე წერს.

2009 წლიდან მოყოლებული დღემდე Otoboke Beaver მხოლოდ დემოებს და EP-ს უშვებდა. 2016 წელს ბენდმა კომპილაციური ალბომი Okoshiyasu!! Otoboke Beaver გამოსცა, 2019 წლის აპრილში კი პირველი სტუდიური ალბომი Itekoma Hits.

„ძლიერი, უნიკალური და მიმზიდველი ქალები“ – ასე ახასიათებენ ერთმანეთს ბენდის წევრები და Otoboke Beaver-ის მუსიკას უდგებიან, როგორც ბრძოლას იმის წინააღმდეგ, რაც არ მოსწონთ – იქნება ეს პატრიარქატი, ზემდგომი ისტებლიშმენტი თუ სხვა. რაც მთავარია ამ ბრძოლის იარაღად გოგონებს პირველ რიგში ირონია აქვთ. მათი ბრაზიანი და დინამიკური მუსიკა საშუალებას აძლევს თავად წევრებსვე, რომ გამოკვეთონ ის იუმორისტული გარემო, რომლის გამოკვეთის საშუალებასაც პანკი იძლევა, მით უმეტეს – დღეს.

ალბომის სიმღერების სათაურებიც ცინიკურია: Love is Short, I’m Tired of Your Repeating Story, What Do You Mean You Have to Talk to Me at This Late Date, Don’t Light My Fire და ა.შ. მაშინ როცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბენდის ტექსტების მთავარ თემას სასიყვარულო თავგადასავლები წარმაოდგენს. ალბომის არცერთი სიმღერა არ არის სამწუთიანი ხანგრძლივობისაც კი და ეს მოკლე ქრონომეტრაჟი მათ მუსიკას უფრო ფეთქებადად და სხარტად წარმოაჩენს. 

Otoboke Beaver-ის შემოქმედებაში სასიამოვნო აღმოსაჩენია ის, თუ როგორ აქვთ წევრებს გააზრებული იაპონური გარაჟ-როკი, გვიანი 70-იანებიდან დღემდე, როგორ უსადაგებენ ისინი ხსენებულ სისხარტესა და ფეთქებადობას (რასაც  მეტალქორისა და სხვა მიმდებარე ჟანრების ათვისებით ახერხებენ) პანკ-მუსიკის იაპონური მეთოდით შექმნასა და დაკვრას. 

მოსასმენად ალბომის ერთ-ერთ სიმღერას Introduce Me to Your Family-ს გიტოვებთ.

სრული ალბომი: 

Itekoma Hits (2019)

 

The Murder Capital (ირლანდია)

რვეულის დასასრულს ისევ დუბლინში უნდა გავბრუნდე და ბენდი The Murder Capital ვახსენო. “ხალხს ნამდვილად სჭირდება ასეთი ბენდი“ – სათაურშივე წერს The Guardian, როცა ბენდს და მათ სადებიუტო ალბომს – When I Have Fears-ს მიმოიხილავს.

The Murder Capital 2015 წელს დაარსდა და მისი ფრონტმენი ჯეიმს მაკგოვერნი თავის ტექსტებში ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა ირლანდიული ურბანული ჯენტრიფიკაცია თუ იმიგრაცია, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები თუ მექანიზებული სისტემა და დროება, რომელიც ადამიანს, როგორც ინდივიდს, აღარ ითვალისწინებს.

ბნელი, შორეული ვამპირ-პანკისთვის დამახასიათებელი ვოკალი, რომელიც მუდმივად მკვეთრი ბასგიტარისა და დრამის პარტიის ფონზე დრამატურგიულად ვითარდება ხოლმე, ერთი მხრივ, გაგახსენებთ სამოცდაათიანების სცენას – Joy Division, Bauhaus – მეორე მხრივ კი ნათელია, რომ The Murder Capital პირდაპირ ენათესავება თანამედროვე ბრიტანელ პანკ-არტისტებს, რომელთაგანაც ზოგიერთი ამ ბლოგშიც ვახსენე.

ბენდი დამოუკიდებელია თავისი სრული მთლიანობით. ისინი მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნიან, იზოლირებულად დგანან, მუსიკას თავისსავე დაარსებულ ლეიბლზე უშვებენ და ტურშიც მარტო წავიდნენ, ყოველგვარი დამხმარე თუ ჰედლაინ-აქტის გარეშე. ამის გამო არაერთ კონცერტზე მათი სცენა იმდენად პატარა იყო, რომ ხშირად გიტარები ერთმანეთს ეჯახებოდა, მაგრამ ეს ვერ შეიძლება წარმოადგენდეს პრობლემას The Murder Capital-ისთვის, რომლის წევრებიც აღიარებენ, რომ გრძნობენ, თუ რამხელა საზოგადოება ჰყავთ ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის მასშტაბით.

ასეთი ტემპებითა და შემართებით, მათი საზოგადოება უეჭველია, რომ გაიზრდება და გეოგრაფიულ ჩარჩოსაც გააფართოებს. ბენდი უკვე ავსებს თარიღებს მომავალი წლის ევროპულ ტურისთვის.

მოსასმენად ალბომის მეორე სიმღერას დაგიტოვებთ

სრული ალბომი:  

When I Have Fears (2019)

 

ბონუს პანკ-რვეული, რომელიც ასევე დააინტერესებს ამ ბლოგის მკითხველს:

  1. Viagra Boys (შვედეთი) – Street Worms (2018)
  2. Parquet Courts (აშშ) – Wide Awake! (2018)
  3. Molchat Doma / Молчат Дома (ბელარუსი) – Etazhi / Этажи (2018)
  4. Protomartyr (აშშ) – Ultimate Success Today (2020)
  5. Girl Band (ირლანდია) – Holding Hands with Jaime (2015)
  6. Metz (კანადა) – Atlas Vending (2020)
  7. Ty Segall (აშშ) – Freedom’s Goblin (2018)
  8. Porridge Radio (დიდი ბრიტანეთი) – Every Bad (2020)

 

 


რეკომენდებული სტატიები
რვეული #1 - ეპიზოდური პერსონაჟები - მიხეილ ციხელაშვილი

რვეული #1 - ეპიზოდური პერსონაჟები - მიხეილ ციხელაშვილი

რვეული #1 - ეპიზოდური პერსონაჟები - მიხეილ ციხელაშვილი
გთავაზობთ კინემატოგრაფიის  ეპიზოდურ და “მეორეხარისხოვან”  რვა პერსონაჟს, რომლებსაც ამა თუ იმ ფილმში განსაკუთრებულ განწყობა შემოაქვთ
რვეული #3 - მწერლები, რომლებიც ეკრანიზაციაზე უარს ამბობენ

რვეული #3 - მწერლები, რომლებიც ეკრანიზაციაზე უარს ამბობენ

რვეული #3 - მწერლები, რომლებიც ეკრანიზაციაზე უარს ამბობენ
რთულია გადააწყდე მწერალს, რომელიც უარით ისტუმრებს ეკრანიზაციის მსურველებს, მაგრამ ასეთი მწერლებიც არსებობენ და მათ სახელებს ამ სტატიიდან შეიტყობთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.