fbpx

მსოფლიოს ულამაზესი აეროპორტების ტერმინალები


გააზიარე სტატია

თვითმფრინავით მოგზაურობა დღეს გადაადგილების ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა. ავიალაინერების ტექნიკური გამართულობის გარდა, უსაფრთხოების გრძნობას საერთაშორისო ტერმინალების სტერილური და კონტროლირებადი გარემოთიც ამყარებენ.

ამასთან ერთად, არსებობენ აეროპორტები, რომელთა  ტერმინალებიც ინჟინერიისა და არქიტექტურული გენიის ნამდვილ ნიმუშებს წარმოადგენენ. სწორედ მათ  მოუყარეს თავი ახალ ალბომში აეროპორტის ხელოვნება, რომლიდანაც რამდენიმე ულამაზეს ტერმინალს გაგაცნობთ.

 

ადოლფო სუარესის მადრიდი-ბარახას აეროპორტი, მადრიდი

ამ აეროპორტიდან, რომელიც  1931 წელს გაიხსნა, დღეს ძირითადად სამხრეთ ამერიკის მიმართულებით სრულდება რეისები. აქედან პირდაპირ ბუენოს-აირესში, მონტევიდეოსა და სანტიაგოში შეგიძლიათ მოხვდეთ. მეოთხე ტერმინალი,  რომელიც 2006 წელს აიგო, არქიტექტორებმა – რიჩარდ როჯერსმა და ანტონიო ლამელამ დააპროექტეს. პროექტში გამოყენებულია ბამბუკი, როგორც გამაერთიანებელი ელემენტი, რითაც ავტორები სიმშვიდის განცდის შექმნას შეეცადნენ.

ფოტო: როლანდ ჰალბე/Artur Images

 

ადოლფო სუარესის მადრიდი-ბარახას აეროპორტი, მადრიდი

ჭერის დიდი ზომის ფანჯრები ტერმინალში, რომელიც ერთ-ნახევარი მილის დაშორებით მდებარე დამხმარე ნაგებობასთან ერთად 760 000 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი, შენობაში ბუნებრივი შუქის შემოსვლას უწყობს ხელს. ამ ორ შენობას ერთმანეთთან მიწისქვეშა რკინიგზა აკავშირებს.

ფოტო: რაულ ურბინა

 

შენჩჟენის ბაოანის საერთაშორისო აეროპორტი, ჩინეთი

შენჩჟენის მესამე ტერმინალის დიზაინი იტალიელ არქიტექტორებს, მასიმილიანო და დორიანა ფუკსასებს ეკუთვნით. ისინი თავიანთ შენობას თევზ მანტას ამსგავსებენ, რომელიც ჩინეთის სანაპიროსთან ახლოს ბინადრობს.

ფოტო: ლეონარდო ფინოტი

 

შენჩჟენის ბაოანის საერთაშორისო აეროპორტი, ჩინეთი

აეროპორტი ყოველწლიურად 32.3 მილიონ მგზავრს ემსახურება, რაც 2013 წელს გახსნილი მესამე ტერმინალის ეფექტური დიზაინის წყალობით გახდა შესაძლებელი. მას 63 უძრავი და 15 მოძრავი გასასვლელი აქვს, ხოლო მისი ჭერის სიმაღლე 79 მეტრს აღწევს.

ფოტო: ლეონარდო ფინოტი


უელინგთონის საერთაშორისო აეროპორტი, ახალი ზელანდია

Studio Pacific Architecture-სა და Warren & Mahoney-ის მიერ ამ აეროპორტის შექმნისას ინსპირაციის წყარო ზღვის მონსტრების, ნგაკესა და ვატაიტაის შესახებ არსებული ლეგენდა იყო. შენობა, რომელსაც მეტსახელად „კლდე“ შეარქვეს, ექსტერიერის  დიზაინით მართლაც „სახიფათო კლდეებს“ წააგავს; დამუშავებული სპილენძის ფირფიტებს კი ის დანიშნულება აქვთ, რომ შუქი წყლით დაფარული ქვებივით აირეკლონ.

ფოტო: პატრიკ რეინოლდსი

 

უელინგთონის საერთაშორისო აეროპორტი, ახალი ზელანდია

მაღალი ფანჯრები შუქს ტერმინალის დარბაზებისკენ აძლევს მიმართულებას, ხოლო მასალად მეტწილად ხეა გამოყენებული. სადაც ეს შესაძლებელია, კიბის ან ესკალატორის ნაცვლად დაქანებული ზედაპირია დამონტაჟებული (ალბათ იმიტომ, რომ ზღვის მონსტრებს კიბეებით სარგებლობა გაუჭირდებოდათ).

ფოტო: პატრიკ რეინოლდსი

 

იეიდა-ალგაირეს აეროპორტი, იეიდა, ესპანეთი

კატალონიაში მდებარე იეიდას აეროპორტის იდეა  2008 წლის ფინანსურ კრიზისამდე განხორციელდა და წელიწადში 400 000 მგზავრზე იყო გათვლილი, თუმცა დღეს 40 000-ზე ნაკლებ ადამიანს ემსახურება. აეროპორტიდან პირდაპირი რეისები ესპანეთის  ქალაქებისკენ სრულდება, ზაფხულობით კი დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის მიმართულებებიც ემატება.

ფოტო: ოსკარ ლაბორდა სანჩესი

 

იეიდა-ალგაირეს აეროპორტი, იეიდა, ესპანეთი

აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკი 41 მეტრის სიმაღლისაა და ტერმინალშია მოქცეული. ნაგებობის გარე მხარე ზეთისხილისფერი, მწვანე და ყავისფერი მეტალის ფირფიტებითაა შემოსილი.

ფოტო: ოსკარ ლაბორდა სანჩესი

 

მეფე აბდულაზიზის საერთაშორისო აეროპორტი, ჯიდა, საუდის არაბეთი

მართალია, უშუალოდ აეროპორტის ტერმინალი  განსაკუთრებული არაა, თუმცა მის უკან კარვების მსგავსი სტრუქტურის საინტერესო კომპლექსია განლაგებული, რომელიც ბედუინების საცხოვრებლებს ჰგავს. 45 მეტრის სიმაღლის 210 პილონს „კარვები“ უჭირავს, რომლებიც ტეფლონით დაფარული თეთრი ბოჭკოვანი შუშითაა დამზადებული.

ფოტო: ჯეი ლანგლოისი/ოუენს ქამინგი/SOM-ის ნებართვით

 

მეფე აბდულაზიზის საერთაშორისო აეროპორტი, ჯიდა, საუდის არაბეთი

აეროპორტის „კარვების“ ქვეშ 500 000 კვადრატულ მეტრზე გაშლილი ღია სივრცეა, რომელიც 80 000 მგზავრზეა გათვლილი. იქვეა ბაზარი და მეჩეთიც.

ფოტო: ჯეი ლანგლოისი/ოუენს ქამინგი/SOM-ის ნებართვით

 

მარაქეშ მენარას აეროპორტი, მაროკო

მენარას აეროპორტს, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში ტურისტთა მზარდ  ნაკადთან გასამკლავებლად აიგო, ბეტონის მრუდე ჭერი და დიდი, სამკუთხა ფანჯრები აქვს, რომლებიც არაბული დიზაინითაა მოხატული. აეროპორტის პროექტზე ფრანგულმა კომპანია CR-მა და კასაბლანკაში მდებარე E2A-მ იმუშავეს, რისი შედეგიც ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურის ეს ულამაზესი ნაზავია.

ფოტო: ადამ ფაულერი

 

მარაქეშ მენარას აეროპორტი, მაროკო

ტერმინალის ჭერი ალუმინით დაფარული ფოლადის სტრუქტურაა და ფანჯრებსაც მოიცავს, რომლებიც  დიდი ოდენობით ბუნებრივ შუქს ატარებს. ამ ფანჯრებს სხვა დანიშნულებაც აქვს: ნაცვლად მინისა, მათში ფოტოვოლტური მოდულებით დამზადებული პირამიდებია ჩამონტაჟებული, რითაც ენერგიის წარმოქმნა ხდება.

ფოტო: ბენჯამინ ედვარდსი/Flickr

 

https://theguardian.com


რეკომენდებული სტატიები
მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკები

მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკები

მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკები
იტალიელი ფოტოგრაფი მასიმო ლისტრი მსოფლიოს გარშემო უძველესი ბიბლიოთეკების მოსანახულებლად მოგზაურობს და ის უნიკალური არქიტექტურის ნამდვილ საგანძურებს პოულობს. ალბომი „მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკები თაშენის გამომცემლობამ გამოსცა.“
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.