fbpx

ნიკოლოზ ბასილაშვილის სეზონის შეჯამება 2018


გააზიარე სტატია

ავტორი: ერისტო სირაძე

 

ჩოგბურთის პროფესიონალთა ასოციაციის ATP-ს (Association of Tennis Professionals) 2018 წლის სეზონი ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერაში საუკეთესო იყო.

26 წლის ჩოგბურთელმა პროფესიულ ტურში მე-10 სეზონი 2 ტიტულით – ჰამბურგის (500) და პეკინის (500) სერიის ტურნირების გამარჯვებით დაასრულა.

2018 წლის სეზონში ბასილაშვილმა მისთვის სარეკორდო 29 შეხვედრა მოიგო. ნიკამ კარგად დაიწყო, ავსტრალიის ღია პირველობაზე 2 წრე გაიარა და 1/16 ფინალში ბრიტანელ კაელ ედმუნდთან 5-სეტიან მძიმე ბრძოლაში 7-6 (0) 3-6, 4-6, 6-0, 7-5 დამარცხდა, რომელიც შემდეგ ნახევარფინალში გავიდა.

ამის შემდეგ ბასილაშვილს ცუდი პერიოდი დაეწყო – იანვრიდან მარტამდე ზედიზედ 5-მატჩიანი წაგებათა სერია ჰქონდა. თუმცა გერმანელ მწვრთნელ იან დე ვიტთან მუშაობამ შედეგი გამოიღო და ივლისში მან კარიერაში პირველი ატპ-ს ტიტული მოიპოვა. ჰამბურგში თიხის საფარზე – გერმანიის ღია პირველობა ნიკამ საკვალიფიკაციო ბადიდან მოიგო,  დაამარცხა რა ფინალში ჰამბურგის ორგზის და ამავდროულად მოქმედი ჩემპიონი ლეონარდო მაიერი 3 სეტში 6-4, 0-6, 7-5.

 

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი ჩოგბურთელია, ვინც 500-იანი სერიის ტურნირი საკვალიფიკაციო ბადიდან მოიგო. ბოლოს ასეთი მიღწევა გერმანელმა ფილიპ პეცშნერმა დააფიქსირა ვენაში.

ნიკას ისტორიული ტრიუმფის შემდეგ ჰამბურგში, atp-ს ოფიალურმა გვერდმა საქართველოს ისტორიაზე დაწერა, ამასაც მოვესწარით.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ატპ-ს რეიტინგში 1 795 ქულით 21-ე ადგილზეა. ეს მისი კარიერის რეკორდია. ბასილაშვილის ეს რეკორდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მამაკაცთა ჩოგბურთში საუკეთესო შედეგია. აქამდე რეკორდი ირაკლი ლაბაძის 42-ე ადგილი იყო 2004 წლის ივლისში.

ნიკას ოცეულში შესასვლელად სულ ცოტა დააკლდა, მეოცე ადგილზე გასულ მარკო ჩეკინატოს ქართველი სულ რაღაც 24 ქულით ჩამორჩა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მიზანია საუკეთესო ათეულში მოხვედრა და იქ ადგილის დამკვიდრება. ათეულში შესვლა არც ისე მარტივია, თუმცა იქ ადგილის შენარჩუნება ურთულესია (რაღა თქმა უნდა, ერთიც და მეორეც მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭის და თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიიღწევა).

რადგან 2018 წლის სეზონის პირველი ნახევარი ჩააგდო ბასილაშვილმა, 2019 წლის სეზონის პირველ ნახევარში ქულების დამატების და შესაბამისად ათეულში შესვლის კარგი შანსი აქვს, თუმცა 2019 წლის მეორე ნახევრიდან მოუწევს იმ ქულების დაცვა, რომელიც მიმდინარე წლის ივლისიდან  ბრწყინვალე თამაშის შედეგად მოიპოვა. დაიწყება მომდევნო სეზონი და ყველა ერთად ვნახავთ, რას როგორ შეძლებს ნიკა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგში ტრიუმფის შემდეგ ჰარდის საფარზეც შეძლო ტიტულის მოგება. ამჯერად ნიკამ პეკინის 500-იანი სერიის ტურნირის მოგება მოახერხა. ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში ბრიტანელ კაელ ედმუნდთან ავსტრალიის ღია პირველობაზე განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო, მოუგო რა 7-6 (6) 6-4 და ფინალში გავიდა.

ფინალში კი მან, არც მეტი, არც ნაკლები არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა 2 სეტში 6-4, 6-4 და კარიერაში მეორე ტიტულს დაეუფლა.

 

 

ფინალურ შეხვედრაში შეიმჩნეოდა ის, რომ დელ პოტრო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 100%-ით მზად არ ჩანდა, თუმცა ეს არ იყო მხოლოდ მისი მარცხის მიზეზი. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრწყინვალე ჩოგბურთი აჩვენა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.

ხუან მარტინ დელ პოტრომ ფინალური შეხვედრის შემდეგ საქებარი სიტყვები არ დაიშურა ნიკას მიმართ: ,,ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთე, ბოლომდე ვიბრძოლე, მაგრამ დავმარცხდი. თქვენ ძალიან მაგარი ჩემპიონი გყავთ. დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი უბრალოდ ბრწყინვალედ თამაშობდა. რიგ მომენტებში ის ნამდვილად ჩემზე უკეთესი იყო და ეს წარმატება დაიმსახურა. დიდი მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს და გულშემატკივრებს – მათ მხარდაჭერას მთელი ტურნირის განმავლობაში ვგრძნობდი.’’

ნიკოლოზ ბასილაშვილი: ,,პირველ რიგში, მსურს, დელ პოტროსადმი ჩემი პატივისცემა გამოვხატო. ჩემთვის მის წინააღმდეგ თამაშს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მატჩისგან ნამდვილად ვისიამოვნე. მადლობა ჩემს მწვრთნელს, იან დე ვიტს, რომელსაც ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. მინდა ვთქვა, რომ პირველივე დღიდან, ფინალის ჩათვლით, ეს მართლაც კარგად ორგანიზებული ტურნირი იყო, რის გამოც ორგანიზატორები და სპონსორები მადლობას იმსახურებენ.’’

 

 

ნიკასთვის პირველი ტიტული ჰამბურგში ისტორიულია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის ღია პირველობა, სხვა 500-იანი კატეგორიის ტურნირებისგან განსხვავებით, ნაკლებად პრესტიჟულია. ეს გამოიხატება როგორც საპრიზო ფონდში, ასევე იმაში, რომ ბოლო წლებში ჰამბურგის ტურნირზე ტოპ მოთამაშეები აღარ ჩადიან.

ჰამბურგის 500-იანი სერიის ტურნირის საპრიზო ფონდია 1 753 225 ევრო, მაშინ როცა იგივე პეკინის 500-იანი სერიის ტურნირის საპრიზო ფონდი გაცილებით მეტია – 4 658 510 დოლარი. გარდა ფულადი პრიზებისა, ბოლო წლებში პეკინის ღია პირველობა მოიგეს ისეთმა ჩოგბურთელებმა, როგორებიც არიან: რაფაელ ნადალი (1), ენდი მარი (1), ტომაშ ბერდიხი (1), ნოვაკ ჯოკოვიჩი (6).

 

 

2006 წლის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველი ქართველი ჩოგბურთელია, რომელიც დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალში გავიდა. პირველად ეს ირაკლი ლაბაძემ უიმბლდონის ტურნირზე შეძლო, ნიკამ კი 12 წლის შემდეგ ამერიკის ღია პირველობაზე იგივე შედეგი გაიმეორა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე შემთხვევაში ქართველ ჩოგბურთელთა წინსვლა დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალში ესპანელმა რაფაელ ნადალმა შეაჩერა. პირველ შემთხვევაში 2006 წელს უიმბლდონზე რაფამ 3 სეტში 6-3, 7-6, 6-3 დაამარცხა ირაკლი ლაბაძე, ხოლო ბასილაშვილთან ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს, თიხის მეფეს 4 სეტის თამაში დასჭირდა გამარჯვების მოსაპოვებლად. ნიკამ ერთი სეტის მოგება მოახერხა ნადალთან 6-3, 6-3, 6-7, (6) 6-4.

,,კომპლიმენტები ბასილაშვილს! ის დიდებულად თამაშობდა, ბურთს ძალიან, ძალიან ძლიერად აწვდიდა. როგორც ჩანს, თამაშს მაშინაც კი ვერ ვაკონტროლებდი, როდესაც კარგად ვაწვდიდი, ის ძლიერი დარტყმებით მპასუხობდა, ასე რომ, გამიჭირდა და ბედნიერი ვარ, რომ თამაში დავასრულე.’’ – აღნიშნული სიტყვები რაფაელ ნადალს ეკუთვნის.

ნიკა ნადალთან შეხვედრაზე: ,,რა თქმა უნდა, მსოფლიოს პირველ ნომერთან თამაში გარკვეულწილად ემოციებთან იყო დაკავშირებული, განსაკუთრებით “ცენტრალურ კორტზე”, მაგრამ ზოგადად ამ თამაშს ისე შევხედე, როგორც კარგ გამოცდილებას, რაც, ვთვლი, რომ შემდეგ ტურნირებში გამომადგება. წაგებით უკმაყოფილო ვიყავი. ჩემი აზრით, პირველ და მეორე სეტში რამდენიმე მომენტი გავუშვი, ჩემ მიერ დარტყმული ბურთი ხშირად ვარდებოდა ხაზთან. მატჩის შემდეგ გავაანალიზე, რომ რამდენიმე მომენტში შემეძლო ბევრად უკეთ მეთამაშა.’’

 

 

ნიკოლოზ ბასილაშვილის საპრიზო ფონდმა 2018 წლის სეზონში 2 მილიონ დოლარს გადააჭარბა – $2 023 705. ეს იმაზე მეტია, ვიდრე წინა 9.5 სეზონში ერთად. ჯამში ნიკამ ჩოგბურთის თამაშით  – $3 479 870 გამოიმუშავა.

საჩოგბურთო სეზონის ბოლოს ATP-მ ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელის, გერმანელი იან დე ვიტის როლი დააფასა და წლის საუკეთესო მწვრთნელის კანდიდატურაზე წარადგინა. მასთან ერთად ტიტულის პრეტენდენტების სია ასე გამოიყურებოდა: კარლოს მოია (ნადალი), სებასტიან პრიეტო (დელ პოტრო), სიმონე ვაგნოცი (ჩეკინატო) და მარიან ვაიდა (ჯოკოვიჩი).

მარტივად სავარაუდო იყო ის, რომ 2018 წლის საუკეთესო მწვრთნელი მარიან ვაიდა (ჯოკოვიჩი) გახდებოდა და ეს ასეც მოხდა, თუმცა ის, რომ საუკეთესო 5 მწვრთნელს შორის მოხვდა იან დე ვიტი, ეს უდიდესი აღიარებაა.

 

 

ბასილაშვილმა მისი მწვრთნელობის დროს საგრძნობლად გააუმჯობესა პირველი ჩაწოდება, მისი “ბექჰენდის” შესახებ საჩოგბურთო სამყარო გაუჩერებლად საუბრობს, ხოლო ხასიათის სიმტკიცე, რომელიც ნიკოლოზის თამაშში იგრძნობა, ძალიან შთამბეჭდავია. ეს პირველ რიგში ნიკას დიდი შრომის და მისი მწვრთნელის, იან დე ვიტის დამსახურებაა. მათი თანამშრომლობა რომ წარმატებულია, უკვე ნათლად გამოჩნდა.

ნიკა კარიერულ მიზანზე: ,,პირველ რიგში, ჩემი მიზანი არის ის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენო საკუთარი პოტენციალი. არ მინდა, კარიერის შემდეგ იმის შეგრძნება მქონდეს, რომ რაღაც დავაკელი და ბოლომდე არ დავიხარჯე”, – განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონი შეაჯამა: ,,ძალიან ბედნიერი ვარ ჩემ მიერ ნაჩვენები შედეგით სეზონის მეორე ნახევარში. წელი მსოფლიო რეიტინგში 21-ე პოზიციაზე დავასრულე, რაც ჩემი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს სამწვრთნელო შტაბს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში მხარს მიჭერდნენ. მომავალ სეზონში უფრო ძლიერი დავბრუნდები. დიდი მადლობა.’’  


რეკომენდებული სტატიები
ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართული ჩოგბურთის ისტორიის წერას განაგრძობს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართული ჩოგბურთის ისტორიის წერას განაგრძობს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართული ჩოგბურთის ისტორიის წერას განაგრძობს
ირაკლი ლაბაძის შემდეგ, ნიკა გახდა პირველი ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც დიდი სლემის ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა
ATP-ს ტურნირები

ATP-ს ტურნირები

ATP-ს ტურნირები
ჩოგბურთის პროფესიონალთა ასოციაციის (Association of Tennis Professionals) ეგიდით ტარდება შემდეგი ტურნირები : 250-იანი სერიის, 500-იანი სერიის, მასტერსის ტიპის (1000), დიდი სლემის (2000) და წლის შემაჯამებელი ტურნირი, რომელიც ამჟამად ლონდონში იმართება (1500).
უცხოური პრესა ბასილაშვილზე - თამაშის დაწყებიდან დასრულებამდე

უცხოური პრესა ბასილაშვილზე - თამაშის დაწყებიდან დასრულებამდე

უცხოური პრესა ბასილაშვილზე - თამაშის დაწყებიდან დასრულებამდე
მოკლედ, თუ რას წერდა უცხოური სპორტული ონლაინ მედია საქართველოსთვის ისტორიული საჩოგბურთო თამაშის მსვლელობის დროს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.