5 გზა მალევიჩის “შავი კვადრატის” გასაცნობად
ავტორი: ნინი დარჩია
“არაფრისგან” შექმნილი ნახატი
1915 წელს ფუტურისტული მხატვრობის უკანაკნელ გამოფენა “0.10”-ზე პირველად გამოიფინა ნამუშევარი, სადაც ავტორმა თქვა: “დღემდე არ არსებობდა ნამუშევარი, რომელსაც არავითარი საერთო არ ჰქონდა რეალურ სამყაროსთან. მხატვრობა აქამდე მხოლოდ ესთეტიკურად სასიამოვნო ამბავს გვიყვებოდა, თუმცა არასდროს იყო არც საწყისი და არც დასასრული”.
მისი განზრახვა ნათელია. მალევიჩს სურდა უარი ეთქვა რეალობაზე და შეექმნა ახალი ფორმების და მოხაზულობების სამყარო. 1927 წელს გამოცემულ წიგნში – “სამყარო ობიექტების გარეშე”, ის წერს: “1913 წლიდან გამალებით ვცდილობ ხელოვნების სამყარო რეალობის მკვდარი წონისგან გავათავისუფლო და თავშესაფარი კვადრატის ფორმაში ვიპოვე”.
სასცენო ფარდა
მალევიჩმა შავი კვადრატის ოთხი ვერსია დახატა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ვერსია 1913 წლით თარიღდება, ხელოვნების სამყარო ვარაუდობს, რომ ის 1915 წელს შეიქმნა (ხელოვანი ალბათ თავის სამომავლო რეპუტაციაზე ფიქრობდა და სურდა ისტორიაში აბსტრაქციის მამა ყოფილიყო, შეიძლება ამიტომაც დაათარიღა ნამუშევარი უფრო ადრინდელი წლით). მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, პირველად შავი კვადრატი 1913 წელს გამოჩნდა, როგორც სცენის ფარდის დიზაინი ოპერისთვის – “მზეზე გამარჯვება”.
რევოლუციური სიმბოლო
მალევიჩი მხატვრობაში თავის ახალ მიმართულებას სუპრემატიზმს უწოდებდა. სუპრემატიზმი ნახატში ფერის და ფორმის უპირატესობას გულისხმობს. უბრალო გეომეტრიული ფორმებით და შეზღუდული ფერთა გამით, მან შეძლო მნახველს ყურადღება ნამუშევარზე სცენის, პეიზაჟის ან პორტრეტის გარეშე მიექცია.
“შავი კვადრატი” არა მხოლოდ ახალი მოძრაობის პირველი ნამუშევარია, არამედ ყველაზე განსხვავებული ხელოვნების ობიექტიც, რაც იქამდე შექმნილა. მალევიჩმა ის ახალი ერის საწყისის ნიშნად აქცია, რომელიც იწყებოდა ნულიდან. ამიტომაც უწოდა 1915 წლის გამოფენას, სადაც პირველად გამოიფინა “შავი კვადრატი” – “0.10”.
როდესაც “შავი კვადრატი” პირველად გამოიფინა, სამყარო ქაოსს მოეცვა, პირველი მსოფლიო ომის პერიოდი იყო, რომელსაც შემდგომში რუსეთის რევოლუციები მოჰყვა. და მიუხედავად იმისა, რომ კუბისტები და ფუტურისტებიც იფინებოდნენ რუსული ხელოვნების სამყაროში, “შავი კვადრატი” მაინც ყველასგან განსხვავებული იყო.
Icon
“შავი კვადრატი” პირველად 1915 წლის დეკემბერში პეტერბურგში, “ფუტურისტი ხელოვანების ბოლო გამოფენა 0.10”-ზე გამოიფინა. მისი ადგილმდებარეობა ძალიან სიმბოლური აღმოჩნდა, ის ორ კედელს შორის, ზედა კუთხეზე იყო დამაგრებული, რაც არა რუსი დამთვალიერებლისთვის გაუგებარი იქნებოდა. რუსულ, ტრადიციულ, მართლმადიდებლურ ოჯახებში – სახლებში, სწორედ აღნიშნულ ადგილას ეკიდათ მთავარი, ოჯახის მფარველი ხატები. ამ გზით მალევიჩს სურდა ეჩვენებინა “შავი კვადრატის” განსაკუთრებულობა და სულიერი მნიშვნელობა.
“შავი კვადრატი” გახდა მალევიჩის მოტივი, ემბლემა და სავაჭრო ნიშანიც კი. უფრო გვიან პერიოდში, როდესაც ხელოვანი ფიგურულ მხატვრობას დაუბრუნდა, ნამუშევრებში პატარა შავ კვადრატს იყენებდა, როგორც ავტოგრაფს. მის დაკრძალვაზე კატაფალკას საქარე მინაზე შავი კვადრატის ფოტო ედო, მგლოვიარეებს კი პატარა დროშები ეჭირათ, რომლებსაც შავი კვადრატი ეხატა. მალევიჩის საფლავზეც შავი კვადრატია დახატული.
“შავი კვადრატი” არა მხოლოდ მალევიჩის შემოქმედების, არამედ მთელი მე-20 საუკუნის ხელოვნების სიმბოლოდ იქცა.
ინტერპრეტაციებისთვის თავისუფალი
1935 წელს, მალევიჩის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მისი ნამუშევარი გაქრა სახალხო სივრცეებიდან. საბჭოთა რუსეთის ოფიციალურ ხელოვნების მიმართულებად სტალინმა სოცრეალიზმი გამოაცხადა.
“შავი კვადრატი” 1980 წლამდე აღარ გამოფენილა. იმ პერიოდში ნამუშევარი იქცა მითიურ სიმბოლოდ, რომელიც ბევრს ნანახიც კი არ ჰქონდა, თუმცა მაშინაც და დღესაც ხელოვანების და დიზაინერების შთაგონების წყარო და ახალი გამოწვევების მთავარი ობიექტია.
როდესაც ის პირველად გამოიფინა, ხალხმა უცნაურად ჩათვალა და დღემდე ასეთ ობიექტად აღიქმება. არ არსებობს სწორი და არასწორი გზები მის დასაკვირვებლად. ის შეიძლება იყოს ფანჯარა, რომელიც გვახედებს ღამეში, ან უბრალო შავი ფორმა თეთრ ტილოზე (რაც მალევიჩს ჰქონდა განზრახული). მალევიჩმა სამუდამოდ შეცვალა მიდგომა, რომ ნამუშევარი რეალობას უნდა ასახავდეს და გვაჩვენებს, როგორ უნდა შექმნა რაიმე უბრალო, თუნდაც ერთი შეხედვით სულელური, რომელიც მთელ ხელოვნების სამყაროს ცვლის. ეს არის მთავარი, რასაც “შავი კვადრატი” ახერხებს, გვაფიქრებს რაღაც განსაკუთრებულზე, ან რადიკალურზე, რომელი მეთოდითაც არ უნდა დააკვირდე მას.