ავეჯის, ინტერიერისა და სხვა კონცეპტუალური დიზაინის პროექტები
გააზიარე სტატია
ლონდონიდან დაწყებული, ამსტერდამისა და საფრანგეთის გავლით, ჩინეთამდე წარმოგიდგენთ დეკემბერ-იანვრის რამდენიმე შთამბეჭდავ კონცეპტუალური დიზაინის პროექტს, რომლებმაც მოყვარულებისა და სპეციალისტების ყურადღება მიიპყრეს.
- „შუქით შთანთქმულნი“ – ასე ჰქვია მოქანდაკე გალი მეი ლუკასისა და სტუდია Design Bridge-ის პროექტს, რომელიც ამსტერდამში, Amsterdam Light Festival-ის ფარგლებში, ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაში დაიდგა. ავტორების თქმით, ამ ინსტალაციით მათ სმარტფონებზე გადამეტებული მიჯაჭვულობისა და დამოკიდებულების პრობლემას გაუსვეს ხაზი.
- ფრანგმა დიზაინერმა ჟოფრე პასკალმა წარმოადგინა ახალი თაობის საოფისე ავეჯი, რომლის მიზანიცაა სამუშაო ადგილი უფრო მიმზიდველი გახადოს. დიზაინერის თქმით, სამუშაო მაგიდასთან სტრესსა და წნეხს გრძნობდა, ჰქონდა შეგრძნება, რომ შრომას აიძულებდნენ, რაც უარყოფითად აისახებოდა მის პროდუქტიულობაზე. ახალი თაობის ავეჯის შექმნის იდეა კი საწოლში მუშაობისას გაუჩნდა, სადაც გაცილებით კომფორტულად იგრძნო თავი. პასკალმა სერიას “Grefeiophobia” დაარქვა, კომპლექტის სამივე შემადგენელი ნაწილი სამუშაო მაგიდისა და საწოლის ჰიბრიდს წარმოადგენს.
- თანამედროვე დიზაინერები მასალად ხშირად იყენებენ სხვადასხვა ნარჩენებს, მაგალითად, ნეილონის ე.წ. ფქვილს, რომელიც 3D პრინტერის მუშაობის შემდეგ, საწარმოო ნაგვის სახით რჩება. ლონდონური სტუდია IIio-ს დიზაინერებმა სწორედ ამ მასალისგან შექმნეს სანათები და ავეჯის სხვადასხვა აქსესუარები.
- ჩინური სტუდია DOMANI-ის დიზაინერების თქმით, ზოგჯერ ერთი, დიდი რეზოლუციის ფოტოც საკმარისია შთამბეჭდავი ინტერიერის შესაქმნელად. მათ შანხაიში, Urban Revivo-ს შოუ-რუმის მინიმალისტურ არქიტექტურას მთვარის ზედაპირის გამოსახულება მოარგეს. ფოტოზე გამოსახული მთვარის დიამეტრი 7 მეტრია. დიზაინერების მტკიცებით, ეს თანამგზავრის ყველაზე დიდი გამოსახულებაა ჩინეთის მასშტაბით.
- ფრანგულმა კომპანია Bernardaut-მა, მიროს ფონდთან თანამშრომლობით, გამოსცა 100 სხვადასხვა ნივთისგან შემდგარი ჭურჭლის კომპლექტი. დიზაინერებმა ფაიფურის თეფშებზე მიროს ის ილუსტრაციები გამოიყენეს, რომელიც კატალონიელმა მხატვარმა პოეტ ტრისტან ცარას კრებულის – Parler Seul-სთვის შექმნა.