მრავალჯერადი ნაჭრის ჩანთა გარემოსთვის პოლიეთილენის პარკზე მეტად საზიანოა – VICE
ალბათ გსმენიათ გამოთქმა: “ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა საუკეთესო განზრახვებითაა მოპირკეთებული”, ეს კი ძალიან კარგად ესადაგება იმას, რასაც ჩვენ “მეტი ეკოლოგიისთვის” ვაკეთებთ. ბევრი ჩვენი, ერთი შეხედვით, გამართლებული არჩევანი სინამდვილეში არცთუ ისე ეკომეგობრულია, როგორც ეს თავდაპირველად ჩანს.
ასე იმიტომ ხდება, რომ “გარემოსთვის არასაზიანო” პროდუქციის მარკეტინგში დიდი ფული კეთდება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის მართლაც უვნებელი. საერთაშორისო სააღრიცხვო სტანდატების ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჰანს ჰუგერვოსტი, რომლის კომპანიაც თვალყურს ადევნებს სავაჭრო ბირჟაზე გამოტანილი პროდუქციის ეკომდგრადობის მაჩვენებლებს, ამბობს, რომ “გრინვოშინგი” გავრცელებული პრაქტიკაა და რომ კორპორაციებს, სინამდვილეში, პლანეტის კეთილდღეობაზე მეტად ფულადი მოგება ანაღვლებთ.
ამდენი დეზინფორმაციის ფონზე საკმაოდ რთულია გაარკვიო, სინამდვილეში რომელი სერვისები ან პროდუქციაა მართლაც ეკოლოგიურად სასარგებლო პლანეტისთვის.
“გრინვოშინგის” ლაბირინთებში გასარკვევად VICE ჩრდილოეთ ამერიკის ექსპერტებს გაესაუბრა და გაარკვია, რისი კეთება უნდა შეწყვიტოთ გარემოს დაცვის თვალსაზრისით. ასეთ პროდუქტებში ერთ-ერთი პირველი ადგილი ნაჭრის მრავალჯერადმა საშოპინგე ჩანთებმა დაიკავა.
ერთჯერადი გამოყენების პოლიეთილენის პარკებზე დღეს ნამდვილი ომია გამოცხადებული და ისინი ეშმაკისეულად ითვლება, რის გამოც მათი ხმარება ბევრგან საერთოდ აიკრძალა. თუმცა, მათ ნაცვლად სასწრაფოდ ნაჭრის საშოპინგე ჩანთების შეძენა შეიძლება შეცდომა იყოს.
მრავალჯერადმა ნაჭრის ჩანთებმა პოლიეთილენის პარკები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაანაცვლოს, თუ მათ 11.5 წლის განმავლობაში შეუჩერებლად გამოიყენებთ. დანიური კვლევის მიხედვით, ამაზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას ნაჭრის ჩანთა ვერ გაანეიტრალებს იმ ფაქტს, რომ ასეთი ჩანთების წარმოება 606-ჯერ მეტად აბინძურებს წყალს, ვიდრე პოლიეთილენის პარკის წარმოება.
ვაშინგტონის პოლიტიკის ცენტრის ბუნებისდაცვითი ხელმძღვანელი ტოდ მაიერსი ყველას მოუწოდებს, “არ გაუკეთონ იგნორირება ნაჭრის ჩანთების ნაკლებად ხილულ, მაგრამ ბევრად საზიანო გავლენას”. დიდი ბრიტანეთის სამთავრობო კვლევის მიხედვით, ნაჭრის ჩანთები მსგავსი პროდუქციის ჩამონათვალში ყველაზე დიდი დამაბინძურებელია, რადგან მათ წარმოებასა და დისტრიბუციას მეტი რესურსი სჭირდება.
მართალია, ჩვენ ყველას გვინახავს ერთ დროს სუფთა, დღეს კი პოლიეთილენითა და პლასტმასით დაბინძურებული პლაჟებისა და წყალქვეშა სამყაროების ფოტოები და ვიდეოები – თუმცა ჰაერისა და წყლის დაბინძურების კუთხით ნაჭრის ჩანთები უარესია იმ შემთხვევაში, თუ მათ გამოყენებას 10 წელიწადზე ნაკლები ხნით აპირებთ. რეალობაში, ასეთი ჩანთები ხშირად ბევრად ნაკლები დროით გამოიყენება და მათი არსებობის ციკლი მალევე სრულდება ნაგავსაყრელზე.
უკეთესი ვარიანტია ყავისფერი ქაღალდის პარკების გამოყენება (და მათი შემდგომი გადამუშავება) შედარებით მჩატე ნივთებისთვის. ან იგივე პოლიეთილენის პარკების მრავალჯერადად გამოყენება და იმ მოსაზრების უარყოფა, რომ ისინი მხოლოდ მოკლევადიანი სარგებლობისთვისაა შექმნილი.
წყარო: https://www.vice.com