fbpx

ცნობილი ნახატები, რომლებიც ცნობილ ფილმებში გამოიყენეს


გააზიარე სტატია



ქვემოთ ჩამოთვლილი ნახატებიდან და  ფილმებიდან ზოგს ნახატი გეცნობათ, ზოგს – ფილმი. უმეტესობას შეიძლება – ორივე. თუმცა, ალბათ არცთუ ისე ბევრს  დაგიფიქსირებიათ ერთი მეორეში

გთავაზობთ სცენებს ცნობილი ფილმებიდან, რომლებიც რეალურად ასევე ცნობილი ნახატების ეკრანიზაციაა.

 

ფრიდა კალო – „გატეხილი სვეტი“, 1944

„მეხუთე ელემენტი“, 1997

ლუკ ბესონის საკულტო ფილმის, „მეხუთე ელემენტის“ დიზაინერი ჟან პოლ გოტიე იყო. სწორედ მან შექმნა პერსონაჟების, მათ შორის მთავარი გმირის, ლილუს ცნობილი თეთრი კოსტიუმი. გოტიე არასდროს მალავდა განსაკუთრებულ სიყვარულს ფრიდა კალოს მიმართ. 1988 წელს მან ფრიდას შთაგონებით მთელი კოლექციაც კი შექმნა. ასე რომ კავშირი მექსიკელი მხატვრის ავტოპორტრეტსა და ფრანგი დიზაინერის მიერ შექმნილ კოსტიუმს შორის გასაკვირი არავისთვის ყოფილა. 

 

რენე მაგრიტი – „ჟორჟეტ მაგრიტი“, 1934

„მალენა“,  2000

სიურეალისტი მხატვრის შემოქმედება არაერთხელ გამხდარა ფილმის რეჟისორების შთაგონების წყარო. მათ შორისაა ჯუზეპე ტორნატორე – ფილმ „მალენას“ რეჟისორი, სადაც მთავარ როლს მონიკა ბელუჩი ასრულებს. მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სცენაში რეჟისორი პირდაპირ აცოცხლებს რენე მაგრიტის ცოლის, ჟორჟეტის პორტრეტს – წითური კულულებიანი ქალი სიგარეტით ხელში. 

 

რენე მაგრიტი – „არქიტექტურა მთვარის შუქზე“, 1956

„ტრუმანის  შოუ“, 1998

ყველას გვახსოვს  „ტრუმანის შოუს“ დასკვნითი სცენა, სადაც მთავარი გმირი არარეალური სამყაროდან რეალურში  წარმოსახვით ცაზე ამავალი კიბით ადის. როგორც ჩანს, ეს სცენა ფილმის რეჟისორ პიტერ უირს ასევე რენე მაგრიტის ნამუშევარმა – „არქიტექტურა მთვარის შუქზე“ შთააგონა.

 

გუსტავ კლიმტი – „კოცნა“, 1908

„შეშლილთა კუნძული“, 2010

კლიმტის ეს ყველაზე ცნობილი ნახატი მისი შემოქმედების „ოქროს ფაზიდან“ მარტინ სკორსეზეს ფილმში „შეშლილთა კუნძული“ გაცოცხლდა, სადაც მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და მიშელ უილიამსი ასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ სცენაში ოქრო მაინცდამაინც არ ფიგურირებს, კომპოზიციის, ფერთა პალიტრისა  და განათების მეშვეობით კლიმტის ნამუშევრის ამოცნობა არ გაგიჭირდებათ. ავსტრიელი მხატვრის შემოქმედების ამავე ფაზამ მთავარი როლი ითამაშა ასევე 2015 წლის ფილმში „ქალი ოქროში“.

 

ოტო დიქსი – „სილვია ვონ ჰარდენის პორტრეტი“, 1926

„კაბარე“, 1972

ეს გერმანელი მწერლისა და ჟურნალისტის, სილვია ვონ ჰარდენის პორტრეტია, რომელიც ოტო დიქსმა შექმნა.  მოგვიანებით ჰარდენი მისი შექმნის ისტორიასა და მხატვართან დიალოგს იხსენებს: 

– მე უნდა დაგხატოთ, უბრალოდ უნდა დაგხატოთ. თქვენ ეპოქას წარმოადგენთ!

– თქვენ გსურთ, რომ დახატოთ ჩემი  უღიმღამო თვალები, გრძელი ცხვირი, თხელი ტუჩები,  გსურთ, დახატოთ ჩემი გრძელი ხელები, მოკლე ფეხები, დიდი ტერფები – ყველაფერი, რამაც შეიძლება შეაშინოს ადამიანები და არავინ ასიამოვნოს?

დიქსმა ის დახატა როგორც წარმომადგენელი იმ ეპოქისა, რომელშიც ქალის სილამაზეზე მნიშვნელოვანი მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო. ამიტომ დახატა ყველა იმ ფიზიკური თვისებების გამძაფრებით, რომლითაც მწერალმა საკუთარი თავი აღწერა. 

ბობ ფოსის ყველასთვის ცნობილ ფილმში „კაბარე“  გამხსნელ და დასკვნით სცენებში წამიერად თვალში გვხვდება მაგიდასთან მჯდომი ქალის სტატიკური კადრი. ეს სწორედ სილვია ვონ ჰარდენის პორტრეტის იმიტირებაა. 

 

ჯონ ევერეტ მილე – „ოფელია“, 1851-1852

„მელანქოლია“, 2011

ჯონ ევერეტ მილეს საკულტო ნახატი  შთაგონებულია შექსპირის პერსონაჟით – ოფელია, პიესიდან „ჰამლეტი“. ოფელია ტრაგიკული გმირია,  რომელიც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. ეს მომენტია გამოსახული ნახატზეც. ლარს ვონ ტრიერი კი თავისი ცნობილ ფილმში „მელანქოლია“  ამ სცენით სწორედ მილეს ნამუშევრის ვიზუალიზაციას ახდენს. 

 

ვინსენტ ვან გოგი – „პატიმრების გასეირნება“, 1890

„მექანიკური ფორთოხალი“, 1971

ნამუშევარი მხატვარმა სენ-რემიში ყოფნისას შექმნა, როდესაც ის ფსიქიკურად დაავადებულთა თავშესაფარში ცხოვრობდა.  სტენლი კუბრიკმა კი ნახატი „მექანიკური ფორთოხლის“ ცნობილ ეკრანიზაციაში გააცოცხლა, როცა მთავარი გმირი სხვა პატიმრებთან ერთად ციხის ეზოში სეირნობს.

ედვარდ ჰოპერი – „ღამის ბუები“, 1942

„ხურდები ციდან“, 1981

„ღამის ბუები“ არა მხოლოდ ჰოპერის, არამედ  მთელი ამერიკული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. არაერთმა ადამიანმა სცადა, ეპოვა ზუსტად ეს ადგილი მანჰეტენთან ახლოს, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე აღარ არსებობს. თუმცა ნახატის ძალიან ცხად ეკრანიზაციას აღმოაჩენთ ჰერბერტ როსის ფილმში „ხურდები ციდან“.  სხვათა შორის, როსი არ არის ერთადერთი რეჟისორი, რომელმაც ეს გააკეთა. ნამუშევარი გაცოცხლებულია ასევე ვიმ ვენდერსის ფილმში „ძალადობის დასასრული“.

 

მორის ეშერი – „ასვლა და ჩამოსვლა“, 1960

„დასაწყისი“, 2010

 

ოპტიკური ილუზია, ე.წ. პენროუზის კიბე, რომელიც არ სრულდება, არაერთი ხელოვანის ნამუშევარში გვხვდება. თუმცა მათგან ყველაზე ცნობილი მორის ეშერის გრაფიკული ნახატია, რომელშიც უსასრულო კიბის ერთსა და იმავე საფეხურებზე ბერები დადიან. კრისტოფერ ნოლანმა კი ეს ოპტიკური ილუზია გრაფიკიდან დიდ ეკრანზე გადაიტანა ცნობილ სამეცნიერო ფანტასტიკაში „დასაწყისი“. 

 

ლეონარდო და ვინჩი – „საიდუმლო სერობა“, 1498

„ვირიდიანა“, 1961

ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობა“ ერთ-ერთი ყველაზე მეტად აღიარებული, ყველაზე მეტად შესწავლილი და ასევე ერთ-ერთი ყველაზე ბევრჯერ რეპროდუცირებული ნახატია მთელ მსოფლიოში. ნამუშევრის გაცოცხლება კი ასევე არაერთ რეჟისორს უცდია. მათ შორის ყველაზე გახმაურებული იყო ლუის ბუნუელი ფილმით „ვირიდიანა“. უპოვრები  ღრეობისას მაგიდასთან შეშდებიან პოზაში, რომელიც ზუსტად იმეორებს და ვინჩის „საიდუმლო სერობას“. ამის გამო ფილმი კათოლიკურმა ეკლესიამ დაგმო და ესპანეთში მისი ჩვენება აიკრძალა. თუმცა იმავე წელს ის მაინც გახდა კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი.

 


რეკომენდებული სტატიები
ფილმები, რომლებიც ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრების შთაგონებით შეიქმნა
Play Video

ფილმები, რომლებიც ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრების შთაგონებით შეიქმნა

ფილმები, რომლებიც ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრების შთაგონებით შეიქმნა
ფოტოგრაფიის გავლენა კინემატოგრაფზე, რეჟისორების ხედვასა და ხელწერაზე აშკარაა. მაგალითად, სტენლი კუბრიკმა კარიერა პრესის ფოტოგრაფობიდან დაიწყო, მისი შთაგონების  წყარო კი ამერიკელი ფოტოჟურნალისტის, არტურ ფელინგის, იგივე WeeGee-ის ნამუშევრები იყო.
ცნობილი მხატვრების სამუშაო ინტერიერები

ცნობილი მხატვრების სამუშაო ინტერიერები

ცნობილი მხატვრების სამუშაო ინტერიერები
კრეატიულმა სააგენტო NeoMam-მა ცნობილი მხატვრების საცხოვრებელი ოთახებისა და სტუდიების კომპიუტერული მოდელები შექმნა. ნახეთ როგორ სივრცეებში მუშაობდნენ მსოფლიოს განთქმული ხელოვანები.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.