fbpx

ახალი გალერეა თბილისის მიწისქვეშეთში


გააზიარე სტატია

ვარდების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელების ლაბირინთებში, ერთ პატარა მაღაზიის სივრცეში, ცოტა ხნის წინ გალერეა გაიხსნა, რომელიც ხელოვანებს სთავაზობს საგამოფენო სივრცეს ახალი ფორმების შესაქმნელად, ახალი იდეების განსახორციელებლად და გალერეის სივრცის დასაპყრობად.

„პატარა გალერეადან“ ჯერ კიდევ შორი ვარსკვლავები ახლოდან ჩანს, ის არის ადგილი, სადაც თამაში და ახალი ფერების აღმოჩენაა შესაძლებელი – გვაუწყებს გალერეის Facebook-ის გვერდი.

 

გალერეის დამფუძნებელს, გვანცა ჯიშკარიანს ვესაუბრეთ მიწისქვეშა ახალი გალერეის და მისი კონცეფციის შესახებ.

რისთვის შეიქმნა პატარა გალერეა?

პატარა გალერეა შეიქმნა იმ მიზნით, რომ ქართულ სახელოვნებო სივრცეში არსებობდეს სრული შემოქმედებითი თავისუფლების პრეცედენტი: ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეცდომებს მხატვრის განვითარებისთვის შეიძლება იმაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე წარმატებებს. გვინდა მივცეთ ახალგაზრდა არტისტებს შანსი და მატერიალური საშუალება, რომ აკეთონ ის, რაც უნდათ, გამოსცადონ ახალი მეთოდები, გარისკონ, გაიმარჯვონ ან ჩაფლავდნენ ნამუშევრის კეთებისას.

რა არის თქვენი მთავარი ნიშა?

ექსპერიმენტების საშუალება, რომელსაც ვაძლევთ მხატვრებს და გახსნილობა, რომლითაც ვიღებთ თუნდაც ყველაზე პროვოკაციულ იდეებსაც კი.

აქტიურობა – მთელი წელი გვაქვს დაგეგმილი – ყოველთვე ახალი გამოფენა.

ახალგაზრდა არტისტებთან ერთად, გალერეაში გამოვფენთ უცხოელი არტისტების ნამუშევრებსაც, რომლებიც აქაური სცენისთვის შედარებით უცხოა და სხვადასხვა ფორმებში ვითარდება.

რა ნიშნით არჩევთ არტისტებს თანამშრომლობისთვის?

წესი გვაქვს მხოლოდ ერთი: “ცოტათი მეტი, ცოტათი შორს”.

მთელი 2018 წელი დაგეგმილია – 12 გამოფენით და რამდენიმე ფესტივალით, რომელშიც ვმონაწილეობთ. მათ შორისაა თბილისის ტრიენალე, პერფორმანსის ფესტივალი და თბილისი არტ ფეარი. ამასთან, ყველა გამოფენა, გარდა სულ პირველი, ანუკ ბელუგას გამოფენისა, არჩეულია open call-ის მეშვეობით, რომელიც გალერეის გახსნისთანავე გამოვაცხადეთ იმ მიზნით, რომ დაგვეშვა მაგალითი, გალერეაში ყველას – იქნება ეს ცნობილი თუ უცნობი არტისტი, შეეძლოს გამოფინოს ნამუშევარი. შერჩეული პროექტები მთელი წლის განმავლობაში გამოიფინება.

ძალიან გვინდა სოციალური, პოლიტიკური, თუნდაც პროვოკაციული ან ვიზუალურად ძალიან ძლიერი ნამუშევრების იდეებიც ვიხილოთ, რადგან ადგილი, სადაც პატარა გალერეა მდებარეობს, ამ თემებისთვის იდეალურია. გვსურს არტისტებმა ბოლომდე გამოიყენონ ის თავისუფლება, რომელსაც ვთავაზობთ.

გახსნიდან ამ დრომდე პატარა გალერეამ თავისი სივრცე დაუთმო შემდეგ არტისტებს და გამოფენებს:

სარა ბულტონი, ულიონა ოდიშარია – ტალღები; კურატორი – ელენე აბაშიძე
კატარინა შტადლერი / Katharina Stadler – ვარდისფრად გადაბრუნებული უტოპია / Rose Inverted Utopia
ანა ჯიქია – ,Pole of Love’ (in the mists of life i found you dead and wild)
Anuk Beluga – Celebration / დღესასწაული


რეკომენდებული სტატიები
LadyBoy

LadyBoy

LadyBoy
ფოტოგრაფი დინა ოგანოვა თბილისის LGBT თემისა და „უჩინარი“ ადამიანების შესახებ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.