fbpx

Imagine


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ტორესა მოსი

 

2008 წლის 8 აგვისტო დეტალურად მახსოვს!

გრძელი დღე იყო. მამაჩემის საფლავისთვის ქვა უნდა გამეკეთებინა, ამიტომ ზღვაზე ვერ წავედი. აგვისტოს შვებულების თელავში გატარება გადავწყვიტე. მერე უფრო ვერ ვიზამდი. რამე შესაბამისი უნდა მეპოვა. მე თუ მკითხავთ, ეს მამაჩემს აღარაფერში სჭირდებოდა, მაგრამ ალბათ ჩვენ გვჭირდებოდა. დილით თბილისში წავედი.

ქეთი ბათუმში მიდიოდა და გამოვემშვიდობე. ისანში ტაქსით გავედი, რომ თელავში მიმავალ ტაქსიში გადავმჯდარიყავი. დიდი ხანი იყო, რაც ტელევიზორს აღარ ვუყურებდი. ვარდების რევოლუციის შემდეგ საინფორმაციოებზე უარი ვთქვი. ტაქსისტი ხანში შესული კაცი იყო და რადიოს დაძაბული უსმენდა.

როგორც კი ფასზე და მარშრუტზე შევთანხმდით, ეგრევე მომახალა: „ხედავ რა ხდება? რაღაცა ცუდი მოხდება, აგერ ნახე თუ არა“. გამეცინა და არაფერი მოხდება-მეთქი, ვუპასუხე. რა იციო, – მკითხა. რაღაც სპექტაკლია-მეთქი, თავდაჯერებულმა ვუპასუხე და გაჩუმდა, თუმცა რადიოს მოსმენას განაგრძობდა.

ვცდილობდი არ გამეგო, რასაც ამბობდნენ. ვფიქრობდი, რამდენად მოვასწრებდი მამაჩემის საფლავისთვის შესაბამისი ქვის შოვნას, ვფიქრობდი წარწერაზე და წვრილმან პრობლემებზე, რომლებიც ამ პროცესში იჩენდა თავს. პრინციპულად არ მინდოდა ამ მილიტარისტულ თამაშებს ავყოლოდი. მე, პაციფისტი კაცი, ყოველდღე ჯონ ლენონის Give Peace a Chance-ს რომ ვუსმენდი და Imagine-ს ვღიღინებდი, რატომ უნდა მეფიქრა გორში თავმოყრილ ქართულ ტანკებზე? გავიფიქრე, რომ უაზრობა იყო, მორიგი აბსურდი, მიშას სტილში. რამდენიმე დღე ჩაძაბავს სიტუაციას, ვითომ რამე და მერე აღმოჩნდება, რომ არაფერიც არ მოხდა. გვაშინებს ალბათ.

არ მინდოდა ამაზე ფიქრი, მაგრამ რადიო მაღიზიანებდა. ტაქსისტი აღარ დამლაპარაკებია, თავისთვის ნერვიულობდა. რამდენი რამის ეშინიათ ამ ხანში შესულ კაცებს, იმდენი ომი ნახეს, რომ მარტივად იჯერებენ-მეთქი, გავიფიქრე და ცოტა შემეცოდა.

ისანში თელავის ტაქსიში გადავჯექი. სწრაფად წავედით, მძღოლს ეჩქარებოდა, გაშლილი სუფრა ელოდებოდა  და პერიოდულად ურეკავდნენ. შუა გზაში ვიყავი, რომ ქეთისგან მესიჯი მივიღე: „რაღაცა ხდება, გორთან ჯარისკაცები არიან და ბევრი ტანკია. ახლა გავიარეთ. რა ხდება?“ გავბრაზდი. ტყუილად აპანიკებენ-მეთქი ხალხს, ვიფიქრე და მივწერე, რომ არაფერიც არ ხდებოდა და მიშას მორიგი სპექტაკლი იყო, რომ:  აი, თუ თვითონ არ იქნება, როგორ გადაგვივლიან რუსები. დავაწყნარე ჩემი ჭკუით.

უკვე ბნელოდა, თელავში რომ ჩავედი. დედაჩემმა, ნინოსთან გავალო, ჩემი და ტელევიზორს უყურებდა. ყველა არხზე სამხედრო ტექნიკას აჩვენებდნენ და ერთი და იმავეს ამბობდნენ, რომ ვითარება დაძაბული იყო. გავღიზიანდი. ჩემს დას შევთავაზე, რამე კომედიისთვის გვეყურებინა და DVD ფლეიერში „ყოვლისშემძლე ბრუსის“ დისკი ჩავდე. ჯიმ ქერის ყველა კომედია მიყვარდა.

ფილმის შუაშიც არ ვიქნებოდით, რომ დედაჩემი შეშინებული, გაფითრებული სახით შემოვიდა და თქვა: „ომი დაიწყო!“ არ მინდოდა დამეჯერებინა, მაგრამ ფილმი გამოვრთე და რუსთავი 2-ზე გადავრთე. მერე ავდექი და მამაჩემის ვინჩესტერი გამოვიღე, რომელსაც დიდი ხანი იყო არ მივკარებოდი. მამაჩემი წმენდდა ხოლმე და რაც მოკვდა, მას მერე არავინ შეხებია.

ამჯერად მე ვიჯექი, თოფს ვწმენდდი და თვალს ვუსწორებდი სიმართლეს, რომ პაციფიზმი შეუძლებელია, როცა რუსეთის მეზობლად ცხოვრობ.

 


რეკომენდებული სტატიები
ომის sms-ები
Play Video

ომის sms-ები

ომის sms-ები
პროექტი „ომის ესემესები“ გვაკითხებს ნამდვილ ესემესებს, რომლებიც დაიგზავნა 2008 წლის ომის პერიოდში საქართველოში და საზღვარგარეთ, ომის დაწყებიდან ცეცხლის შეწყვეტამდე. პირველი ესემესი ამ კრებულში 7 აგვისტოთი თარიღდება
ომი და მჭადები

ომი და მჭადები

ომი და მჭადები
პური არც “ვეჯინში” იყო, მაღაზიაა სახლის გვერდით, არც “ლიდერში” და არც უშუალოდ პურის მაღაზიაში. შემდეგ მაკარონის ყიდვა ვცადე და ამჯერადაც ხელი მომეცარა. ცარიელ მაღაზიებში უამრავი ხალხი ირეოდა და ყველაფერი მიქონდათ, თუკი რამე დარჩენილიყო
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.