Led Zeppelin-ის პირველი ალბომის გამოსვლიდან 50 წელი შესრულდა


გააზიარე სტატია



ავტორი: გიორგი კაკაბაძე

1968 წლის დასაწყისი „იარდბერდზისთვის“ (The Yardbirds) კარგს არაფერს მოასწავებდა. ჯგუფი ერთგვარ გზაგასაყარზე იდგა. ვოკალისტ კით რელფს და დასარტყამ ინსტუმენტალისტ  ჯიმ მაკარტის ბენდის ფოლკ მიმართულებით განვითარება სურდათ, მაშინ როდესაც გიტარისტი ჯიმი პეიჯი მუსიკის დამძიმებაზე ფიქრობდა, ბასისტი კრის დრეია კი საერთოდ მუსიკალური კარიერის დასრულებას აპირებდა.

 

 

ზაფხულში ჯგუფი საბოლოოდ დაიშალა და პეიჯმა მენეჯერ პიტერ გრანტთან ერთად ახალი ბენდის  დასაკომპლექტებლად მუსიკოსების ძებნა დაიწყო. დრეას ადგილი, რომელიც ფოტოგრაფიით დაკავდა, ლონდონის მუსიკალურ წრეებში აღიარებულმა სესიურმა მუსიკოსმა და პეიჯის ძველმა ნაცნობმა ჯონ პოლ ჯოუნსმა დაიკავა.

ჯოუნსი ვირტუოზულად ფლობდა ბას გიტარას, ასევე უკრავდა პიანინოზე და ორგანზე.  გიტარისტმა ჯგუფში ვოკალისტის პოზიცია ტერი რიდს შესთავაზა, რომელმაც რეკომენდაცია ჯერ კიდევ უცნობ მიდლენელ ვოკალისტ რობერტ პლანტს გაუწია.

1968 წლის 20 ივლისს ქალაქ უოლსოლში პეიჯი და გრანტი ჯგუფ Obs-Tweedle-ის კონცერტს დაესწრნენ და ცოტა ხანში ამ ბენდის მომღერალს ოფიციალურად შესთავაზეს ვოკალისტის ადგილი. მცირედი ყოყმანის შემდეგ პლანტი დათანხმდა.

პეიჯს სურდა ჯგუფში დინამიკური დრამერი ჰყოლოდა. პლანტის მეგობარი ჯონ ჰენრი ბონემია ამ დროს ტიმ როუზის ბენდში უკრავდა და გასამრჯელოს სახით კვირაში 40 გირვანქა სტერლინგს იღებდა. პლანტის რჩევით, პეიჯი როუზის ბენდის კონცერტს დაესწრო. „ის ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი იყო, რომელიც მინახავს. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ვინმეს შეეძლო ასე დაკვრა“, – იხსენებს პეიჯი.

პლანტმა და გრანტმა ბონემი ტელეგრამებით „დაბომბეს“, თუმცა დრამერს შეთავაზებები ჯო კოკერისგან და ქრის ფარლოუსგანაც ჰქონდა. საბოლოოდ ბონემი დაითანხმეს და ოთხი მუსიკოსი ლონდონის ჯერარდ სთრითზე, ერთ პატარა ოთახში შეიკრიბა.





პირველივე აკორდებიდან ოთხეულს შორის  საოცარი ურთიერთკავშირი დამყარდა. „ჯემის დასრულების შემდეგ ყველამ ვიცოდით, რომ ეს ჩვენი ცხოვრების გარდამტეხი მომენტია. თითოეულ ჩვენგანს მანამდე ამ დონის მუსიკოსებთან ერთად არ დაუკრავს“, – იხსენებს გიტარისტი.

პეიჯს ჯერ კიდევ ჰქონდა „იარდბერდზის“ დროინდელი ვალდებულება სკანდინავიაში ტურნეს ჩასატარებლად. ჯგუფმა The New Yardbirds-ის სახელწოდებით 1968 წლის სექტემბერში დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში 15 კონცერტი ჩაატარა. ლონდონში დაბრუნების შემდეგ გიტარისტმა ჯგუფს სახელი შეუცვალა და 1968 წლის 25 სექტემბერს უკვე Led Zeppelin-ის წევრები ლონდონის სტუდია “ოლიმპიკში” სადებიუტო ალბომის ჩასაწერად მივიდნენ.

 

სტუდიის ხარჯები – 1782 გირვანქა სტერლინგი ჯიმი პეიჯმა საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა. მოგვიანებით გიტარისტი იხსენებდა, რომ ეს თანხა სესიური მუშაობის პერიოდში დააგროვა, რადგან „იარდბერდზში“ ყოფნის დროს (1966-1968 წლები) შემოსავალი ფაქტობრივად არ ჰქონდა. პეიჯის გადაწყვეტილება ალბომის საკუთარი სახსრებით დაფინანსებასთან დაკავშირებით გარკვეულწილად სარისკო იყო, მაგრამ მუსიკოსს  სრულ შემოქმედებით თავისუფლებას აძლევდა. ხმის ჩამწერ კომპანიას არ შეეძლო საკუთარი მოთხოვნები და დირექტივები წამოეყენებინა. გიტარისტი ამ ფაქტს ასე იხსენებს: „მსურდა ჩაწერის პროცესზე სრული კონტროლი მქონოდა, რადგან ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა. პირველი ალბომი დაახლოებით 30 საათში ჩავწერეთ და „ატლანტიკის“ (ხმის ჩამწერი კომპანია) ოფისში უკვე დასრულებული ჩანაწერით მივედი.“ აღსანიშნავია ისიც, რომ მეჯენერმა პიტერ გრანტმა ჯგუფისთვის მომგებიანი კონტრაქტი გააფორმა „ატლანტიკ რექორდზის“ პრეზიდენტთან, აჰმეთ ერტეგუნთან.

Led Zeppelin-ის სადებიუტო ალბომი იმითაც გამოირჩევა, რომ პროდიუსერის ფუნქციას თავად ჯგუფის ლიდერი – ჯიმი პეიჯი ითავსებს. 60-იანი წლების პირველ ნახევარში, სესიური მუსიკოსობის პერიოდში, ჯიმიმ სტუდია კარგად შეისწავლა და ჰქონდა საკუთარი ხედვა – როგორ ჩაეწერა ალბომი. იმ პერიოდში პროდიუსერები მიკროფონებს, როგორც წესი, გამაძლიერებლების და დასარტყამი ინსტრუმენტის პირდაპირ ათავსებდნენ. პეიჯმა ბგერითი მოცულობის გაზრდის მიზნით მიკროფონები უფრო შორს განალაგა და სიღრმისეული ჟღერადობის მისაღებად სტუდიაში დამატებითი მიკროფონი დადგა. აღსანიშნავია, რომ ალბომი თითქმის მთლიანად „ცოცხალი“ შესრულებით ჩაწერეს.

 

სადებიუტო ალბომში, რომელსაც უბრალოდ Led Zeppelin უწოდეს, 9 კომპოზიცია შევიდა. ალბომის სტილისტური მრავალფეროვნება,  ზოგადად Led Zeppelin-ის მუსიკის მახასიათებელი გახდა. აქ წარმოდგენილია ჰარდ როკი, ბლუზი, ფოლკ როკი, ფსიქოდელია, ინდური მუსიკის ელემენტები.

 

ალბომი იხსნება კომპოზიციით Good Times Bad Times, რომელიც სულ 2 წუთი და 43 წამი გრძელდება, მაგრამ დროის ამ მონაკვეთში ჯგუფის ოთხივე წევრი ახერხებს თავი სრულად წარმოაჩინოს. ჯონ ბონემის მძლავრ ბგერას ჯოუნსი დახვეწილ ბასის პარტიებს უსადაგებს, რაც  როკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რითმ სექციის შექმნის საფუძველი გახდა. ჯიმი პეიჯი Fender Telecaster-ით, რომელიც მას მეგობარმა ჯეფ ბეკმა აჩუქა, ორ ვირტუოზულ სოლოს უკრავს (ალბომის კომპოზიციების უმრავლესობა პეიჯმა სწორედ ამ გიტარით ჩაწერა).

 

ფოლკ მუსიკოსის, ენ ბრედონის მიერ 50-იანი წლების ბოლოს დაწერილი სიმღერა Baby I’m Gonna Leave You პეიჯმა თავდაპირველად ჯოან ბაეზის შესრულებით მოისმინა. გიტარისტის მიერ ამ კომპოზიციის არანჟირება სრულად ჯდება პეიჯის კონცეფციის, Light and Shade-ის ფარგლებში. ჯიმი პეიჯი იყენებს აკუსტიკური და ელექტროგიტარის სინთეზს, რობერტ პლანტი კი საოცრად ემოციურ და დრამატულ ვოკალურ პარტიას ასრულებს.

ბლუზმა როგორც პეიჯის, ასევე პლანტის მუსიკალური გემოვნების ფორმიერებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. ალბომში ჩიკაგოს სკოლის კლასიკოსის, ვილი დიქსონის ორი ბლუზი You Shook Me და I Can’t Quit You Baby შევიდა.



Dazed And Confused “ლედ ზეპელინის” საკონცერტო პროგრამის აუცილებელ ატრიბუტად იქცა. თუ სტუდიაში მისი ხანგრძლივობა 6 წუთი და 27 წამია, კონცერტებზე კომპოზიცია ხშირად ნახევარი საათზე მეტ ხანს სრულდებოდა (Dazed And Confused-ის ყველაზე გრძელი ვერსია ჯგუფმა 1975 წლის 27 მარტს კალიფორნიაში ჩატარებულ კონცერტზე შეასრულა, რომლის ხანგრძლივობაც 45 წუთი იყო). ამერიკელი მუსიკოსის, ჯეიკ ჰოლმსის აკუსტიკური კომპოზიციის სტრუქტურა გიტარისტმა სრულად გარდაქმნა, რობერტ პლანტმა კი ტექსტის ნაწილი შეცვალა. შესრულების დროს პეიჯი იყენებს ვიოლინოს ხემს, რაც Dazed And Confused-ს ფსიქოდელიურ ელფერს ანიჭებს.

 

ალბომის მეორე ნაწილი ჯონ პოლ ჯონსის ორგანის სოლოთი გამორჩეული Your Time Is Gonna Come-ით იხსნება, რომელიც ჯიმი პეიჯის აკუსტიკურ ინსტრუმენტალ Black Mountain Side-ში გადადის. ტრადიციული ირლანდიური ფოლკ სიმღერის გავლენით შექმნილ ინსტრუმენტალს ინდოელი მუსიკოსის, ვირამ ჯასანის მიერ ტაბლაზე შესრულებულმა პარტიამ აღმოსავლური მოტივები შემატა.

 

Communication Breakdown-ს ალბომის სიმღერებს შორის ყველაზე მეტად შეესაბამება დეფინიცია ჰარდ როკი. პეიჯმა მთელი კომპოზიცია მუდმივად განმეორებად რიფზე ააგო და კიდევ ერთი დასამახსოვრებელი სოლო დაუკრა.

ბოლო კომპოზიცია How Many More Times ყველაზე ხანგრძლივია (8 წუთი და 30 წამი) და ალბომის სიმღერებს შორის  კარგად წარმოაჩენს იმ პოტენციალს, რომელიც Led Zeppelin-ს, როგორც „საკონცერტო“ ბენდს გააჩნდა. ჯიმი პეიჯმა სიმღერა სხვადასხვა ფრაგმენტებისგან შექმნა, რომლებიც  ჯერ კიდევ “იარდბერდზში” ყოფნის დროს დაწერა. 

ალბომის გაფორმებისთვის გამოიყენეს გერმანულ დირიჟაბლ „ჰინდენბურგის“ შავ-თეთრი ფოტო, რომელიც 1937 წლის მაისში, დირიჟაბლზე ცეცხლის გაჩენის დროსაა გადაღებული. Led Zeppelin-ის სადებიუტო ალბომი შეერთებულ შტატებში 1969 წლის 12 იანვარს გამოვიდა, ბრიტანელ მელომანებს კი ორთვე-ნახევარი მოცდა მოუწიათ. დიდ ბრიტანეთში დისკი 28 მარტს გამოვიდა. ალბომმა ამერიკის ჰიტ პარადში მეათე, ბრიტანეთში კი მეექვსე ადგილი დაიკავა. ბრიტანეთში ალბომის  600 ათასზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, ამერიკაში 8 მილიონზე მეტი, რაც სადებიუტო ნამუშევრის პირობაზე მართლაც განსაცვიფრებელი შედეგია.

„ლედ ზეპელინის“ დებიუტმა უდიდესი გავლენა მოახდინა ბრიტანული და ამერიკული როკმუსიკის განვითარებაზე. „დიფ ფარფლის“ ლიდერმა რიჩი ბლექმორმა ალბომის მოსმენის შემდეგ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მის ჯგუფს გეზი ჰარდ როკისკენ უნდა აეღო. ოზი ოზბორნი, რომელიც პლანტს და ბონემს ჯერ კიდევ ზეპელინამდე იცნობდა (“ბლექ საბათის” წევრები, პლანტი და ბონემი ერთი რეგიონიდან, მიდლენდიდან იყვნენ), თავის ბიოგრაფიულ წიგნში აღნიშნავს, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ჩანაწერი, რაც მას წლების განმავლობაში მოესმინა.   

 

მუსიკალური კრიტიკოსების მხრიდან შეფასებები 1969 წელს არაერთგვაროვანი იყო. ქრის უელჩმა „მელოდი მეიკერში“ გამოქვეყნებულ რეცენზიაში ალბომს უმაღლესი შეფასება მისცა, მაშინ როდესაც „როლინგ სთოუნმა“ პეიჯს კომპეტენტური პროდიუსერის მოძებნა ურჩია და ნაკლებად ნიჭიერ კომპოზიტორად მოიხსენია. აღსანიშნავია, რომ იმავე „როლინგ სთოუნმა“ წლების შემდეგ სრულად გადახედა საკუთარ შეფასებას ამ ალბომსა და ზოგადად Led Zeppelin-ის შემოქმედებაზე. გამოცემის მიერ 21-ე საუკუნეში შედგენილ ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის Led Zeppelin-ის სადებიუტო ჩანაწერი 29-ე ადგილს იკავებს და უსწრებს ჯგუფის ყველა დისკს, მათ შორის საყოველთაოდ აღიარებულ მეოთხე ალბომს.




რეკომენდებული სტატიები
„ცნობილი სახეები“ მორტონ ნამენიის მიხედვით - ფოტოპროექტი
Play Video

„ცნობილი სახეები“ მორტონ ნამენიის მიხედვით - ფოტოპროექტი

„ცნობილი სახეები“ მორტონ ნამენიის მიხედვით - ფოტოპროექტი
სხვადასხვა ეპოქისა და მხატვრული მიმართულების ნახატების პერსონაჟები ბუდაპეშტის არტ ფესტივალზე აღმოჩნდნენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.