ნიკოლოზ ბასილაშვილის სააპრილო გეგმები
ავტორი: ერისტო სირაძე
საქართველოს ნომერ 1 ჩოგბურთელი და მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილზე მყოფი ნიკოლოზ ბასილაშვილი თიხის სეზონს მონტე-კარლოს (მონაკო, 1000) მასტერსით დაიწყებს, სადაც მას ქულები არ აქვს დასაცავი, რადგან წინა წელს მონაკოში არ უთამაშია. ტურნირი 13-21 აპრილს გაიმართება. ნიკა ამ მონაცემებით მონაკოში მე-13 ნომრად არის განთესილი.
მონტე-კარლოს მასტერსის მოქმედი ჩემპიონი – ესპანელი რაფაელ ნადალია, რომელმაც 11 ტიტული მოიპოვა მონაკოში.
შემდეგი ტურნირი, სადაც ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს, ბუდაპეშტის 250-იანი სერიის ტურნირი იქნება.
ტურნირზე ბასილაშვილი ამ მონაცემებით მესამე ნომრად არის განთესილი. უნგრეთში მას 45 ქულა აქვს დასაცავი.
ბუდაპეშტში ასევე ითამაშებენ: ბორნა ჩორიჩი (ხორვატია), მარკო ჩეჩინატო (იტალია), ლასლო დიერე (სერბეთი), ჯონ მილმანი (ავსტრალია), მიხაილ კუკუშკინი (ყაზახეთი) და სხვები.
ჯერ კიდევ მაიამის მასტერსის დაწყებამდე გაირკვა, რომ ნიკა ბუდაპეშტში ითამაშებდა. საქმე ისაა, რომ ამ ტურნირის პარალელურად ბარსელონაში იმართება 500-იანი სერიის ტურნირი და მე-17 ნომერს შეუძლია აირჩიოს იმ ტურნირზე თამაში, სადაც მოისურვებს.
ამ შემთხვევაში მართალია, ბასილაშვილმა დაბალი რანგის ტურნირი აირჩია, თუმცა სრულიად სწორი არჩევანი გააკეთა, რადგან მას უნგრეთის დედაქალაქში მესამე ტიტულის მოგების შანსი ექნება. იგივეს ვერ ვიტყვით ბარსელონას ტურნირზე, სადაც თიხის მეფე – რაფაელ ნადალი ჩადის სათამაშოდ. გარდა რაფა ნადალისა, ბარსელონაში ასევე ითამაშებენ: კეი ნიშიკორი (იაპონია), დომინიკ ტიემი (ავსტრია), სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი), ფაბიო ფონინი (იტალია) და სხვები.
აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბარსელონაში ნიკას ტიტულის მოგების მიზერული შანსი ექნებოდა.
ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, წინა წლის უდიდესი სენსაციის ავტორი (რომელმაც გაროსზე ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა) – იტალიელი მარკო ჩეჩინატოა.
ბუდაპეშტის ტურნირი 20-28 აპრილს გაიმართება.