ფერი, განათება, ჟესტიკულაცია – ჯეი მეიზელის ნიუიორკული ფოტოგრაფია
ნიუიორკელი ჯეი მეიზელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩის ფოტოგრაფია. „ფერი, განათება და ობიექტის ჟესტიკულაცია“ – ეს ის სამი ელემენტია, რაც მის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს და ამ ჟანრში მომუშავე პროფესიონალებისგან გამოარჩევს. სწორედ ფერებთან, ფერთა ტონებთან, შუქთან მუშაობის განსაკუთრებულმა უნარმა მოუტანა საყოველთაო აღიარება.
ჯეი მეიზელი
ჯეი მეიზელი ფოტოგრაფიით 1954 წელს, მას შემდეგ დაინტერესდა, რაც კუპერ იუნიონისა და იელის უნივერსიტეტში მხატვრობასა და გრაფიკული დიზაინის ხელოვნებას ეუფლებოდა. 20 წლის ასაკში მან 35mm Kodak-ის ფოტოკამერა შეიძინა, რომელმაც საბოლოოდ განსაზღვრა მისი მომავალი.
პირველი თოვლი. ნიუ-იორკი.
კაცი, რომელიც გაზეთს კითხულობს. ნიუ-იორკი.
კარიერის განმავლობაში ჯეი მეიზელმა მრავალ სფეროში მოსინჯა თავი: მუშაობდა სხვადასხვა კომერციული კომპანიებისთვის, სარეკლამო სააგენტოებისთვის, თანამშრომლობდა ცნობილ გამოცემებთან (Sports Illustrated, New York Magazine) და ქმნიდა ნამუშევრებს მუსიკალური ალბომების ყდებისთვის. ამერიკელი ჯაზმენის, მაილს დევისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დისკის – Kind of Blue-ის გარეკანზე სწორედ მისი ფოტო დაიბეჭდა.
„ჟესტიკულაცია – ეს არ არის მხოლოდ მოცეკვავის ან სპორტსმენის გრაცია… ის ყველაფერშია, ფურცელში, ხეებში, ტყეში. შესაძლოა, რომ სრულიად უძრავი და სტატიკური იყოს. ის ვიზუალურად მეტყველებს იმ ობიქტის შინაგან სამყაროზე, არსზე, რომელსაც ვუყურებთ. შეუძლია, რომ გადმოსცეს მორჩილება, სევდა, აღფრთოვანება და უამრავი სხვა ემოცია“, – ამგვარად ახასიათებს ჯეი მეიზელი ობიექტების ბუნებას მის ნამუშევრებში.
ფოტოგრაფი ძირითადად ციფრული კამერით მუშაობს. პროცესში მაქსიმალურად ცდილობს, რომ გამოიყენოს ბუნებრივი განათება და გამოსახულების ფერები ფილტრებისა და დამატებითი მანიპულაციების გარეშე მიიღოს. გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ მეიზელი არასოდეს იყენებს კომპიუტერულ პროგრამებს ფოტოების დასამუშავებლად. კითხვაზე, თუ როგორ ახერხებს ამ ყველაფრის გარეშე, ასეთი გამოსახულებების შექმნას, პასუხობს, რომ ის ქუჩაში დიდ დროს ატარებს და საჭირო მომენტს ელოდება.