fbpx

ომი და ლიტერატურა


გააზიარე სტატია


ავტორი: ტატო ჩანგელია

 

ომი ლიტერატურის საკუთრებაა. ეს დიდი ხნის წინ დადგინდა. იწყება და მთავრდება  ომები, შემდეგ კი იქმნება ნაწარმოებები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცოცხლობენ. როგორც ჩანს, ომის სტრუქტურა ლიტერატურისთვის იდეალური ნიადაგია, სადაც ფრთებს თამამად და დაუნდობლად შლის. 

ომის სტრუქტურა კი ყველაზე სენსიტიურ ადამიანურ თემებზე გადის – ჩახლართულია და შიგნით ბევრი რამ იკითხება, განსაკუთრებით კი პიროვნების ეგოიზმი და სწრაფვა პირველობისკენ, ეს კი უპირობოდ ლიტერატურის საკითხია.

ძველ საბერძნეთში ასე იყო: მიმდინარეობდა ომები პოლისებს შორის, შემდეგ პარეზებად შერაცხული პოეტები თხზავდნენ ლექსებს და ჰიმნებს, ხალხით სავსე მოედნის აგორაზე დგებოდნენ და კითხულობდნენ. თანამედროვე დროში რომ გადმოვიყვანოთ, მედიის როლს ასრულებდნენ იმდროინდელი საზოგადოებისთვის.

იონიის პოლისში კი შეიქმნა ერთ-ერთი პირველი და მარადიულად საუკეთესო ნაწარმოები, რაც კი ომზე დაწერილა – ბრმა ჰომეროსმა კაცობრიობას “ილიადა” და “ოდისეა” აჩუქა.

პირველი – დამარცხებულების ამბავია, ტროელების, რომლებიც უმშვენიერეს ჰელენას შეეწირნენ, ხოლო მეორე – პირველში გამარჯვებულების დელიკატურ, პატარ-პატარა მარცხებზე ღმერთებთან და რაც მთავარია საკუთარ თავთან.

ომი, როგორც ჩანს, ძველი ბერძნების მთავარი დღის წესრიგი იყო, მათი ერთ-ერთი მთავარი ტრაგიკოსის, ესქილეს სიტყვები კი ალბათ ყველაზე კარგად გადმოსცემს იმ უსამართლობას და გაუცხოებას, რასაც ომი ჰქვია – 

“ომში პირველი მსხვერპლი სიმართლეა”.

ამ გამოთქმის ალუზიით, საუკუნეების განმავლობაში,  და ახლაც ბევრი მწერალი ხელმძღვანელობს. ამაზე ოდნავ მოგვიანებით, ახლა კი ისევ ბერძნებზე გავაგრძელოთ.

იმ ხანის კომედიური  ჟანრის მთავარმა ოსტატმა და ანტიკურმა პოტმოდერნისტმა არისტოფანემ როგორც ყველაფერს, ისე ომსაც დასცინა თავისებური სისხარტით, და შექმნა უკვდავი ნაწარმოები – “ლისისტრატე”.

“მსხვილტრაკა” ქალის მიერ მომზადებული ფემინისტური ამბოხი მასკულინური  ომის წინააღმდეგ. ის კრებს სხვადასხვა პოლისის ქალებს, აცნობს, თუ რა საშინელებაა ომი, და ამხედრებს  ქალების ჯგუფს, რომლებიც თავ-თავიანთი პოლისის წარმომადგენელ მამაკაცებს უარს ეუბნებიან სექსუალურ კავშირზე. ამ მეტაჰიპერბოლური სიუჟეტით არისტოფანე ომის ყველაზე ტრაგიკულ წერტილს გვიჩვენებს – ომი, როგორც სექსუალობის დეკონსტრუქცია.

ომი ბევრი მწერლის ცხოვრებაში პირდაპირ გადაიკვეთა, განსაკუთრებით კი მეოცე საუკუნეში, როცა კაცობრიობას ორი მსოფლიო ომი მოადგა კარს. და  ალბათ პირველი, ვინც გვახსენდება, ამერიკელი ჰემინგუეია. მასზე ომმა სრულიად ნეგატიური გავლენა მოახდინა, რის შემდეგაც მივიღეთ მშვიდობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მანიფესტი – “მშვიდობით, იარაღო”, და სხვა, უამრავი საინტერესო ნაწარმოები,  განსაკუთრებით კი – “პეპელა და ტანკი”.

ჰემინგუეის ეს მცირე ზომის გენიალური მოთხრობა ესპანეთის ომისდროინდელ ამბავს გვიყვება, სადაც ავტორი ამ მანკიერ აქტს სხვა მხრიდან გვაჩვენებს: ბომბების ხმისგან დათრგუნვილი  მოსახლეობა თავს ბარში აფარებს, სადაც ერთი უბრალო, ოდნავ შეზარხოშებული კაცი შემოეხეტება, ხელში პულველიზატორი უჭირავს და ბარში მყოფ ხალხს ასხამს. ამაზე ხალხი წუხდება, სულ მალე კი გმირებიც ჩნდებიან, ჯარისკაცების სახით, რომლებიც ამ  კაცს იმარტოხელებენ და კლავენ. მერე მიდის დაკითხვები, განყოფილებაში გადაყვანა, დამნაშავეები, ცხადია, დანაშაულის ადგილს ტოვებენ და ა.შ. მეორე დღეს კი ბარში დაბრუნებული მთხრობელი ბარმენისგან  შეიტყობს, რომ მოკლულს პულველიზატორში სუნამო ესხა და, უბრალოდ, ომისგან ძალაგამოცლილი ხალხის გართობას ცდილობდა. ბარმენი მთხრობელს მოთხრობის დაწერას სთხოვს სახელწოდებით – პეპელა და ტანკი. პეპელა – უბრალო მებრძოლი, რომელიც ტანკს – კონსტრუქციულ სისტემას ინფანტილური საშუალებით ეომება. იცის, რომ ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ მაინც იბრძვის, იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს.

ჰემინგუეიმ  მოთხრობა დაწერა,  ჩვენ კი ნამდვილი ამბავი გვაქვს – ალბათ ყველას გვახსოვს საერთო ეროვნულ ცნობიერებაში სამუდამოდ დაარქივებული კადრი 1989 წლის 9 აპრილიდან, სადაც მომიტინგე დროშის ტარს ურტყამს რუსულ ტანკს. ესეც ამ სერიის ნაწილია, “პეპელა და ტანკის” სერიის.

ომი გარდამტეხი აღმოჩნდა ეპოქალური რომანის – “თამაში ჭვავის ყანაში”  ავტორის, სელინჯერის ცხოვრებაშიც. როგორც ამბობენ, მწერალმა თავისი მთავარი ნაწარმოების გარკვეული ნაწილი სწორედ ომში დაწერა, შინ დაბრუნებული კი რადიკალურად შეიცვალა – თუ ადრე მკითხველების მიმართ ინტერესი ჰქონდა, შემდეგ უკვე პირადი პოლიტიკა შეცვალა და ყველაფერს გაექცა, ცხოვრების ბოლომდე გამოიკეტა ოთხ კედელში, უარს ამბობდა საჯარო და პირად შეხვედრებზე.

ფოტოზე გაბრაზებული ჯერომ დევიდ სელინჯერია, ის პაპარაცებმა გამოიჭირეს.

 

ომმა დიდი გავლენა იქონია სხვა ამერიკელ ავტორებზეც, განსაკუთრებით კი ირვინ შოუზე, რომელმაც მთელი შემოქმედება სწორედ ომზე წერას მიუძღვნა, და მისი რომანი – „ახალგაზრდა ლომები“ ომზე დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რადგან ავტორი პირადი გამოცდილებით საუბრობს და მკითხველს რიტმული ნაბიჯებით მიუძღვება პაციფიზმისკენ. და, მართლაც, კითხვის დასრულების შემდეგ არ შეიძლება არ დაფიქრდე ბევრ მნიშვნელოვან თემაზე. სწორედ ამიტომ ეს წიგნი რეკომენდებულია ყველა მილიტარისტულად განწყობილი სუბიექტისთვის, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსებისთვის.

როცა ვსაუბრობთ ომის გააზრებაზე,  გვერდს ვერ ავუვლით გერმანელ დრამატურგს, ბერტოლტ ბრეხტს, რომელსაც ამ  თემაზე რამდენიმე შედევრი აქვს შექმნილი, თანაც თავის ყველაზე უხერხულ და ამავე დროს მარადიულ ამბებს გვამცნობს, სწორედ ბრეხტი ხელმძღვანელობს ესქილეს იმ ცნობილი აფორიზმით, რომელიც თავში ვახსენეთ.

ის თავის ეპიკურ პიესაში და ჩვენთვის განსაკუთრებით ნაცნობ  “კავკასიურ ცარცის წრეში”, ტოლსტოის ალუზიით, დიდ დისკურსს აჩენს – ომი დამთავრდა, გეშინოდეთ მშვიდობის.

ამ ფრაზაზე მისი რამდენიმე ნაწარმოებია  დაფუძნებული, ის მუდმივად გვაფრთხილებს – ომით მოტანილი მშვიდობის დელიკატურ უხერხულობაზე.

ნაწილობრივ ბრეხტზე დგას და ამავე დროს უარყოფს მას სამხრეთ აფრიკის მთავარი მეკალმე, ნობელიანტი ჯონ მაქსველ კუტზეე რომანში  “მაიკლ კეის ცხოვრება და დროება”.

“ომი ყველაფრის გამგეა და მბრძანებელია, ზოგს ღმერთად ევლინება, ზოგს – კაცად, ზოგს იმონებს, ზოგს კი თავისუფლებას უძღვნის”.

წიგნის პროტაგონისტი მაიკლ კეია, სამყაროში კურდღლისტუჩით  მოვლენილი, ყველასგან გარიყული სუბიექტი, რომელიც ომის დროს დედასთან ერთად მშობლის მშობლიური სოფლისკენ იღებს გეზს. გზად ავადმყოფი დედა უკვდება, თუმცა მისი მოგზაურობა გრძელდება, თითქოს ის რაღაც ტვირთისგან თავისუფლდება, რომელიც ხელს უშლის თავისუფლებისკენ სწრაფვაში. მისი მოგზაურობა მარადიულია, ის დადის, ეძებს თავისუფლებას, ომი და სისტემა კი მუდმივ დაბრკოლებებს უქმნის – ხან აპატიმრებს, ხან ამცირებს და ა.შ. ერთი სიტყვით, მაიკლ კეი საკუთარი არსებობის არსის ძიებაშია, თანაც მაშინ, როცა ომია.

ახლა აგვისტოა და თერთმეტი წელი უსრულდება ომს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადახდა თავს და უამრავი ადამიანი იმსხვერპლა, უფრო მეტი კი მშობლიური  მიწის გარეშე დატოვა. მე კი მთელი ამ სტატიის წერის განმავლობაში ვცდილობ გავიხსენო წიგნები, რომელიც ამ ომზე დაწერილა და ნაწილობრივ მაინც იაზრებს მომხდარ ამბავს. და, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი წიგნი მახსენდება – ეს  თამთა მელაშვილის სადებიუტო რომანია (ან მცირე რომანი, მოთხრობა) – “გათვლა”, რომელიც ამბავია პატარა გოგონებზე, მომავალ ქალებზე და მათ ომისდროინდელ ცხოვრებაზე, სადაც ცოტა ბრეხტიცაა, და თავისებურად ცოტა ესქილეც. თუმცა ამ ნაწარმოებს არ გააჩნია დრო და არც კონკრეტული ადგილი,  მაგრამ მოდარაჯე მკითხველის თვალი აუცილებლად შეამჩნევს – 2008 წელს და იმ რეგიონს, სადაც ეს ამბავი დატრიალდა.

სამყარო არ ღალატობს თავის ჩვეულ ბანალურობას – ბოროტებას. და აქ  დღემდე წარმოებს ომები – ერთი ქვეყანა მეორე ქვეყანას ესვრის, ერთი ქვეყანა მეორე ქვეყანას ბომბავს თავისი უპირატესობის მოსაპოვებლად და ა.შ. მწერლები კი თავს არ უხრიან მათ და ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ომი ლიტერატურის საკუთრებაა. ასეთ მარადიულ წრებრუნვაში ვართ მოქცეულნი.


რეკომენდებული სტატიები
ომი და მჭადები

ომი და მჭადები

ომი და მჭადები
პური არც “ვეჯინში” იყო, მაღაზიაა სახლის გვერდით, არც “ლიდერში” და არც უშუალოდ პურის მაღაზიაში. შემდეგ მაკარონის ყიდვა ვცადე და ამჯერადაც ხელი მომეცარა. ცარიელ მაღაზიებში უამრავი ხალხი ირეოდა და ყველაფერი მიქონდათ, თუკი რამე დარჩენილიყო
ომის sms-ები
Play Video

ომის sms-ები

ომის sms-ები
პროექტი „ომის ესემესები“ გვაკითხებს ნამდვილ ესემესებს, რომლებიც დაიგზავნა 2008 წლის ომის პერიოდში საქართველოში და საზღვარგარეთ, ომის დაწყებიდან ცეცხლის შეწყვეტამდე. პირველი ესემესი ამ კრებულში 7 აგვისტოთი თარიღდება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.