fbpx

“იყავნ ნება შენი” – ქართველი ხელოვანის პერფორმანსი ვარშავაში


გააზიარე სტატია

 

ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს ქართველ ხელოვანს ფსევდონიმით – “ანდრო დადიანი”, რომელმაც 26 მაისს ქუჩაში მოქალაქეების წინაშე ერთდღიანი პერფორმანსი გამართა

 

სულ ახლახან კი Warsaw Gallery Weekend-ის მიწვევით Project ArtBeat-სთან ერთად ანდრო პოლონეთს ეწვია, სადაც კიდევ ერთი ახალი პერფორმანსი წარმოადგინა. 

 

Warsaw Gallery Weekend საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც უკვე 9 წელია ვარშავაში იმართება და რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საუკეთესო არტისტებს უყრის თავს —  სერბან სავუ, იან შვაცკი, ვილჰელმ სასნალი, კამილ კუკლა, ტომას რენტმაისტერი, ირმინ სტასი, პაველ სუსაიდი, რაფატ ბუინოვსკი, ვონ დე ფონისდა. სწორედ მათ შორის აღმოჩნდა ანდრო დადიანიც. 

 

პერფორმანსი  სახელწოდებით “იყავნ ნება შენი” სიყვარულში კრიტიკის გაქრობის შესახებაა. 

 

“მამაო ჩვენო” ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ფუნდამენტური ტექსტია, ის მეც გამორჩეულად მიყვარს, თუმცა სუფევად ქცეული სიყვარულისაც მეშინია, რადგან სიყვარული თავისი კეთილშობილი ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება შეუმჩნევლად იქცეს დიქტატად, რომელიც წყვეტს ორ ცოცხალ ორგანიზმს შორის პლასტიკური მოძრაობის შესაძლებლობას და ხევდება. 

ეს შეიძლება მოხდეს არა მარტო ორი ადამიანის ურთიერთობაში, არამედ – ადამიანსა და გარემოს, ადამიანსა და რელიგიას, პარტიას, სტერეოტიპებს, ტრადიციას, წარსულს შორის. 

ასეა დიდ და პატარა ქვეყნებს შორისაც. ჩემი ქვეყანა ახლაც არჩევანის ზღვარზეა, რომელი დიდი ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ სტანდარტს მიჰყვეს. 

ჩვენი ცხოვრება ან დასავლური კულტურიდან, ან რუსეთიდან ექსპორტირებულ იდენტობაში იფუთება, სადაც პიროვნების ადგილი უკიდურესად შევიწროებულია. წრეგადასული ტრფობა პიროვნულ ნიშნებს სპობს და ბიოპოლიტიკის დიქტატის ძლიერ, უხეშ მკლავებში მიერეკება ადამიანს”, — ამბობს ანდრო At.ge-სთან საუბრისას. 

 

პერფორმანსის მთავარი გმირი ალექსანდრე დეკანოიძე იყო, რომელიც სატრფიალო ლექსებს ჰყვებოდა, მღეროდა, ცეკვავდა და ამ ყველაფრის პარალელურად კი მას თავზე შაქარი ეყრებოდა, რომელიც ჯერ აქვავებდა, ბოლოს კი საერთოდ აქრობდა. 

 

საინტერესოა, რომ პერფორმანსი ინოლა გურგულიას, რობერტ შუმანის, ვარინკა წერეთლის, რეზო ლაღიძის, შარლ გუნოს, ბონჯოვანის, შერემეტევის, რელსტაბის და პეტერსბურკის მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. 

ასევე გამოყენებული იყო შოთა რუსთაველის, ბესიკის, ვაჟა-ფშაველას, ილიას, აკაკის, გიორგი ლეონიძის, შოთა ჩანტლაძის, გალაკტიონის, ტერენტი გრანელის, ელენე დარიანის, ტატო ჩანგელიას, ოუშკინის, ჰაინეს და რელსტაბის პოეზია. 

 

წლებია გაქვავებულ ადამიანებს ვხედავ. მყავს ნაცნობი, რომელიც იდეამ  გამოჭამა და უსაქმური გახადა.

გვყავს მემარცხენეები, რომლებიც ყველაფრის უარყოფით არიან დაკავებულები, მემარჯვენეები, რომლებიც კვეთებულის ლოცვებს საჭიროებენ, მარქსის მიმდევრები, რომლებიც საბჭოთა ლიდერების ძეგლებთან სელფს იღებენ და ტოლობას წერენ ამ ორ ერთმანეთისგან მოწყვეტილ ორგანიზმს შორის. 

გვყავს მევახშე მთავრობა და ახლა მეორე ბანკირს შევყურებთ აციმციმებული თვალებით. სულ მაშინებს, ასეთი წელის გაშეშება არ დაემართოს მენტალურ ორგანიზმს და არ დავკარგო ის პლასტიკა, რაც სუსტ ნერგს აქვს – სულ გადატეხვის საფრთხე, მაგრამ ასევე აქვს შანსი გადაიხაროს და მის ირგვლივ ყველაფერს მოედოს. 

ამის  წამალი ისევ მამაო ჩვენოშია – ”მოგვიტევენ ჩვენ, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ” – მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ, რომ ამ ფრაზასთან მიახლოებისას ხმას არ დავუწიო. სხვისი გათავისუფლება ათავისუფლებს ალბათ ადამიანს, თამამად სვამს კითხვებს და არავის ეტყვის – იყოს სუფევა შენი და ნება შენი. ჩემთვის ამ ფორმულიდან გამოდის ინდივიდი, რომლის ჯამი ჯანსაღი საზოგადოებაა”, – განმარტავს ის. 

 


რეკომენდებული სტატიები
"დამოუკიდებლობის მემორიალი” - ქართველი არტისტის 24-საათიანი პერფორმანსი

"დამოუკიდებლობის მემორიალი” - ქართველი არტისტის 24-საათიანი პერფორმანსი

"დამოუკიდებლობის მემორიალი” - ქართველი არტისტის 24-საათიანი პერფორმანსი
26 მაისს ანდრო დადიანმა პერფორმანსი მოაწყო და მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ, ნახევრად მიწაში ჩაფლულ ქართულ ტრადიციულ სუფრაზე 24 საათი ცალ ფეხზე მდგომმა გაატარა.
"მეხსიერება და სხეული" - ახალი დრამის ფესტივალიდან

"მეხსიერება და სხეული" - ახალი დრამის ფესტივალიდან

"მეხსიერება და სხეული" - ახალი დრამის ფესტივალიდან
შეიძლება ითქვას, რომ თაკო შუკაკიძის პერფორმანსის მთავარი აქტი არტისტული შრომის მეტაფორაა, ანუ არტისტს თავისი თავის გასაყიდად სხეული სჭირდება, რომელიც მუდმივად ფორმაში უნდა იყოს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.