fbpx

რვეული #5 – ქართული ტრეშ-კინო


გააზიარე სტატია

ავტორი:  მიხეილ ციხელაშვილი

 

მას შემდეგ, რაც ინტერნეტი უფრო ფართო აუდიტორიისთვის ხდება ხელმისაწვდომი, ცოცხლდებიან ფილმები, რომლებმაც უხარისხობისა თუ სხვა მიზეზების გამო, მანამდე მხოლოდ მცირერიცხოვან მაყურებლამდე მიაღწიეს. ვიდეოტექნიკის გაიაფება და სტრიმინგ-საიტების დისტრიბუციის წყაროდ (და შემდგომში არქივად) გადაქცევაც ხელს უწყობს ქართული ტრეშ-კინოს აღზევებას და გაპოპულარულებას. ეს პროცესი არც არის და ვერც იქნება ხარისხის გარანტი, მაგრამ უცნობ რეჟისორებსა და ფილმებს დიდ ცნობადობას სძენს. ამიტომ არის, რომ ვერც ერთი თანამედროვე, ფესტივალებზე პრიზირებული ქართველი კინორეჟისორი ვერ შესწვდება, მაგალითად, ერმალო მაღრაძის პოპულარობის დონეს.

რატომ არის ტრეში ასეთი მიმზიდველი მაყურებლისთვის?! შესაძლოა იმიტომ, რომ ის მაყურებელს თავისი მიამიტურობით ხიბლავს, ის დაუწმენდავი და უცოდველი კინოფორმაა, სადაც კინოხერხებითა და ხრიკებით ვერავინ გატყუებს (ან ცდილობს მოგატყუოს). მიზეზი მარტივია: ათიდან ცხრა რეჟისორს წარმოდგენაც კი არ აქვს კინოხრიკებზე. თანაც, მაშინ როცა დაფინანსება არ არის, ტრეშ-კინო ხომ უმეტესწილად თავს ისე წარმოგვიდგენს,  როგორც „სამოყვარულოს“?!

მრავალი კვლევა მოწმობს, რომ ტრეშით სიამოვნების მიღება მაღალი ინტელექტის ნიშანია და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფერს რომ გვერდი ავუაროთ, პირველ რიგში ტრეშ-კინოს მაყურებელი უნდა ვახსენოთ, რომელიც მას წინასწარვე შესაბამისი შემზადებით უყურებს. ეს არ გულისხმობს მხოლოდ ირონიულ განწყობას. ტრეშის მაყურებელი ხშირად უკვე იცნობს სხვადასხვა სივრცისა და ეპოქის საავტორო კინოს, არტ-ჰაუსს და მისთვის ცნობილია, თუ როგორ ხერხებს მიმართავს და როგორ კეთდება ის კინო, რომელსაც პროცესების შეზანზარება შეუძლია.

ქართულ ტრეშ-კინოს პროცესები არ შეუზანზარებია (განსხვავებით სხვა ტრეშ-მოცემულობისა, რომელზეც მოგვიანებით დავწერ), მაგრამ მან მოახერხა და მაყურებლის ყოველდღიურობაში ისევე დამკვიდრდა, როგორც თუნდაც კლასიკური კინო. ტრეშ-კინომ მეტყველებაშიც შეაღწია და,  მაგალითად, ფრაზები – „გადმოირიცხა ასი ათასი ლარი!“ „მე თავისუფალი ადამიანი ვარ და იქ ქართველობას არაფერი არ ესაქმება!“ და სხვა, ისევე ბუნებრივად ჟღერს ორი მაყურებლის საუბარში, როგორც თავის დროზე „გაიტანეთ გრენლანდია!“ თუ „მე ამისგან გავაკეთებ!“

ჩვენთან ხშირად ვერ ხვდებიან, თუ სადაა საზღვარი ტრეშსა და კიჩს შორის, მაგრამ ამაზე ვრცლად საუბარი შორსაც წაგვიყვანს, ამიტომაც მოკლედ მოვჭრათ: კიჩი შეგნებულად გაკეთებული პროდუქტია, ტრეში კი არასდროს ითვალისწინებს ჩანასახშივე ტრეშობას. ის უკვე შეფასებული გარემოა და ცოტა რეჟისორს შესწევს უნარი, მიიღოს საკუთარი ნამუშევარი ისეთად, როგორადაც ის მაყურებელმა დააფიქსირა. 

საქართველოში ტრეშ-კინო, როგორც უმეტესად ხდება ხოლმე, სოციალურ პრობლემებზე რეაგირებს და ცხადად ავლენს რეჟისორის განწყობებს ამა თუ იმ საკითხის მიმართ. ის იშვიათად ტოვებს შეკითხვას, ფაქტობრივად გამზადებული პასუხია, რომელსაც კინოენას არგებენ, შეძლებისდაგვარად. მისი სოციალურობა პრობლემა მაშინ ხდება, როცა ისეთ საფრთხილო თემებს, როგორიცაა, მაგალითად, ნარკოტიკზე დამოკიდებულება, თვითმკვლელობა და ა.შ. რეჟისორი თავად კი არ იაზრებს, არამედ რაღაც არსებულის გადამღერებას იწყებს, ძირითადად ჰოლივუდის პროდუქტის.

ჰოლივუდით მართლაც რომ მოწამლულია ქართული ტრეშ-კინო, ის ნანახს ხშირად ისე იმეორებს, როგორც ძალიან ბუნებრივს, ამიტომაცაა, რომ ქობულეთის სანაპიროზე პოსეიდონი ამოდის, „შვეციის“ პრინცესა კი ტახტზე იმერელ მწყემსს ისვამს. ეს ყველაფერი აუფასურებს პრობლემას, რომელზე სასაუბროდაც რეჟისორები გვიწვევენ, მაგრამ ხშირად ფილმი ისეთი კომიკური ხდება, რომ საერთოდ ვეღარ აფიქსირებ იქ წარმოდგენილ პრობლემას, როგორც პრობლემას, და ისღა დაგრჩენია, გაერთო.

დღევანდელ რვეულში ქართული ტრეშ-კინოს მარგალიტებზე გესაუბრებით, მაგრამ რომ არ გადავწვდე კინოცენტრის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს, რომელიც არტ-ჰაუსის მაგვარ კინოდ საღდება, გესაუბრებით მხოლოდ მცირე დაფინანსების ან კი საერთოდაც ფინანსების არ მქონე ქართულ ტრეშ-ფილმებზე.

 

შვეციის პრინცი იმერეთიდან (1995) რეჟისორი: ერმალო მაღრაძე

რაღამც ერმალო მაღრაძე უკვე ვახსენეთ, მისი ფილმით დავიწყოთ. მით უმეტეს, რომ ეს რეჟისორი იმხელა სახელია დღევანდელ ქართულ კინოში, რომ ამ რვეულისთვისაც კი ორჯერ უნდა მივაკითხოთ.  მისი პირველი ფილმი „შვეციის პრინცი იმერეთიდან“ იმ იშვიათ სურათებს შორისაა, რომელიც რეჟისორმა შედარებით ნორმალური დაფინანსებით გადაიღო. საინტერესოა, რომ ფილმის გადაღება დიდი ინფლაციის დროს სამ სხვადასხვა ვალუტაში მიმდინარეობდა, ამიტომაც ვერ მოხერხდა ფილმის მთლიანი ბიუჯეტის დათვლა. 

ბათუმში მოგზაურობისას მწყემსი გიორგი, რომელიც მეგობრებმა პირველად გაიყვანეს სოფელს გარეთ, ზღვაზე დასასვენებლად ჩასულ შვედეთის პრინცესა დაიანას გაიცნობს. საზაფხულო რომანის დროს გიორგის წარმოდგენა არ აქვს სატრფოს სამეფო წარმომავლობის შესახებ.

ფილმს მრავალგზის გადაღეჭილი სიუჟეტი აქვს და, რა თქმა უნდა, ამდაგვარი ისტორიის ხელახლა გააზრებასაც არ გვთავაზობს. უხვად შეხვდებით გაუმართავ დიალოგებს, სცენების ალოგიკურ გადაბმებს ერთმანეთთან და მუსიკალურ ჩანართებს, რომელთაც სიუჟეტი არაფრით არ მოასწავებს.

ფილმი დიდი ხნის განმავლობაში იყო მიკარგული და მივიწყებული, სანამ 2010-იანი წლების დასაწყისში ონლაინ არ აიტვირთა და პირად საუბრებში თუ სოციალურ ქსელებში გაზიარებით არ გავრცელდა. მაყურებლის აღფრთოვანება რეჟისორმაც იგრძნო და, შეიძლება ითქვას, ამ გამოცოცხლებით კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო. 2010-იან წლებში 70 წელს გადაცილებულმა ერმალო მაღრაძემ ხუთი ფილმი გადაიღო.

 

უკანონო დღე (2009) რეჟისორები: ძმები ბოლქვაძეები

ბონდო და გიორგი ბოლქვაძეებს ტრეშის მაყურებლისგან დაფასება ნამდვილად არ აკლიათ, მაგრამ მაინც, ქობულეთელი ძმები პოპულარულები არანაირ წრეში არ არიან და მათი მხოლოდ ფილმები ვიცით. „პოსეიდონი“, „სახლი 66“ და „უკანონო დღე“ – მათი ფილმოგრაფია მწირია, თუმცა სამივე აუცილებელი სანახავია ტრეშის მოყვარულთათვის. ამ ბლოგისთვის კი „უკანონო დღეზე“ ვისაუბრებ.

ციხიდან დაბრუნებულ ლუკას ძმა გარდაცვლილი ხვდება. მანამდე ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ცხრილავს კანონიერი ქურდი ტარიელ ზანდარაძე (მეტსახელი ფილმში ნახსენები არ არის) ლუკას ძმას. თავისუფლების პირველსავე დღეს ლუკა სიმართლეს არკვევს და მზადაა შურისძიებისთვის.

ფილმში ხშირია ფლეშბექებით ამბის თხრობა, შეიძლება ვთქვათ, რომ ძმებმა გარკვეული ხერხები ნამდვილად იციან. ხშირია ასევე წინასწარ ზედმეტად ნაფიქრი, გადაღეჭილი, მორალისა და ჭკუის წამკითხველი შეგონებები, რომლებიც კატასტროფული სამსახიობო შესრულების ფონზე იუმორისტულ პასაჟებად იქცევა. ამ და სხვა მიზეზების გამო, შაბლონური კრიმინალური ამბავი, რომელიც არაფრით არ იქნებოდა საინტერესო, ტრეშ-კინოს მარგალიტი ხდება.

 

ფეხშიშველა ზუსტად 15 (2014) რეჟისორი: ირაკლი ცხადაია

ძალიან გამიხარდა, როცა ბლოგის წერისას აღმოვაჩინე, რომ ამ ფილმის ნახვებმა იუთუბზე უკვე მილიონს გადააჭარბა, მაშინ როცა ორიოდე წლის წინ ტრეშ-კინოს მოყვარულთათვისაც კი უცნობი იყო. 

ქალაქ ხობში გადაღებული ეს ამოუხსნელი სათაურის მქონე ნამუშევარი მამისერთა ღარიბ ბიჭზე მოგვითხრობს. „წამალზე“ დამოკიდებული მამა შვილს გამუდმებით სცემს და ბიჭიც იძულებულია სახლში ნაკლები დრო გაატაროს, მეგობრები კი უსახლკაროებსა და ქუჩის კრიმინალ თანატოლებში ეძებოს. ერთ დღეს ის გარდაცვლილი დედის დღიურს აღმოაჩენს და ყველაფერს ფარდა ეხდება. მამა კი, რომელიც შვილს არ პატიობს რომ მის პირად სეიფში შეიჭყიტა, შვილს ძალით გაუჩხერს ნარკოტიკს, გააბრუებს და დედის სიკვდილის ისტორიას კიდევ უფრო ცხადად და ბრუტალურად უყვება. 

ფილმი უამრავ თემას მიედ-მოედება, აშკარაა, რომ გამოუცდელი რეჟისორი ყველაფერს მკაცრად და სერიოზულად უდგება. თითქოს ჩანასახშივე გადაწყვეტილია სურათი კომიკურობისგან იყოს დაცლილი, მაგრამ მანერული სამსახიობო შესრულებით და სხვა ათობით პრობლემის გამო, საპირისპირო შედეგს აღწევს და შეუძლებელია ამ სასტიკი და სევდიანი სურათის ყურებისას სიცილით არ გასკდე.

აქვე გეტყვით, რომ იშვიათად მოიძებნება ქართულ კინოში ისეთი შემაწუხებელი პერსონაჟი, როგორიც გუგას მამაა. ფილმის ყურების შემდეგ კი, თუ სიტყვა „ლაწირაკი“ ძალაუნებურად რამდენჯერმე წამოგცდათ, არ გაგიკვირდეთ. ეს „ფეხშიშველა ზუსტად 15-ის” ერთ-ერთი მთავარი ეფექტია.

 

მგლის ფსიქოლოგია (2014) რეჟისორი: მერაბ კაჭარავა

მერაბ კაჭარავას მიერ აბაშაში გადაღებული „მგლის ფსიქოლოგია“, შეიძლება ითქვას, თანამედროვე ტრეშ-კინოს კლასიკაა. სურათი, როგორც მისი აღწერა ამბობს, მძაფრსიუჟეტიანი მისტიკური ტრილერი დრამაა და ახალგაზრდა ბიჭის, ბექას ისტორიას მოგვითხრობს.

ფილმი მთავარი პერსონაჟის სიზმრითა და არაფრით გამორჩეული ყოველდღიური დილის რუტინით იწყება. ბავშვობის მოგონება, როგორც ჩანს, ბექას არასდროს ტოვებს და ჩვენ სწორედ მისი ჩაფიქრების დროს ფლეშბექებით ვეცნობით სიუჟეტს. ირკვევა, რომ მას მთელი ოჯახი მოუკლეს და ძმა გაიტაცეს. ბექა შურისძიებით არის სავსე, თუმცა უსუსურობა და ტრაგიკულ ბედთან ვერშეგუება სასმელში აპოვნინებს ხსნას და თვითმკვლელობასაც აფიქრებინებს.

„მგლის ფსიქოლოგია“ პერსონაჟების გალერეაა. არცერთ სხვა ქართულ ტრეშ-ფილმში ამდენი დრო არ ეთმობა თითოეულ პერსონაჟს, მათ გამოკვეთასა და პორტრეტის შექმნას. თუმცა ის პრობლემები, რაც ზემოთ ნახსენებ ფილმებშიც გვხვდება, აქაც წამოყოფს თავს და სცენები, რომლებიც ტრაგიზმითა და სისხლითაა სავსე, კომიკური ხდება. 

 

მართლმადიდებლური მულტფილმების არხი

მრავალფეროვნებისთვის მინდა, რომ ამ რვეულში ანიმაციაც შევიტანო. სრულმეტრაჟიანი ანიმაციის ფუფუნება ქვეყანას არ აქვს, ამიტომაც მოკლემეტრაჟიანით დავკმაყოფილდეთ და მართლმადიდებლური მულტფილმების არხს ვეწვიოთ.

არხი პლატფორმა მართლმადიდებელი.ჯის ქვეშ ფუნქციონირებს და იუთუბზე მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. ანიმაციები ბიბლიურ პასაჟებსა და წმინდანთა ცხოვრების ეპიზოდებს ეფუძნება. ამბებს არქაული, ლოცვანის წიგნების ენით, ერთობ დამშვიდებული ტემბრით გვიყვებიან და ხშირად სიუჟეტი ზედმეტად შეკვეცილი ან არასრულია.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ იგავური ტვინისწმენდის მიუხედავად, მართლმადიდებლურ-ქრისტიანული მეტაფორები ამ მულტფილმებში სტანდარტულ, უგერგილო, სათავგადასავლო ფენტეზი-სანახაობად გადაიქცევა ხოლმე და შეიძლება ვარაუდი, რომ ანიმაციებს იმის საპირისპირო ეფექტი აქვს, რაც პროექტის ავტორებს  ჩაუფიქრებიათ. თუმცა ვინ იცის, რა აქვთ პროექტის ავტორებს ჩაფიქრებული?!

 

წყაულა (2015) რეჟისორი: ირაკლი დონაძე

რაღამც მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია ვახსენეთ, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმებიც უნდა გავიხსენოთ. ამ ჟანრში ხომ ყველაზე დიდი არქივი მოიძევება! ამის მიზეზი ძირითადად დაბალი ბიუჯეტი და ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის მოუცლელობაა.

რვეულში მოკლემეტრაჟიანი ფილმებიდან 2014 წლის „წყაულა“ უნდა ვახსენო, რომლის რეჟისორიც ირაკლი დონაძეა. რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორი (მათ შორის –  „ორი ბორბალი“, რომელსაც ორ მილიონზე მეტი ნახვა აქვს) რეჟისორი, საკმაოდ აქტიურია თავის იუთუბ არხზე. უმეტესწილად სასიყვარულო ან საშინელებათა ჟანრის ფილმებს იღებს,  თარგმნის ინგლისურად და მისი ფილმები ხელმისაწვდომია უცხოელი მაყურებლისთვისაც. 

„წყაულა“ საშინელებათა ჟანრის ფილმია, რომელიც რაჭაში, სოფელ წყაულაში მივლინებულ ჟურნალისტზე მოგვითხრობს. ჟურნალისტმა იმ სახლში უნდა გაათიოს ღამე, რომელსაც ლეგენდის მიხედვით, ჯადოქრის სული დაჰპატრონებია. ის ღამისთევას კამერით ჩაიწერს და დაამტკიცებს, რომ ლეგენდა ჯადოქარზე სიცრუეა. სახლში მისული, ეზოში ახალგაზრდა გოგონას გაიცნობს, რომელიც ღამის გასათევს ეძებს, ბიჭი შეიფარებს და მცირე დიალოგის შემდეგ, ცალ-ცალკე იძინებენ. 

უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა დასწავლილი ხერხების გამოყენებით (როგორც ვიცი, რეჟისორს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის კინოსკოლა აქვს გავლილი), ირაკლი დონაძე გარკვეულ ეფექტს მაინც ქმნის და ალბათ თავისთვის აღწევს კიდეც იმ მიზანს, რაც აქვს; თუმცა ეს საკმარისი არაა იმისთვის, რომ ფილმი საშუალო დონის მაინც გამოუვიდეს.

 

ტბა (1998) რეჟისორი: კახა კიკაბიძე

ამ რვეულის კიდევ ერთი ფილმი 90-იანი წლებიდან ბევრისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი „ტბაა“. ეს ჩემი პირველი შეხება იყო ტრეშ-კინოსთან, ჯერ კიდევ მაშინ, როცა არაფერი ვიცოდი ტრეშ-კულტურის შესახებ. სკოლაში აქტიური განხილვის საგანი იყო ფილმი, რომელსაც, ერთი მხრივ, სერიოზულად არავინ აღვიქვამდით, მეორე მხრივ კი სურათი არასოდეს გვავიწყებდა თავს. „საით მიდის გზა, გასან?“ ისმოდა ყოველ შესვენებაზე და ვიცინოდით ბევრს.

სოფლიდან ქალაქში გადმოსახლებული ზურა ახალ სკოლაში გადადის, სადაც ავტორიტეტის მოსაპოვებლად თანაკლასელებთან ლიდერობისთვის უწევს ბრძოლა. დროთა განმავლობაში, დიდი დავიდარაბის შემდეგ, ზურა კლასში ნომერ პირველი ხდება, მაგრამ არის თუ არა ეს ის, რაც მას რეალურად სურდა, ეს მაყურებლებმა უნდა გადავწყვიტოთ.

ამ ბლოგში წარმოდგენილი ფილმებიდან, უეჭველია, რომ არცერთ მათგანს არ ჰქონია იმხელა დაფინანსება, რამდენიც „ტბას“, თუნდაც 90-იანების სიდუხჭირის გათვალისწინებით. ფილმში თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა: ჩანს რეჟისორის ხედვა და პოზიცია, მუსიკაც არაა ურიგოდ გამოყენებული, ვერც ოპერატორს უსაყვედურებ და არც ეპიზოდები ებმის ერთმანეთს ალოგიკურად. მაგრამ მთავარი პრობლემა ამ ფილმში არის სამსახიობო ანსამბლი, რომელიც გამოუცდელობის გამო, ზედმეტად თეატრალური და მანერულია, ზედმეტად იტყლარჭება და ისეთ ეპიზოდებიც კი, რომელთაც შეეძლოთ მეტ-ნაკლებად ნორმალურ მეტაფორებად ქცეულიყვნენ, უხერხულობის განცდას ტოვებს.

 

გზააბნეულნი (2013) რეჟისორი: ერმალო მაღრაძე

ერმალოს ფილმითვე დავამთავროთ. თუკი ტრეშ-კინოს ყურება დროის ფუჭი ხარჯვა გგონია, მაგრამ გინდა, ერთი ფილმი მაინც გატესტო, ეს ფილმი აუცილებლად „გზააბნეულნი“ უნდა იყოს. მას შემდეგ, რაც თანამედროვე მაყურებელმა ერმალო მაღრაძის ძველი ფილმები აღმოაჩინა, გაპოპულარულებული რეჟისორისთვის ეს პირველი ფილმი იყო. მთავარ როლებს უკვე კარგად ცნობილი ბადრი ტაბატაძე და დათო კამკამიძე ასრულებენ.

„გზააბნეულნი“ ორი ასაკოვანი, პატიოსანი კაცის შესახებ გვიყვება, რომლებიც ერთმანეთს მას შემდეგ გაიცნობენ, რაც პარკში ახალგაზრდებს ჩხუბისას გააშველებენ. აღმოჩნდება, რომ ორივენი სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებული კადრია. ერთმანეთისთვის გულისნადების გამხელის შემდეგ კი ისინი გეგმას სახავენ, როგორ იშოვონ ფული თაღლითობითა თუ სახიფათო ნიჭის გამოყენებით. 

დათო და ბადრი დიდ გზას გამოივლიან და ერთიმეორეზე უფრო აბსურდულ და ალოგიკურ თავგადასავლებში ეხვევიან. ყველა ეს ისტორია ერთგვარი რეაქციაა ქვეყნის სოციალურ ფონზე, ოღონდაც ეს ყველაფერი დამაფიქრებელი კი არ ხდება მაყურებლისთვის, არამედ პაროდირდება, რადგან მასში მორღვეულია ყოველგვარი გზა და ხერხები, რითაც კინო ისწავლება და კეთდება. ალოგიკურზე ალოგიკური ფინალური თავგადასავალი კი ფილმის მანამდე არსებულ ყოველ წამს ხაზს გადაუსვამს, რადგან მაყურებელი ფიქრდება, რომ ყველაფერი, რაც მანამდე ნახა, უბრალოდ საჭიროც კი არ იყო. 

 

 


რეკომენდებული სტატიები
რვეული #1 - ეპიზოდური პერსონაჟები - მიხეილ ციხელაშვილი

რვეული #1 - ეპიზოდური პერსონაჟები - მიხეილ ციხელაშვილი

რვეული #1 - ეპიზოდური პერსონაჟები - მიხეილ ციხელაშვილი
გთავაზობთ კინემატოგრაფიის  ეპიზოდურ და “მეორეხარისხოვან”  რვა პერსონაჟს, რომლებსაც ამა თუ იმ ფილმში განსაკუთრებულ განწყობა შემოაქვთ
რვეული #3 - მწერლები, რომლებიც ეკრანიზაციაზე უარს ამბობენ

რვეული #3 - მწერლები, რომლებიც ეკრანიზაციაზე უარს ამბობენ

რვეული #3 - მწერლები, რომლებიც ეკრანიზაციაზე უარს ამბობენ
რთულია გადააწყდე მწერალს, რომელიც უარით ისტუმრებს ეკრანიზაციის მსურველებს, მაგრამ ასეთი მწერლებიც არსებობენ და მათ სახელებს ამ სტატიიდან შეიტყობთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.