fbpx

რვეული #15 – CBGB სცენა მავნე როკ-ენ-როლის პირისპირ


გააზიარე სტატია

ავტორი: მიხეილ ციხელაშვილი

 

მანჰეტენზე, ბოუერის 315 ნომერში ბრენდ John Varvatos-ის საყოფაცხოვრებო დიზაინისა და მოდის მაღაზიაა. მუსიკის თაყვანისმცემლები დღემდე იკრიბებიან ამ პილიგრიმულ ადგილას და არაერთ ლეგენდარულ არტისტთან ერთად იხსენებენ ხელმოცარულ ბიზნესმენ ჰილი კრისტალსაც, რომელმაც დედისგან ნასესხები ფულით 1973 წლის მიწურულს ამ ადგილას კლუბი CBGB გახსნა. სახელწოდებიდან გამომდინარე CBGB ქანთრის, ბლუგრასისას და ბლუზის შემსრულებლებზე იყო ორიენტირებული, თუმცა გახსნიდან მალევე იქაურ სცენა დაიპყრეს არტისტებმა, რომელთაც მუსიკალური მედია პანკ-როკ არტისტებად მოიხსენიებდა.

ტერმინი „პანკი“ ყალთაბანდ, შარისმაძიებელ ახალგაზრდას მიესადაგება, რომელიც ხიფათს აუცილებლად გადაეყრება და მუსიკის კრიტიკოსები სწორედ ამ ტერმინს იყენებდნენ გვიანდელი 60-იანი წლების გარაჟ-როკ არტისტების, მაგალითად,  The Stooges და MC5-ის მუსიკის დასახასიათებლად. მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ ამ ბენდების წევრებსაც და მსმენელ აუდიტორიას ძირითადად თავქარიანი ახალგაზრდები შეადგენდნენ. ერთ-ერთ წინა რვეულშიც ვახსენებ, რომ ეს ტერმინი უკვე დიდი ხანია აღარაა დავიწროებული იმ აკუსტიკური ჩარჩოთი, რომელიც თავის დროზე მხოლოდ იმიტომ მიუჩინეს, რომ ფირფიტების მაღაზიის რომელიმე განყოფილებას მორგებოდნენ. ამ იარლიყის მატარებელი კლასიკოსებიდან (მაგალითად, იგი პოპი) დაწყებული, დამთავრებული თანამედროვე სცენის ალბათ უმთავრესი ბენდით (IDLES) თითქმის არავინ მოიაზრებს თავს პანკ-კულტურის იმ ნაწილად, რომელიც მედიის მიერ შექმნილ სტერეოტიპულ წარმოდგენებზეა დაფუძნებული. ჯონ კეილს, მაგალითად  კრისტა პაფგენი მიაჩნია პანკ-არტისტად, რომელმაც წარმატებული სამოდელო კარიერა მიატოვა და სასცენო ფსევდონიმით Nico იმ დროის ამერიკელ ფსიქოდელიკებში იპოვა თავისი ადგილი. სხვები ჰიპებს ეძახიან პანკებს, ბევრია ისეთი, ვისთვისაც 50-იანი წლების სხვადასხვა ჟანრის არტისტები – ელვის პრესლის თუ ჯეიმზ ბრაუნს, ჩაკ ბერისთ უ ჯერი ლი ლუისს – წარმოადგენენ პანკ-კულტურას. ეს სია შორს წაგვიყვანს, უბრალოდ ფაქტია, რომ პანკი, როგორც იდეოლოგიისა თუ ცხოვრების სტილის განმსაზღვრელი გარემო, სხვადასხვა აკუსტიკურ ნაკადში გადინდა და მეტწილად სწორედ CBGB სცენის დამსახურებაა, რომ ის არა მხოლოდ გრანჟსა თუ ნოიზ-როკში განვითარდა, არამედ ნოუ-ვეივიში, ინდასტრიალში და კიდევ ბევრგან; მუსიკოსებმა აითვისეს დიდი აკუსტიკური ტერიტორია, დაწყებული ელექტრონული ემბიენტ მუსიკიდან, დამთავრებული აფრიკული ბიტებით.

ინგლისში 70-იანი წლების პირველი ნახევარში დომინირებდა როკ-მუსიკის ალბათ ყველაზე დახვეწილი ფორმა, პროგრესიული როკი და დღის წესრიგს ისეთი ბენდები განაგებენ, როგორებიც არიან Pink Floyd, King Crimson, Genesis და ა.შ. ამ ფონზე მარტივი და უხეშად მჟღერი ე.წ. პანკ-მუსიკა დაცინვის გარდა სხვა ყურადღებას არც იმსახურებდა, მითუმეტეს მაშინ, როცა ამ რადიკალურად გარდამტეხი პერიოდის საეტაპო ბენდი – Sex Pistols უფრო საკონცერტო და საპროტესტო გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული, ვიდრე თავად მუსიკაზე. მათი ცნობილი მოტოც, „ჩვენ მუსიკა არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს ქაოსი“ მოწმობს იმას, რომ ეს მუხტი გარკვეულწილად იმპულსური აფეთქებაა, მაგრამ ჩაქრობადი. მიუხედავად ამისა, ნიადაგი მზადდება ამ დროს უფრო გვიანი ბენდებისთვის: The Clash, The Fall, Joy Division, Gang of Four და სხვა. თუმცა ხსენებული ბენდებისთვისაც სწორედ CBGB სცენა იყო გავლენის მთავარი წყარო. 

თავად CBGB არტისტებისთვის კი სხვა რეალობა იდგა: შავი ავაზები და სტოუნვილის აჯანყება, ომი ვიეტნამთან და უოტერგეიტის სკანდალი და კიდევ ბევრი რამ.  ახალგაზრდებს უკვე ნანახი, დაფასებული და გადაფასებული ჰქონდათ ვუდსტოკი, ირგვლივ ანდერგრაუნდ მუსიკის აკუსტიკური ტერიტორია გაცილებით ფართო ხდებოდა, და მიუხედავად იმისა, რომ ხმის ჩამწერი ინდუსტრია საცეცებსაც უფრო ღრმად იდგამდა ალტერნატიულ კულტურაში, მაინც აქტიურად ისმოდა Greatful Dead და Jefferson Airplane, უკვე ხსენებული MC5 და The Stooges და ამ რეალობაში მეგაპოლისების მიღმა მდებარე პატარა ქალაქებში გაბნეული გაბრაზებული თინეიჯერები, დიდი ქალაქებისკენ იწევენ და ერთმანეთში საერთო ინტერესებით იკვეთებოდნენ. იდეოლოგიური და აკუსტიკური მეწყვილეების პოვნა სოკოებივით აჩენდა ახალ-ახალ ბენდებს და მათ ლოიალურ ფანებს. საჭირო იყო მხოლოდ სივრცე, სადაც საკუთარი თავის გამოხატვა იქნება შესაძლებელი.

ჯიმ ჯარმუშის დოკუმენტურ ფილმში „Gimme Danger” იგი პოპი იხსენებს ერთ-ერთ კონცერტს, რომელიც ქუინსში, მსოფლიო სავაჭრო პავილიონში ჩაატარეს: „იქვე ახლოში Ramones ჯო კოკერის კონცერტს ახურებდა… 1950-იან წლებში, ინდუსტრიამ მიაგნო, თუ როგორ გამოეწოვათ სული როკ-ენ-როლისგან და ისე იყო, რომ ერთ საღამოს ელვის პრესლის კონცერტს რონალდ პერი კომოს თუ ფაბიანის კონცერტს მოაყოლებდნენ ხოლმე. და ზუსტად იგივე ხდებოდა დღესაც… მავნე შემსრულებლები თანამშრომლობდნენ ბოროტ მენეჯერებთან და ყველანი ოფლის ბოლო წვეთამდე იხარჯებოდნენ, რომ ოღონდაც შეექმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც მათი აზრით, საუკეთესო იყო. მათ ზურგი აქციეს აუდიტორიას. ეს კულტურის ღალატი იყო.“ 

იგი პოპის ამ ფრაზით შეიძლება აიხსნას ისიც, თუ რატომ გამოდგა 70-იანების CBGB სცენა ისეთი ისტორიული, რომ დეკადების შემდეგაც კი შეურყვნელი რეპუტაციით სარგებლობს. საქმე იმაშია, რომ ეს სცენა აკუსტიკურად არ ავიწროებდა თავის სელექციას, მაგრამ მუსიკოსები, რომლებიც ამ სცენაზე იდგნენ ერთმანეთს ენათესავებოდნენ ცხოვრებისეული ფილოსოფიითა და იმ მუხტით, რაც როკ-ენ-როლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ჰილი კრისტალს ორად ორი წესი ჰქონდა: 1) ბენდს უნდა დაეკრა საკუთარი მასალა, არანაირი ქავერები; 2) ბენდს უნდა მოეტანა საკუთარი ინსტრუმენტები და აპარატურა. CBGB მხოლოდ ხმის ინჟინერს უზრუნველყოფდა. იგი პრიორიტეტს სწორედ თავის გამოხატვას ანიჭებდა და არა მუსიკალურ დონეს. მიაჩნდა, რომ ბენდები სწორედ სცენაზე ითელებიან და ვისაც მსმენელი ჰყავს, ყველა იმსახურებდა საკონცერტო დროს. Ramones, ბენდი, რომელმაც პირველმა მიიღო კონტრაქტი ხმის ჩამწერი სტუდიისგან და CBGB სცენიდან პოპ-კულტურაში ყველაზე მყარად განმტკიცებულად ბენდად რჩება, კლუბის მფლობელს კოშმარად მიაჩნდა.

Television არასოდეს მომწონდა, მაგრამ მაინც ვაძლევდი შანსს ჩვენთან დაეკრათ,“ – იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში კრისტალი: – „ერთ დღესაც Ramones შევუწყვილეთ. ღმერთო ჩემო, Ramones-ის მსგავსი საშინელება არასოდეს მომესმინა“. 

და მაინც, ყველას, ვინც იმ ორ ოქროს წესს აკმაყოფილებდა, ჰილი კრისტალი CBGB-ს უთმობდა. ამის გამოა, რომ ამ სცენაზე გამოწრთობილი ბენდების უმეტესობამ სადებიუტო ალბომითვე დაიპყრო აუდიტორია. სანამ ისინი საჭირო ფინანსებს და ყურადღებას მიიღებდნენ, მათ გარანტირებულად ჰქონდათ ადგილი, სადაც საკუთარ განაცხადს გააჟღერებდნენ და ჰყავდათ აუდიტორია, რომელიც აითვისებდა იმ ყველაფერს.

როცა Talking Heads როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში მიიღეს, დევიდ ბირნმა სცენაზე ჰილი კრისტალი მოიწვია და მადლობა უთხრა იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი ქანთრი- და ბლუზ-კლუბის იდეა ჩანასახშივე მოკვდა, რომ ცხოვრებამ სულ სხვა გზით წაიყვანა, რომელიც მას არ ესმოდა, მაინც გაჰყვა ამ შემოთავაზებულ გზას და მის აუდიტორიას. ჰილი კრისტალი ბიზნესის პანკი იყო, რომელმაც ვერასოდეს ვერ დაალაგა საქმე ბიუროკრატიასთან, ის არ იხდიდა გადასახადებს და მუდმივად ჰქონდა ქირასთან დაკავშირებული პრობლემები. 

ბევრისთვის „პანკის ნათლიად“ წოდებული კრისტალი თავის კლუბში იღებდა შემსრულებლებს, რომელთაც ჰქონდათ საკუთარი, უნიკალური ხმა, სათქმელი და გამოხატვის ფორმა. ამ აკუსტიკურ მრავალფეროვნებას აერთიანებდა მხოლოდ ის მთავარი მუხტი და ცხოვრებისეული ფილოსოფია, რომელსაც შარისმაძიებელი ახალგაზრდები ქმნიდნენ.

ამ რვეულში CBGB სცენის დიდების წლებში 1974-1979 წლებში გამოცემული იმ რვა ალბომით გავაგრძელებ, რომლებიც აღნიშნული კლუბის არტისტებმა ჩაწერეს. ბლოგის ბოლოს კი Spotify-ს ფლეილისტსაც დავურთავ. 

ჩემი აზრით, ამ სცენიდან საუკეთესო ალბომი Television-ის Marque Moon არის. ბენდი 1973 წელს ნიუ-იორკში ჩამოყალიბდა და დამაარსებლებს შორის იმდროინდელი სცენის ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, ვანდალები და ცეცხლის გამჩაღებლები – ტომ ვერლენი და რიჩარდ ჰელიც იყვნენ.

ბენდის მენეჯერმა ტერი იორკმა ჰილი კრისტალი დაარწმუნა, რომ ამ ბენდს CBGB-ში რეგულარულად უნდა დასთმობოდა სცენა. Television სამი წლის განმავლობაში აქტიურად უკრავდა კლუბში. ამავე პერიოდში, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ორმა კომპოზიტორმა გვერდიგვერდ ვერ გაძლო, ვერლენი ჰელის დაწერილ სიმღერებს აღარ მღეროდა, ამიტომაც ამ უკანასკნელმა ბენდი დატოვა და მოგვიანებით ისეთი მნიშვნელოვანი ჯგუფები ჩამოაყალიბა, როგორიც The Heartbreakers და Richard Hell & the Voidoids იყო. Television-მა კი 1980-იანებამდეც ვერ გასტანა, თუმცა ეს არაფრით არ აკნინებს იმ როლს, რაც ვერლენმა და კამპანიამ დატოვეს 70-იანების მუსიკალურ სცენაზე.

როდესაც ელეკტრა რეკორდსისგან პირველი კონტრაქტი მიიღეს, Television-მა სტუდიაში შესვლამდე კვირები გაატარა სარეპეტიციოში. მათ ჩაწერეს სრულიად თავბრუდამხვევი ალბომი, რომელიც მცირე ხანგრძლივობის სამი სიმღერით იწყება და ფირფიტის პირველი ნაწილი ათწუთიანი სიგიჟით, სიმღერა Marquee Moon-ით სრულდება. ფირფიტის მეორე მხარეს კი 5-6-წუთიანი ოთხი, ერთი მეორეზე უკეთესი სიმღერა გვხვდება.

ეს ალბომი იმ იშვიათ ჩანაწერებს შორისაა, რომელსაც უნიკალური შეიძლება უწოდო. ის საუკეთესო გამოცდილებაა იმის გასააზრებლად, თუ რა ფესვებიდან აღმოცენდნენ CBGB-ში შეკრებილი მსმენელებიცა და შემსრულებლებიც. ეს მოგზაურობა ერთგვარი დოკუმენტური მასალაა, ფსიქოდელიური დანამატებით. 

„იესო ვიღაცის ცოდვების გამო ეწამა, მაგრამ არა ჩემი ცოდვების გამო“  ამ ტექსტით იწყება პატი სმიტის დისკოგრაფია და მართლაც, რა უნდა იყოს იმაზე უფრო გაბედული, თავზეხელაღებული, პანკ-ჟესტი, ვიდრე საყოველთაო ანგლო-ამერიკული, კათოლიკურ და პროტესტანტული ნარატივიდან მიზანმიმართული განდგომა მსმენელთან პირველივე შეხვედრისას. პატი სმიტი თავადაა მესია და მისი ალბომი Horses მხოლოდ დასაწყისია იმ თავბრუდამხვევი მუსიკალური ცხოვრებისა, რომელიც პატის ჰქონდა. 

თავის წიგნში Just Kids პატი სმიტი იხსენებს, რომ არასაკმარისი მასალის გამო სცენის გაყოფა სწორედ Television-თან უწევდა ხოლმე (როგორც კიდევ არაერთ ბენდს იმ დროს), რაღაც ხნის განმავლობაში ის და ტომ ვერლენი ერთმანეთსაც ხვდებოდნენ და ვერლენი თანაავტორია ამ ალბომში შესული სიმღერისა Break it Up: „ამ სიმღერაში მე და ტომმა მოვყევით სიზმარი, სადაც პრომეთესავით დატყვევებული ჯიმ მორისონი უეცრად თავისუფლდება.“

პატი სმიტის Horses-ს მათრობელა ძალა აქვს. პოეტურ ტექსტებს ადევნებულ მელოდიებში დინამიზმი არასოდეს ვარდება, წუთიდან წუთამდე ნაშენები ენერგია პიკს ბოლოს წინა სიმღერაში აღწევს და მერე მოკლედ, მაგრამ პირქუში, ვამპირული პანკისთვის დამახასიათებელი ელეგიით სრულდება. „ამ ალბომით ქედსაც ვუხრით მათ, ვინც ჩვენთვის გზა გაკვალა“, – იხსენებს პატი სმიტი. ალბომის პროდიუსერი ჯონ კეილია, საკულტო გარეკანზე კი თავად პოეტი და მომღერლის პორტრეტია გამოსახული, რომელიც მისი ძველი საყვარლისა და მეგობრის, ფოტოგრაფ რობერტ მეიპლთროპის გადაღებულია. 

Sire Records-ის ერთ-ერთი დამაარსებელი სეიმურ შტაინი იხსენებს, რომ 1975 წლის ნოემბრის ერთ სუსხიან საღამოს კლუბში Ramones-ის მოსასმენად წავიდა. სანამ საკონცერტო სივრცეში შევიდოდა, გარეთ პატი სმიტის ბენდის გიტარისტთან, ლენი ქეისთან ერთად სიგარეტს აბოლებდა და სწორედ ამ დროს შორიდან მომავალმა მოგუდულმა მუსიკამ მიიქცია მისი ყურადღება. შტაინი ხმას გაჰყვა, კარში შევიდა Talking Heads-ის კონცერტზე ამოყო თავი.

არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ CBGB სცენის არცერთ სხვა ბენდს არ აუთვისებია იმხელა აკუსტიკური ნაკადი, რამხელაც დევიდ ბირნსა და კამპანიას. ეს უკიდეგანო მუსიკალური არეალი მათ სადებიუტო ჩანაწერშივე Talking Heads: 77 იგრძნობა. ბენდი სტუდიაში ორი კვირის განმავლობაში წერდა ამ ალბომს. მათი მთავარი ჰიტის, Psycho Killer-ის შესრულებისას, ერთ-ერთი პროდიუსერი ტონი ბონჯოვი დევიდ ბირნს ხელში დანას აჩეჩებდა, რომ პერსონაჟის როლში შესულიყო და ისე ემღერა, მაგრამ ისედაც საკმარისად შერეკილი ბირნი თავს პირიქით, არაკომფორტულად გრძნობდა ნებისმიერ დროს, როცა შესრულებისას ბონჯოვი უყურებდა ხოლმე. ამიტომაც მოითხოვა მისი სტუდიიდან გაყვანა.

კი, Talking Heads ბევრისთვის იყო დიდი თავის ტკივილი და ჩემი აზრით, ახლაც ყველაზე დიდ პრობლემად რჩება იმ მუსიკალური კრიტიკისთვის, რომელსაც ისევ ჯიუტად სურს ცნება „პანკი“ გარკვეულ აკუსტიკურ არეალს მოარგოს. ბენდი წლების განმავლობაში გადაეკვეთა ისეთ ჟანრებს, როგორებიცაა: ფანკი, აფრობიტი, ნიუ-ვეივი, პოპ-როკი და ა.შ. თავად დევიდ ბირნის სოლო კარიერაზე და აკუსტიკურ ნიადაგებზე საუბარი კი ცალკე საუბრის თემაა.

საშინელებათა ჟანრის ფილმებით შთაგონებული The Cramps ე.წ ფსაიქობილის ერთ-ერთი პიონერია. ბენდმა CBGB-ში დაკვრა 1976 წელს დაიწყო და აუდიტორიას თავი პირველ რიგში პირქუში მელოდიზმით დაამახსოვრა. 1978 წელს ბენდმა პირველი მოკლე ალბომი – Gravest Hits ჩაწერა, რომელიც მოგვიანებით, მათი კომპილაციური ალბომის, Off the Bone-ის პირველ გვერდზე გამეორდა. 

ბენდის დამაარსებლები ერიკ ლი პარკჰიშერი და კრისტი მარლანა უოლასი (სასცენო სახელებით – Lux Interior და Poison Ivy) ერთმანეთს 1972 წელს კალიფორნიაში შეხვდნენ. წლების შემდეგ მთელი კონტინენტი გადასერეს და ნიუ-იორკში დაფუძნებულები CBGB-ს გარემოს შეერივნენ. არაა გასაკვირი, რომ მათი მთავარი გავლენა ქარიზმატული ბლუზმენი, სქრიმინ ჯეი ჰოკინსი არის. The Cramps-ის მუსიკაშიც სონგვრაითინგიცა და შესრულებაც ბლუზმენის შესაფერისია, აქ არავინაა ორიენტირებული მოკლე, მარტივად დასამახსოვრებელ ფრაზებზე, ბენდი თავისუფალი ლექსისა და ბლუზმენური ნარატივის ფორმატში გაცილებით უკეთ გრძნობს თავს. 

ფლეილისტში Gravest Hits-ის სიმღერები აუცილებლად დაგხვდებათ, ამ რვეულისთვის კი მინდა გირჩიოთ, რომ ოდესმე დრო დაუთმოთ ამ უნიკალურ ორსაათიან მასალას, სადაც 1978 წლის 13 ივნისს ბენდი სან ფრანცისკოს ერთ-ერთი მენტალური ჯანმრთელობის თავშესაფარში მართავს კონცერტს. “თქვენზე მეუბნებიან, რომ შეშლილები ხართ. ჩემთვის ძალიანაც ნორმალურებად ჩანხართ“, – ეუბნება ლუქს ინტერიორი თავშესაფრის მკვიდრებს, რომლებიც დროდადრო სცენაზე ადიან და ბენდის გარშემო ცეკვავენ. 

საინტერესოა, რომ Ramones-ის მომძულებელი ჰილი კრისტალი, მათთან აკუსტიკურად ყველაზე დაახლოებულ Dead Boys-ში უკიდეგანო პოტენციალს ხედავდა და მათზე ისეთ იმედებს ამყარებდა, რომ ბენდის მენეჯერობა თავადვე ითავა.

1976 წელს კლივლენდში ჩამოყალიბებული ეს ბენდი ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური პერფორმერები გამოდგნენ, რაც კი CBGB-ს სცენას უნახავს. თავაშვებული და უკონტროლო  კონცერტები, სადაც ბენდის ვოკალისტი სტივ ბეტორზი არც მაზოხისტურ წარმოდგენებს ერიდებოდა, შეიძლება ითქვას, იმ დამოკიდებულების და ჟღერადობის განმსაზღვრელი გახდა, რომელიც კლუბის სცენამ, პანკ-მუსიკის შემდგომმა ამერიკულმა ანდერგრაუნდმა თუ პირიქით, MTV-ს მიერ მოთვინიერებულმა „პანკ-არტისტებმა“ შეითვისეს.

მათი სადებიუტო ალბომი, რომელიც უამრავი პრობლემის მიუხედავად მაინც ჩაიწერა და გამოიცა Sire Records-ზე, განმსაზღვრელია სხვა თუ არაფერი იმ მიმართულებისთვის, რასაც მოგვიანებით სკა-პანკად თუ პოპ-პანკად ვიცნობთ. Young, Loud and Snotty-ის პირველი ნაწილი მარტივ ფრაზირებაზეა დამყარებული, მძლავრად მჟღერი გიტარითა და დრამის სწრაფი ფილებით. მეორე ნაწილი კი უფრო მელოდიურია, რაც მიუხედავად ბენდის უკონტროლობისა, არცერთი წამით არ ტოვებს არაბუნებრიობის შეგრძნებას.

მოკლედ, ეს ალბომი უნდა მოისმინოთ, რომ გაიგოთ, თუ როგორი იყო ნამდვილი ამერიკული, გაბრაზებული, აკუსტიკურად დაულაგებელი პანკ-მუსიკა, სანამ 80-იანების მძლავრი მუსიკალური ინდუსტრია და მედია მას თავის ლუკმად და ფართო მოხმარების საქონლად გადააქცევდა. 

დაუსრულებლად შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, თუ ვინ დაატყო ყველაზე დიდი კვალი მუსიკის ისტორიას CBGB სცენიდან, მაგრამ კონკრეტულად იმ პერიოდში, როცა კლუბი თავისი დიდების ხანაში იყო, არა მგონია, Blondie-ზე უფრო პოპულარული რომელიმე ბენდი ყოფილიყო.

ფლეიბოის ყოფილი მოდელი – დები ჰარი ბენდ Stilettoes-ში მღეროდა, როცა მათ გიტარისტი კრის შტეინი შეუერთდათ. ჰარიმ და შტეინმა შეხვედრა ბენდის გარეთაც დაიწყეს, მოგვიანებით კი რამდენიმე მუსიკოსთან ერთად ახალი ბენდი ჩამოაყალიბეს, სახელად Angel and the Snake. ერთ დღეს სატვირთოს მძღოლმა მის გვერდით მქროლავ დების გადასძახა, „Hey Blondie” და მანაც გადაწყვიტა, რომ ბენდისთვის სახელი გადაერქმიათ.

Blondie-ს საქმე მშვენივრად მისდიოდა, ხუთი წლის განმავლობაში სისტემატურად წერდნენ და უშვებდნენ ახალ ალბომებს, მაგრამ 1978 წლის Parallel Lines-ის მსგავსი მნიშვნელობისა და დონის არცერთი არ ყოფილა. ეს არის უაღრესად გემოვნებიანი ჩანაწერი, რომელიც სხვადასხვა სტილისა და ჟღერადობის სიმღერებითაა სავსე, Parallel Lines-ში კარგადაა დამუშავებული სხვადასხვა ხასიათის მუსიკალური თემები, არაერთხელ შეხვდებით პანკ-სცენისთვის ზოგჯერ უჩვეულოდ გადაწყობილ რიტმებსა და თემებს, სიმღერები კი ისეა დაბალანსებულად  დალაგებული, რომ რომანტიკული, მეოცნებე და თავქარიანი ტრეკები ერთი მეორეს მიყოლებით უპრობლემოდ ისმინება.

ბევრი კრიტიკოსის აზრით, CBGB სცენის პირველი და ზოგადად პანკ-მუსიკის ერთ-ერთი უმთავრესი პიონერია ბენდი The Dictators. კოლექტივმა სცენაზე სულ რაღაც 5 წელი დაყო, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი, რომ ჟანრისთვის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტები გამხდარიყვნენ. 1973 წელს ნიუ-იორკში შექმნილმა კვარტეტმა ჟურნალისტებსა და მსმენელ აუდიტორიას ხშირად დაამახსოვრა თავი როგორც კომიკურმა მუსიკოსებმა, მაგრამ ამას ხელი ერთი წუთითაც არ შეუშლია ბენდისთვის ყოფილიყო CBGB სცენის ერთ-ერთი მთავარი არტისტი.

მათი სადებიუტო 1975 წლის ალბომი The Dictators Go Girl Crazy! სათაურიდან და გარეკანიდანვე გვეუბნება, რომ საქმე მართლაც გვაქვს კომედიური თუ ირონიული მიდგომასთან. ჰევი მეტალისთვის დამახასიათებელი უთავბოლო და ტექნიკური სოლოები მთლიანად ქმნის ალბომის სადღაც თინეიჯერულ განწყობას, რაც 35 წუთის განმავლობაში მუდმივად ინარჩუნებს თავის ენერგიას და ეს სისხარტე არის ალბათ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ გბეზრდება.

და ბოლოს, არა მარტო CBGB სცენის, არამედ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საეტაპო პროექტი – ალან ვეგასა და მარტინ რევის Suicide. უსახლკარო მხატვრისა და ჯაზმენის ეს დუეტი მუსიკას გატეხილ სინთეზატორსა და იაფფასიან დრამ-მანქანაზე ქმნიდა, მათი კონცერტები შოკისმომგვრელი იყო CBGB-ს აუდიტორიისთვისაც კი, როცა სქელი ჯაჭვით „შეიარაღებული“ ალან ვეგა ზოგჯერ ისედაც ჩამოქცევის პირას მყოფ სცენის იატაკს სცემდა, ზოგჯერ კი საკუთარ თავს. „მე მგონი, ჩვენ ზედმეტად პანკები ვიყავით, პანკ-აუდიტორიისთვისაც კი“ – იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში ალან ვეგა. – შეიძლება ვიღაცას გართობა სურდა, მაგრამ მე ზოგადად ის იდეაც კი მძულდა, რომ კონცერტი გასართობი ადგილი შეიძლება ყოფილიყო.“ ამის გამო იყო, რომ მათი კონცერტები ხშირად ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა და არაერთი ადამიანის დასახიჩრებით მთავრდებოდა. სცენაზე ისროდნენ ბლაგვ და ბასრ საგნებსაც და ალან ვეგა ამბობდა, რომ ყოველდღე ჰქონდა იმის განცდა, რომ ვიღაცა სცენაზე დგომის დროს მოკლავდა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ დუეტს ჰილი კრისტალმა CBGB-ს კარიდან გაუძახა, არ აპატია ძალადობისა და აგრესიის გამოწვევა.

Suicide-მა სადებიუტო, ამავე სახელწოდების ალბომი 1977 წელს გამოუშვა და მიუხედავად იმისა, რომ უაღრესად მარტივი კომპოზიციურობისა და ფრაზირებით გვამახსოვრებს თავს, ის ნახევარი საათის განმავლობაში ეზოთერულ, ფსიქოდელიურ გარემოს ქმნის, რომლისგან თვის დაღწევაც ურთულესი ამბავია.

ამ აკუსტიკურ გარემოს თავი აგერ უკვე ამდენი დეკადის მერეც კი ვერ დააღწიეს თანამედროვეობის ძალიან ბევრმა ისეთმა არტისტმა, რომლებიც დღეს ათიათასობით აუდიტორიის წინაშე დიდი ფესტივალების ჰედლაინერებად გვევლინებიან. 

CBGB-ს ყველაზე დიდი მიღწევა ზუსტადაც იმ იდეის ხორცშესხმა გამოვიდა, რასაც Suicide ჰქვია. დუეტის მიდგომამ, რომ ყველას, აბსოლუტურად ყველას, მიუხედავად იმისა, რა აპარატურას თუ ტექნიკურ შესაძლებლობებს ფლობს არტისტი, მთავარია შემოქმედებითი ენერგია და სადღაც რაღაც აუცილებლად გამოვა. 

„მე არ მაინტერესებს ტექნიკური დახვეწილობა, მთავარია მუსიკოსს სათქმელი ჰქონდეს, თავისი საკუთარი სათქმელი“, – ამბობდა ჰილი კრისტალი და თუმცა Suicide-ს კონცერტები კლუბში აკრძალა, მაინც მისთვის პრობლემა არც დამტვრეული ინსტრუმენტებით გაჟღერებული სათქმელი იყო. 

მართლაც, აბა მილიონიანი აპარატურა და პანკი სად გაგონილა?! ალან ვეგამ და მარტინ რევმა თაობები შთააგონეს, რომ მუსიკა არის ყველასთვის, ვისაც მუსიკის დაკვრა უნდა.

 

პლეილისტი

 


რეკომენდებული სტატიები
#10 - ყოფის აუტანელი სიმსუბუქე მონტი პაითონის სიმღერებში

#10 - ყოფის აუტანელი სიმსუბუქე მონტი პაითონის სიმღერებში

#10 - ყოფის აუტანელი სიმსუბუქე მონტი პაითონის სიმღერებში
სიბრიყვე, გენიოსობა, რწმენა, აპათია, ნიჰილიზმი, წარმატება და წარუმატებლობა, იმედი და უიმედობა... და კიდევ უამრავი მდგომარეობა Monty Python-ის შემოქმედებაში ყოველთვის ირონიისა და შავი იუმორის ლუკმაა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.