კომპანია Eatense მსოფლიოში პირველ „ჭკვიან“ თეფშს გვთავაზობს
საახალწლო დღეებში, დაბადების დღეებსა თუ სხვადასხვა წვეულებებზე სუფრა ზეიმის განუყოფელი ნაწილია. მასპინძლები ცდილობენ სტუმრებს სადღესასწაულოდ მორთული მაგიდა დაახვედრონ, შესაბამისად, დიდ ყურადღებას აქცევენ დიზაინსა და ჭურჭლის შერჩევას.
სტარტაპ კომპანია Eatense-მა, პროექტის დაფინანსების მოთხოვნით, წარმოადგინა ამავე სახელწოდების თეფში, რომელშიც ფერადი ეკრანია ინტეგრირებული.
მომხმარებელი iOS-ისა ან ანდროიდის ოპერაციულ სისტემებში ინსტალირებული სპეციალური პროგრამის მეშვეობით არჩევს შესაბამის გამოსახულებას და ტვირთავს თეფშის ეკრანზე. პროგრამის არქივში გამოსახულებების ძალიან დიდი არჩევანია. კავშირი მომხმარებლის მოწყობილობასა და თეფშს შორის Bluetooth-ის ან Wi-Fi-ს მეშვეობით მყარდება.
თეფში 600 გრამს იწონის, ხოლო ზომები 270х180х28 მმ-ია.
საინტერესოა ისიც, რომ მოწყობილობა წყალგაუმტარია და შესაბამისად, შესაძლებელია მისი ონკანის წყლის ჭავლის ქვეშ გარეცხვაც. მისი დატენვა უსადენო კავშირით ხდება, სრული დატენვის პირობებში კი, თეფში 4 საათის განმავლობაში მუშაობს.
Eatense 159$ ღირს და მისი შეძენა შესაძლებელია პლატფორმაზე INDIEGOGO.