fbpx

ნეონის ტექნოლოგიით მომუშავე 6 თანამედროვე არტისტი


გააზიარე სტატია

 

ნეონი (ლათ. Neos – ახალი) – მე-5 ყველაზე გავრცელებული ქიმიური ელემენტია ჩვენს სამყაროში. ის 1898 წელს აღმოაჩინეს და მანათობელი თვისებების გამო მალევე მიიქცია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა ყურადღება. 1910 წელს პარიზის ავტოსალონზე ქიმიკოსმა და ინჟინერმა ჟორჯ კლოდმა ქიმიური ელემენტი სარეკლამო აბრისთვის გამოიყენა. რამდენიმე ათწლეულში კი ამერიკული ყოფის, კერძოდ, ლას-ვეგასის, ნიუ-იორკისა და ჩიკაგოს ურბანული იერსახის განუყოფელი ნაწილი გახდა.  

1960-იანი წლებიდან სავარაუდოდ, პოპ-არტის გავლენის შედეგად, ნეონის გამოყენება უკვე არტისტებმა დაიწყეს და მნიშვნელოვნად გააფართოვეს მისი გამომხატველობითი პოტენციალი. 

 

წარმოგიდგენთ ნეონით მომუშავე რამდენიმე ცნობილი არტისტის ნამუშევრებს:

 

გლენ ლიგონი.

ამერიკელი გლენ ლიგონი ნეონური ინსტალაციით 2006 წელს გამოჩნდა. მან საბეჭდი მანქანის შრიფტით შექმნილი სიტყვა „ამერიკა“ წარმოადგინა. ნეონის თეთრი მილები  შავი საღებავით დაფარა, რომელიც ალაგ-ალაგ იშლება და ბზარებში თეთრი განათება გარეთ აღწევს. ლიგონის თქმით, ამგვარი მიდგომა კონცეპტუალური ხასიათისაა. „მიუხედავად ამერიკის შავი და ბნელი რეალობისა, მისგან ნათელი მაინც გამოსჭვივის“,  – ამბობს არტისტი.  

ექსპერიმენტები ფერით  და ფერების შინაარსობრივი დატვირთვები ლიგონის შემოქმედების განუყოფელი ნაწილია, სადაც „შავი ამერიკის“ პრობლემებზე, მის პირად პოლიტიკურ და სოციალურ პოზიციებზე კეთდება აქცენტი.

 

მერი უეტერფორდი.

მხატვარმა მერი უეტერფორდმა ნეონის გამოყენება 2012 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ბეიკერსფილდში, კალიფორნიის ნეონის გზებზე იმოგზაურა. ნეონი მის ნახატებს დამატებით მნიშვნელობებსა და ინტენსივობას მატებს. 

 

ივან ნავარრო.

ივან ნავარრო ჩილელი არტისტია, რომელიც პინოჩეტის რეჟიმის დროს გაიზარდა. დიქტატურის წლებში ის რეპრესიების, კომენდანტის საათისა და ძალადობის მოწმე იყო. საბოლოოდ,  პოლიტიკური პროტესტი რეჟიმისა და აშშ-ს პოლიტიკის მიმართ საკუთარ ნამუშევრებში გადმოსცა. მისი პირველი საპროტესტო მანიფესტი საზოგადოებამ 2009 წელს ვენეციის ბიენალეზე იხილა.  მან ჩილეს პავილიონის 13 კარი ინდივიდუალური ნეონის ფერებითა და სარკეებით გააწყო. ინსტალაცია უსასრულო გასასვლელის, დერეფნის შთაბეჭდილებას ტოვებდა და Death Row ერქვა, რითაც არტისტი მინიშნებას პინოჩეტის რეჟიმის დროს სიკვდილით დასჯის პრაქტიკაზე აკეთებდა.

ასევე საინტერესო იყო ივან ნავარროს 2006 წლის ნამუშევარი Red and Blue Electric Chair – ავეჯის ნეონური დიზაინი. ამ შემთხვევაში მან “ელექტროსკამი“ იგულისხმა. „ნეონი მომხიბლავი და ნაზია, თუმცა მოკვდინება შეუძლია“, – განმარტავდა არტისტი.

 

შეზად დაუდი.

პაკისტანურ-ინდური წარმოშობის  ლონდონელი არტისტი შეზად დაუდი მის ნეონურ ინსტალაციებში ვირტუალური რეალობის ელემენტებსაც იყენებს. მას რელიგიური სიმბოლოები სამეცნიერო ფანტასტიკაში აინტერესებს და ქმნის სამყაროს, სადაც ღვთაებრივი სახეები, ტრადიციონალიზმი, ტექნოლოგიები და ინოვაციები ერთმანეთს ერწყმის. 

 

ჯიუნგ ლი.

სამხრეთ კორეელი არტისტის, ჯიუნგ ლის ნეონის ინსტალაციების შემჩნევა ქვეყნის სანაპიროებსა და უდაბნოებში შეიძლება. მაგალითად, ნამუშევრები  – we have nothing to envy და paradise on earth, რომელთაც პოლიტიკური კონტექსტი ჰქონდათ, ჩრდილოეთ კორეის საზღვართან განათავსა. 

 

ბრიუს ნაუმანი.

ბრიუს ნაუმანი მოქანდაკე და ფოტოგრაფია. „შუქის მხატვარი“ კი 60-იანი წლებიდან გახდა. სოციალური, ეროტიკული და გენდერული თემატიკა, სიტყვების მახვილგონივრული თამაშით აგებული ნეონური ინსტალაციები არტისტის სავიზიტო ბარათია. 


რეკომენდებული სტატიები
ქალები Pop-Art-ის გარიჟრაჟზე

ქალები Pop-Art-ის გარიჟრაჟზე

ქალები Pop-Art-ის გარიჟრაჟზე
50-იანი წლების ბოლოსა და 60-იანი წლების დასაწყისში, როცა პოპ-არტი ძალას იკრებდა, ე.წ. ბიჭების კლუბის მიღმა არსებობდნენ არტისტი ქალებიც, რომელთა როლი ჟანრის განვითარებაში მოგვიანებით შეამჩნიეს და  შეაფასეს. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს
ნიუ-იორკის მუზეუმი ცნობილი ამერიკელი არტისტის - მარტა როსლერის გამოფენას ხსნის

ნიუ-იორკის მუზეუმი ცნობილი ამერიკელი არტისტის - მარტა როსლერის გამოფენას ხსნის

ნიუ-იორკის მუზეუმი ცნობილი ამერიკელი არტისტის - მარტა როსლერის გამოფენას ხსნის
როსლერის შემოქმედება ფოტოგრაფიას, ვიდეოს, კოლაჟს, ინსტალაციას, სკულპტურასა და პერფორმანსს მოიცავს. მისი ერთ-ერთი პირველი ცნობილი ნამუშევარი 1975 წლით თარიღდება - ესაა ფემინისტური ვიდეოარტი Semiotics of the Kitchen
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.