fbpx

ქუჩიდან აყვანილი ცხოველები და მათი თავგადასავლები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო ჩლაიძე

 

4 აპრილი მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღეა.

საქართველოში  ქუჩის ცხოველების  ხვედრი ძალიან მძიმეა და  მათი ყოველდღიურობა გადარჩენისთვის ბრძოლაა. ჩვენს რეალობაში უჯიშო, ქუჩის თუ თავშესაფრის ცხოველებს ნაკლებად წყალობენ და უმრავლესობა მაინც ჯიშიანი ცხოველის ყიდვას ანიჭებს უპირატესობას.

ამის მიუხედავად,   უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში ეს ტენდენცია მართალია, ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იცვლება. ჩვენთვის ცნობილია არაერთი შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სოციალური ქსელის საშუალებით, ქუჩიდან, ან თავშესაფრიდან აჰყავთ მიუსაფარი ცხოველები.

At.ge გაგაცნობთ ერთ დროს მიუსაფარ ცხოველებს და მათ ამჟამინდელ პატრონებს. ეს ერთი შეხედვით მოკლე ამბები სინამდვილეში მრავლის მთქმელია და ყოველი მათგანი გადარჩენილ სიცოცხლეზე გვიამბობს.  

 

დალი ბერეკაშვილი:

 

სახლში ვბრუნდებოდი და კნუტის განწირული კნავილი შემომესმა. იქვე მაღაზიასთან ქალები ყიდნენ რაღაცას და, “გაგვაყრუა, შევწუხდითო”. კნუტი თურმე მანქანის საბურავზე იჯდა. ახლოს რომ მივედი, კნავილი შეწყვიტა და დაიმალა, მერე მორცხვად გამოყო თავი. ხელში ავიყვანე და იმწამსვე გულთან მომადო თავი და აკრუტუნდა.

 

ეკა დემეტრაძე:

როკი 10 პაწაწინა ლეკვიდან  ჩემმა შვილმა და ყველაზე საყვარელმა მეგობარმა აარჩია. ეს ლეკვები DOG ORGANIZATION GEORGIA-ს დახმარებით ორ არაჩვეულებრივ ქალბატონს ჰყავდა სახლში შეფარებული. როდესაც როკი მოვიყვანეთ, ძალიან შეშინებული იყო, ადამიანების მიმართ ნდობა არ ჰქონდა… არ ვიცი რა გადახდა ასეთი თავს, სანამ ჩვენთან მოხვდებოდა. ბევრი ვეფერეთ და მაინც დავარწმუნეთ, რომ ყველა ადამიანი არ არის ბოროტი. როკი ყველას  თბილად ექცევა, ადამიანსაც და ცხოველსაც. ქუჩის ძაღლები ბევრად უფრო ჯანმრთელები, კეთილები, ყურადღებიანები და რაც მთავარია, უფრო ინდივიდუალურები არიან, ვიდრე ჯიშიანები. როკი არის ერთდროულად ყველაზე რთული და ყველაზე საოცარი რამ, რაც ცხოვრებაში დამმართნია.

 

ეკა ქართველიშვილი:

ემი – ჩემი უდიდესი სიყვარულია. 3 წლის წინ  გაძვალტყავებული ვიპოვეთ საბადურის ტყეში მე და ჩემმა მეგობარმა. შუა ტყეში იდგა, გზაზე, სავარაუდოდ, მინიმუმ ერთი თვე იყო იქ, რომ ჩამოვიყვანეთ, მკერდში რძე ჩაუდგა და აღმოჩნდა, რომ ლეკვები ტყეში ჰყოლია.  წავიყვანეთ ისევ იმ ადგილას და თავისი ფეხით მიგვიყვანა ლეკვებთან. ჩამოვედით ექვს ლეკვთან ერთად, შევიფარეთ, თუმცა ამასობაში ჭირიც დაემართა. ვუმკურნალეთ, გამოვაჯანმრთელეთ და მას შემდეგ ჩემს სხვა ცხოველებთან ერთად ცხოვრობს.  მისი ლეკვები გავაჩუქეთ!

 

 

ბონი, 3 წლის მეტისი, საბურთალოზე “ნიკორადან” გამოსულს დამხვდა კარში და ჩემი გული მომენტალურად მოიგო (მაშინ მისი მზაკვრული გეგმების შესახებ არ ვიცოდი, აშკარად გათვლილი ჰქონდა ჩემი მონუსხვა და შემდგომ ყველაზე და ყველაფერზე ბატონობა) ერთი თვე შემფარებელთან ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ,  ერთი თვის თავზე, ჩემმა ცრემლებმა ოჯახის წევრებთან „გაჭრა“ და დღეს, ბონი ჩვენი ოჯახის უფროსია.

 

სოკო. სოკო შარშან ზაფხულში საბადურის ტყეში დატოვეს ორ დაიკოსთან ერთად, ერთი თვისა  იყვნენ ალბათ. ჩამოვიყვანე თბილისში და ჩემს ეზოსთან შევაფარე, სანამ აცრებს დავუწყებდი, ჭირი დაემართათ და მკურნალობიდან ერთი თვისთავზე მხოლოდ სოკო გადარჩა. ძალიან იღბლიანი და კარგი  გოგოა, მორიდებული და თბილი.

 

ელენე ხოშტარია:

 

ტაბახმელაში ვცხოვრობთ. ერთხელ ჩვენს ეზოში ძალიან გამხდარი ძაღლი მოვიდა. ვაჭამეთ, ვეთამაშეთ… შემდეგ ჩემ ქალიშვილს, ნატალიკოს ძალიან შუყვარდა და შემოგვთავაზა, ალექსანდრე ძაღლიშვილი დავარქვათო. მას მერე ალექსანდრე ჩვენთანაა. საოცრად თბილი, ჭკვიანი და კულტურული ძაღლია.

 

ელისო მეგრელი:

 

ჩიკო 4 წლისაა. 3 წლის წინ მესამე სართულზე კართან დამხვდა. ორჯერ ვეცადე გამეჩუქებინა   და ორივეჯერ დააბრუნეს, რადგან მარტო არ რჩებოდა სახლში. მესამე მცდელობაზე გავაჩუქე, მაგრამ ორ დღეში გაეპარათ… სამი თვე ვეძებე და ვიპოვე. მას შემდეგ გაჩუქება აღარც მიფიქრია.

 

ლუსი 11 თვის გოგოა. ჭირი გადაიტანა და რეაბილიტაციის მიზნით შევიფარე, თუმცა ეს ცანცარა და თბილი გოგოც ჩემი ოჯახის წევრი გახდა.

ჯაკუ. 8 წლის წინ  წამოვიყვანეთ ელიზბარაშვილის თავშესაფრიდან.

 

მანანა ბუაჩიძე:

 

ჩორთიკო 14 წლის წინ გამოვგლიჯე ძაღლებს. ცუდი ის იყო, რომ გარშემო იდგნენ ზრდასრული “ადამიანები” და სეირს უყურებდნენ. ხელისგულზე დავისვი და გავიფიქრე, სადმე, უსაფრთხო ადგილას გადავსვამ-მეთქი. სახლში მყავდა კატა. ჩორთიკომ კი კრუტუნი დაიწყო და მომეკრა. რაღას გადავსვამდი, წავედით სახლში ერთად.

 

ნანუკა ძირტკბილაშვილი:

ვულფი  2015 წლის იანვარში გავიცანი, როცა უბანში გამოჩნდა, მივიკედლე და განვაგრძე მასზე ზრუნვა. 13 ივნისს, სტიქიის დროს, ბატონ თეიმურაზ წიქორიძის თავშესაფარში აღმოჩნდა, ინტერნეტში შემთხვევით ფოტოზე ვიცანი, წავედი, წამოვიყვანე და ისევ მიკედლების ადგილზე დავაბრუნე, სანამ ივლისის ერთ ჩვეულ ცხელ საღამოს არ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩემ ვულფიკოს თვალი ჰქონდა დაზიანებული. ვიღაცას ბასრი საგანი ჩაერტყა მისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მაშინათვე წავიყვანეთ ექიმთან, თვალის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. შემდეგ  ორკვირიანი რეაბილიტაცია და ყოველდღიური მანიპულაციები სჭირდებოდა. მეუღლემ და მე გადავწყვიტეთ ორი კვირა სახლში გვყოლოდა, რის შემდეგაც მრავალი “ორი კვირა” გავიდა და უკვე ოთხი წელია ვულფი ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია.

ფიზიკურმა ტრავმამ მის ფსიქიკაზეც პოვა ასახვა. ოჯახის წევრების გარდა არავის იკარებს, არადა მანამდე ქუჩის პირობებში მთელ ქალაქს წრეებს ურტყამდა და გამვლელ-გამომვლელს, ძირითადად წყვილებს, აედევნებოდა და მიჰყვებოდა. საბოლოოდ მან იპოვა მისი საკუთარი „წყვილი“.

 

 

ცუცა პეკინის გამზირზე ვიპოვე 2016 წლის ზაფხულში, იჯდა აბსოლუტურად აპათიური, მოწყენილი, თავდაღუნული. მეგონა, ავად იყო. საკვები დავუყარე, არ შეჭამა, წყალი დავუსხი – არ დალია. იმ მომენტში სხვა გზა არ მქონდა და დავტოვე ისევ იქ,  ბორდიურის გასწვრივ. საღამოს გამოვიარე და ისევ იქ იჯდა, გული შემეკუმშა და წამოვიყვანე. დაახლოებით ერთ თვეში მივხვდი, რომ მაკედ იყო. მისი ცუდად ყოფნაც ამით იყო გამოწვეული. 17 სექტემბერს სამი არაჩვეულებრივი ლეკვი ეყოლა, რომელიც სამი თვის ასაკში დავაბინავე მზრუნველ ოჯახებში. ცუცას კი სტერილიზაცია გავუკეთე და მას მერე ჩვენთან ბინადრობს. ფაქტობრივად,  ორი სახლი აქვს, ხან ჩემთან არის – ხან მეზობელთან, ქალბატონ ლალი ხარაბაძესთან. საოცრად გონიერი ვინმეა, გასაგიჟებელი ჭკუით. დამოუკიდებლად გადის სასეირნოდ, მგზავრობს ლიფტით, ზუსტად იცის, რომელია კეთილმოსურნე მეზობელი და რომელი პირიქით, შესაბამისად, არჩევს, ვისთან ერთად იმგზავროს ლიფტში. კართან რომ ჯდება, წკმუტუნს იწყებს და გვაგებინებს, რომ მოვიდა.

მოკლედ, ფენომენალური ტიპია. ცოტა კი გაგვისუქდა, ფეხით სიარული ეზარება, მაგრამ სხვა მხრივ არაჩვეულებრივი ქალბატონია.

 

ნინო ჩლაიძე:

წრიპა ორი წლის წინ ვერის პარკში ვიპოვნე. ერთ ბეწო ლეკვს ისე ათამაშებდა ორი ნასვამი კაცი, როგორც რაგბის ბურთს. ლეკვი გამოვართვი და სახლში წამოვიყვანე. მეგონა, დროებით. მეორე დღეს უმძიმესი ფორმის ენტერიტმა შეუტია. დიდხანს იბრძოლა სიცოცხლისთვის და გადარჩა. შემდეგ გაჩუქებას შევეცადე, მაგრამ ამაოდ. წრიპა დღეს ჩვენი ძაღლია და ვერ  წარმომიდგენია მის გარეშე ცხოვრება. უცნაური ის არის, რომ წრიპა არ ცნობს ჯიშიან, პატრონიან ძაღლებს და მხოლოდ ქუჩის ძაღლებთან მეგობრობს. ალბათ თანაუგრძნობს მათ და ფიქრობს, რომ ყველა ძაღლი იმსახურებს კარგ და მოსიყვარულე პატრონს.

 

ქეთი ორაგველიძე:

სამი კატა მყავს: მაწაკა, კლონი და ჩიკორია.

მაწაკა მაკედ იყო, ჩემს კორპუსთან რომ გამოჩნდა. თავიდან უბრალოდ ვკვებავდი, შემდეგ სადარბაზოში, ჩემი კარის წინ, მოვუწყვე სახლი და რამდენიმე თვე იქ გაატარა. იქვე გამოზარდა ერთადერთი ქალიშვილი – კლონი. მერე ზამთარი დადგა და ცივი ღამეების დროს სახლში ვუშვებდი ხოლმე,  ცივი დღეების დროსაც, თბილი ღამეების და თბილი დღეების დროსაც და ასე, ნელ-ნელა გახდნენ კლონი და მაწაკა ჩემი ოჯახის სრულუფლებიანი წევრები.

რამდენიმე წლის შემდეგ კი თითქმის იგივე ისტორია განმეორდა ჩიკორიაზეც. ესეც უბანში ვიპოვე, ესეც მაკედ. ნამდვილად არ ვგეგმავდი კიდევ ერთი კატის შემოსახლებას, მაგრამ როგორც ჩანს, ჩიკორიას სხვა გეგმები ჰქონდა და ის უფრო თანმიმდევრული აღმოჩნდა საკუთარი გეგმების  ასრულებაში.

 

სოფო ჯიბუტი:

დუჩა 4 წლის წინ ავიყვანე. დიღომში ერთ- ერთი სასტუმროს ეზოში მივიდა,  რაღაც პერიოდი იქ მიწევდა სიარული. სასტუმროს სასადილოდან აჭმევდნენ, დაცვაც უვლიდა,  მაგრამ მენეჯერმა გადაწყვიტა მოშორება. დამიკავშირდა დაცვა, გავიქეცი და წამოვიყვანე. მას შემდეგ ჩემთან არის, დუჩამ ზუსტად იცის, რომ გადავარჩინე და ამიტომ მისგან სულ ვგრძნობ მადლიერებას, ჩემი მის მიმართ სიყვარულს ერთიასად მიბრუნებს.

კორჟიკა სულ რამდენიმე თვეა, რაც ჩემთან ცხოვრობს. კორჟი ჩვენთან უბანში მოვიდა, მძუნაობის პერიოდი ჰქონდა, ძალიან შეშინებული იყო, ქცევებზე ეტყობოდა, რომ სახლში ნაცხოვრებია. აქ, უბანში ვუვლიდით, მაგრამ რაღაც პერიოდი გაქრა და ისევ გამოჩნდა უკვე საჭდით ყურზე. ანუ გასტერილებული. ამის საცოდაობას ვერ გავუძელი, დავდე გაჩუქებაზე განცხადება. სანამ ვინმე გამოჩნდებოდა, დროებით შევიფარე. მალე გაჩუქდა კიდეც, მაგრამ უკან მოაბრუნეს. ისევ დავიწყე პატრონის ძებნა, მალევე გამოჩნდა მეორე პატრონიც, მაგრამ იმანაც მოაბრუნა. კორჟი არის ძალიან გონიერი ძაღლი, ორივე გაჩუქებისას გამომეტირა და სადღაც ვგრძნობდი კიდეც, რომ მაინც ჩემთან იქნებოდა, ამას კორჟის თვალები მეუბნებოდნენ. დღეს ჩემი კორჟიკა ჩემთან ცხოვრობს, ყველაფერი ესმის და ასრულებს მადლიერების ნიშნად.

ჩემი ორი მეტისის გარეშე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გვეცხოვრა მე და  ჩემს ტაქსას. ყველა ძალიან მიყვარს და მათგანაც უსაზღვრო სიყვარულს და ერთგულებას ვგრძნობ. ხო და კიდევ, ქუჩაში კატებს დასდევდა, რომ მოვიყვანე, ძალიან ვნერვიულობდი, რამე არ დაეშავებინა ჩემი კატისთვის და აი კიდევ ერთი გამოხატულება მისი მადლიერების,  კატასთან მივიდა და ლოკვა დაუწყო.

ფუსა – ჩვენი კატაა, რომელიც დიღმის ტრასაზე იპოვა ჩემმა მეუღლემ და გადაარჩინა.

 

სოფო სიხარულიძე:

 

“სხვაკოკი” –  2018 წლის ივნისი, მე ჯერ კიდე ჩემს დაკარგულ კოკის ვეძებ. კოკი ჩემი ინგლისური კოკერია, რომელიც მეგობრის ეზოდან დამეკარგა. ვეძებ ყველგან, მივდივარ და ადგილზე ვამოწმებ ყველა ნაპოვნ ინგლისურ კოკერს, იქნებ ფოტოთი ვერ ამოვიცნო და რაღაც გამომეპაროს. სრული პარანოია მჭირს.

ფეისბუქზე დაიდო ვიდეო, წეროვანის დევნილთა დასახლებაში დადიოდა ინგლისური,  ხვადი კოკერი. რას ვიზამდი? წავედი. წეროვანის დასახლებაში გოგოები დამხვდნენ და მალევე ვიპოვეთ ძაღლი, რომელიც ძალიან, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. იმდენად ჰგავდა კოკის, მანქანიდან რომ გადმოვედი,  მუხლებზე დავიჩოქე და დავუძახე. ძაღლი, რომელიც არავის ეკარებოდა თავდახრილი, ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა და თავი დამადო. ეს ჩემი კოკი არ იყო, მაგრამ ბუნებრივია, ძაღლს ვერ დავტოვებდი, ის ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და შველა სჭირდებოდა. წამოვიყვანე.

იმ დროისთვის სახლში სხვა ცხოველებიც მყავდა და წეროვანელ კოკერს, სანამ არ დავწმუნდებოდი, რომ რაიმე გადამდები დაავადება არ ჰქონდა, სახლში ვერ მოვიყვანდი.  დავრეკე ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში და დროებით თავშესაფარში მივიყვანე. ასე მოხვდა წეროვანელი კოკი თავშესაფარში, ვიდრე მის ჯანმრთელობის ამბებს გავარკვევდი და მომავალ ცხოვრებას დავგეგმავდი.

“წეროვანელ კოკის” ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა და მხოლოდ დემოდეკოზის (კანქვეშა ტკიპა) დიაგნოზი დაუდგინდა. შევუგზავნე წამლები და ზუსტად ვიცი, რომ კარგად უვლიდნენ. ყოველდღე მიგზავნიდნენ ფოტოებს და ვიდეოებს, მაგრამ კოკის ძალიან არ უნდოდა და უჭირდა თავშესაფარში. კოკისთვის ახალი პატრონის ძებნა დავიწყე.

გამოვაქვეყნე ვიდეო, თუ როგორ უჭირდა მას თავშესაფარში ცხოვრება და აღარც მახსოვს, იმდენი ადამიანი შემეხმიანა. ასე დაერქვა მას – “მტირალა კოკი თავშესაფრიდან”. თავშესაფარში 2-თვიანი ცხოვრების შემდეგ, გასტერილებული, აცრილი და უკვე ნამკურნალები კოკი თავისუფლებაზე გამოვიდა. ის ორი კვირით ჯერ ქალბატონ ქეთევან კალაიჯიშვილთან ცხოვრობდა, რომელიც სრულიად უანგაროდ დამეხმარა და მოუარა კოკის, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. გვეგონა, ამ პერიოდისთვის კოკის გავაჩუქებდი, მაგრამ ძალიან, ძალიან ვარჩევდი და დიდ “სკანერში” ვატარებდი ყველას,  ვინც “მტირალა კოკის” აყვანის შესახებ მწერდა.

საბოლოოდ, “მტირალა კოკი” ჩემთან გადმოვიდა. ერთ დილასაც გავიღვიძე და  მტირალა ბიჭის თავი გულზე მქონდა მოტმასნილი. მენდო, უკვე იცოდა, რომ აღარაფერს დაუშავებდნენ, მეც მივხვდი, რომ მას ვერსად გავუშვებდი და ასე დარჩა ქუჩიდან უკვე მეორე ცუგა, “სხვაკოკი”, ჩვენს ცხოვრებაში.

 

მაფინი. 2015 წელი, ნოემბრის ბოლო რიცხვები და ყინვა. ფეისბუქზე  ცხოველთადამცველმა თიკო კვალიაშვილმა გააზიარა პოსტი, რომ ფონიჭალაში 1 თვემდე გაყინული ლეკვი იპოვეს. მპოვნელმა დროებით სარდაფში შეიფარა და ახალ პატრონს ეძებდნენ. მაშინ ორი ძაღლი მყავდა და ნამდვილად  არ ვფიქრობდი ახალი ძაღლის აყვანას.

საკმაოდ ცივი ნოემბერი  იყო და წარმოვიდგინე, სარდაფში პატარა ყუთში ჩასმული ლეკვისთვის რა რთული იქნებოდა. თან დაიწერა, რომ არაფერს ჭამდა. მოკლედ, ვეღარ გავუძელი და მივწერე, რომ დროებით, სანამ ახალი პატრონი გამოჩნდებოდა, შევიფარებდი. 1 საათში ყუთში ჩასმული პატარა წერტილი უკვე ჩემთან იყო. მოგლეჯილი კუდით, სრულიად გაყინულს,  ჭამის თავიც არ ჰქონდა. ცოტა ხანში გამთბარი და ფუმფულა არსება, უსასაცილოესი ღილებივით თვალებით ხალათიდან ამოძვრა და ისე დაეტაკა საჭმლის ჯამს, 2 წუთში ამოჭამა ყველაფერი. შავი შოკოლადის ნამცხვარს ჰგავდა და ამიტომაც დავარქვი მაფინი. ყველამ ვიცოდით, რომ მაფინი დროებით ცხოვრობდა ჩვენს ოჯახში და აუცილებლად უნდა გაჩუქებულიყო. რამდენჯერმე გამოვაქვეყნე პოსტი, მაგრამ გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ ვეღარ გავიმეტებდი. არც არავინ იკლავდა თავს ქუჩის  მეტისის აყვანით თავს. ასე დარჩა ჩვენს ცხოვრებაში სამუდამოდ შოკოლადის ყველაზე სასაცილო გოგო. აღმოვაჩინე, რომ მეტისებს რაღაც განსაკუთრებული აქვთ. მაფინი არასოდეს იღლება იმით, რომ მოგეფეროს.

 

თამუნა გიორგაძე:

ეს შაია.  2015 წლის 25 დეკემბერს თავისი ფეხით მოვიდა ჩემს ჭიშკართან ძალიან გამხდარი, საცოდავი, მაგრამ ავი და უკარება. შეშინებული იყო და ადამიანების ნდობა ჰქონდა დაკარგული. 5 დღე იჯდა ჭიშკართან, საჭმელს ვუტოვებდი და უკან ვბრუნდებოდი. 30 იანვარს, ახალი წლის წინ, ეზოში შემოვიტყუე. დავუთბუნე ბუნაგი და თითქოს ცოტა მოვიშინაურე, თუმცა მალევე  შევატყვე, რომ ცუდად გახდა – ენტერიტი შეჰყრია ქუჩაში. ძლივს გამოვსტაცეთ სიკვდილს ხელიდან და მას შემდეგ 4 წელია, ჩემი შაი ჩემთანაა.

ბუსიკო 6 თვის წინ თავშესაფრიდან წამოვიყვანე. სრულიად უწყინარი ძაღლია, უბრალოდ ტანად დიდია და არსად აჩერებდა ხალხი. მესამედ იყო მოხვედრილი თავშესაფარში. მისი ხალხს ეშინოდა და მუდმივი პრობლემები ჰქონდა. ბოლოს, სადაც დამკვიდრება სცადა, იქ მისი მოწამვლა უნდოდათ. არსად იყო უსაფრთხოდ. შემეცოდა ეს დიდი და ბოთე ბიჭი, რომელიც მხოლოდ იმის გამო  იჩაგრებოდა, რომ უზარმაზარი იყო. ახლა ის ჩემთანაა, ძალიან კეთილი, ლაღი და ბედნიერი.

 

თამუნა ქარუმიძე:

ლუქი  – რომელსაც თათები მოაჭრეს.

 

ნავთის კასრში ჩავარდნილი ოლია.

 

აფროსი და რიტა.

ჯინა და ბარმალეი – კეკელიძის ქუჩიდან გამოგდებული ძაღლები.

 

მარნეულელი რიტა.

 

თამუნა საგინაშვილი:

 

ლაქი – სიამის ფისო, რომელიც 12 წლის წინ დიღმის ბაზრობაზე 30 ლარად ვიყიდე, კუდმოტეხილი და კლუბისგან დაწუნებული.


 

კიწი –  სულ პატარა კნუტი, წავკისის ტყის პირას ეგდო მთლიანად დამტვრეული.  სავარაუდოდ, გაჩერება და გადმოსმაც კი დაეზარათ და პირდაპირ მანქანიდან მოისროლეს. ავიყვანეთ, ვუმკურნალეთ, თუმცა აგვისტოს ბოლოს დავკარგეთ და დღემდე ვეძებთ.

 

 

ეშლი, რომელიც სწორედ ჩვენი დაკარგული კიწი ეგონათ, მოგვიყვანეს. უკან წაყვანასაც აპირებდნენ, თუმცა დღეს ჩვენი გოგოა.

 

 

ლუნა, 7 წლის წინ ავტობანზე ვიპოვეთ. ჩონჩხს ჰგავდა, 3,5 თვის იყო,  თუმცა შიმშილის გამო არც ერთი კბილი არ ჰქონდა. მთელ სხეულზე სოკო ჰქონდა მოდებული და პარაზიტები ესია. ლეკვს რომ დამსგავსებოდა, ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა. ვეტერინარები ვარაუდობენ, რომ ლუნა ინცესტის შედეგად გაჩენილი ლეკვია. დღემდე ვმკურნალობთ თირკმელებს და სახსრებზე და შარდის ბუშტზე, მძიმე ოპერაციებიც დასჭირდა. მიუხედავად ამისა, დღეს ჯანმრთელად და ბედნიერად გამოიყურება.

 

 

ხოსე, რომელიც 1,5 წლის წინ მუნიციპალური თავშესაფრიდან ავიყვანე. ზუსტი ასაკი არ ვიცი, თუმცა ახალგაზრდა არ არის. ბევრი რამ აწუხებდა: დამტვრეული მენჯი, ორმხრივი ფილტვების ანთება და ონკოლოგია, ყველაფერი დაამარცხა, მხოლოდ უშაქრო დიაბეტი დარჩა, რომელთან ერთად ცხოვრებასაც სწავლობს. ამავდროულად, სმენა და მხედველობა დაქვეითებულიცაა, თუმცა ეს ნაკლებად აწუხებს, რადგან ჩრდილებს ხედავს და ყნოსვაც კარგად აქვს განვითარებული.

 

თინა ჭავჭანიძე:

მერიასთან ერთ-ერთი აქციის წინა ღამეს პარტიზანმა მებაღეებმა იპოვეს შავი კნუტი მოტეხილი ფეხით. დამირეკეს და მომიყვანეს აქციაზე. იქიდანვე წავიყვანე კლინიკაში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. შემდეგ, მისი ხმა არავის გაუგია. არის სტუმართმოყვარე და ძალიან თბილი კატა. აღმოაჩნდა ასევე კანის დაავადება – მუნი. სახელიც შესაბამისად დაერქვა – მუნიკო. მუნის მკურნალობის დროს ჯერ კიდევ მეგონა, რომ გავაშვილებდი. ახლა რომ ვუყურებ ფოტოებს, გაუგებარია, რატომ მეგონა, რომ გაქუცული, ფეხმოღრეცილი და მომკივანი კატა მოუნდებოდათ.

ერთ დღეს, კლინიკიდან, სადაც მუნიკო მკურნალობდა, დამირეკეს და მითხრეს, კლინიკაში გაჩერება შეუძლებელია, ისე კივის და წაიყვანეო. მანდ მივხდი, რომ მუნიკო უკვე ჩემია. მას შემდეგ, მისი ხმა არავის გაუგია. არის სტუმართმოყვარე და ძალიან თბილი კატა.

 


რეკომენდებული სტატიები
რა ხდება როცა ბავშვს შინაურ ცხოველთან ერთად ვზრდით

რა ხდება როცა ბავშვს შინაურ ცხოველთან ერთად ვზრდით

რა ხდება როცა ბავშვს შინაურ ცხოველთან ერთად ვზრდით
მართალია თუ არა, რომ ცხოველისა და პატარების თანაცხოვრება ბავშვისთვის საზიანოა? ამ საკითხზე at.ge სპეციალისტებს და იმ მშობლებს გაესაუბრა, რომლებიც შვილებს ცხოველებთან ერთად ზრდიან
რატომაა მიზანშეწონილი შინაური ცხოველების კასტრაცია - ინფორმაცია ექიმი-ვეტერინარისგან

რატომაა მიზანშეწონილი შინაური ცხოველების კასტრაცია - ინფორმაცია ექიმი-ვეტერინარისგან

რატომაა მიზანშეწონილი შინაური ცხოველების კასტრაცია - ინფორმაცია ექიმი-ვეტერინარისგან
კასტრაცია/სტერილიზაცია დადებითად მოქმედებს როგორც ცხოველთა პოპულაციის მართვის კონტროლზე, ასევე მათი ჯანმრთელობის ხარისხსა და სიცოცხლის  ხანგრძლივობაზე
რა იწვევს ბავშვებში ცხოველებზე ძალადობას

რა იწვევს ბავშვებში ცხოველებზე ძალადობას

რა იწვევს ბავშვებში ცხოველებზე ძალადობას
სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება შემზარავი ფოტოები და კადრები, სადაც ნაწამები ცხოველებია ასახული. სურათს ამძიმებს ისიც, რომ ცხოველებზე ძალადობის ფაქტების ჩამდენები ხშირად ბავშვები არიან
როგორ მოვიქცეთ თუ თქვენს ბავშვს ცხოველების ეშინია

როგორ მოვიქცეთ თუ თქვენს ბავშვს ცხოველების ეშინია

როგორ მოვიქცეთ თუ თქვენს ბავშვს ცხოველების ეშინია
ცხოველების მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტია ის, თუ როგორ გაფორმდება ურთიერთობის პირველი გამოცდილება ბავშვის გონებაში
რინგო - ძაღლი სოციალური პასუხისმგებლობით

რინგო - ძაღლი სოციალური პასუხისმგებლობით

რინგო - ძაღლი სოციალური პასუხისმგებლობით
ნესტან მამაცაშვილი, თავის ძაღლ რინგოსთან ერთად, ძაღლების პატრონებს სპეციალურ პროდუქტს სთავაზობს, რომელმაც ჩვენი ქალაქი უფრო სუფთა და ცივილიზებულ ადგილად უნდა აქციოს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.