fbpx

აგვისტოს თეთრი ღამეები და შავი დღეები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: გაგა ნახუცრიშვილი

ილუსტრაცია: მარიამ ზალდასტანიშვილი

ათი წელი გასულა აგვისტოს იმ თეთრი ღამეებიდან და შავი დღეებიდან.

როდესაც ძალიან სწრაფად თენდებოდა. მზეც უხეშად, ნაჩქარევად ამოდიოდა, თითქოსდა სისხლი, სიკვდილი სწყუროდა.

მტრის თვითმფრინავები ღამით ვერ გვხედავდნენ და გამთენიისას გვბომბავდნენ, მერე მთელი დღე, დაბნელებამდე. ასეთი ჩამორჩენილი მტერი გვყავდა. ღამითაც რომ არ შეუძლია დაბომბვა. მაგრამ ჩამორჩენილი მტერი ყოველთვის უფრო დაუნდობელია და სასტიკი.

ღამით არ მეძინებოდა. არა, შიში სრულიად გამიქრა, მაგრამ უარესი გრძნობა დამეუფლა. სასოწარკვეთას და დაღლას რომ ჰგავს. თუმცა არ იცი, რა არის და საიდან მოდის. უეცარია, თან გარდაუვალი. ვიწექი და ვფიქრობდი – რისთვის დაიღუპნენ ჩვენი მეგობრები და მე რატომ გადავრჩი, თუ ყველაფერი ისევ განმეორდებოდა. ისევ დაგვიპყრობდნენ. ისევ მარტო დავრჩებოდით. ბიჭები კი მიდიოდნენ და აღარ ბრუნდებოდნენ. ალალი, ლაღი, გულწრფელი, ვაჟკაცი ბიჭები, ძირითადად რეგიონებიდან. მიდიოდნენ, რომ ჩვენ გვეცხოვრა. არაფერს გვაყვედრიდნენ, უანგაროდ მიდიოდნენ, როგორც წლების წინ ჩვენი ბავშვობის მეგობრები. მერე რა, თუ არ ვიცნობდით, ისინიც ხომ ჩვენი მეგობრები იყვნენ. ტყუილად არ წასულან. დამოუკიდებელ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ცოცხლები ვართ.

*  * *

სადაცაა თბილისში შემოვლენ. საღამო ხანს, ჩემს სახლთან, საბავშვო ბაღში შეფარებულ დევნილ ბავშვებთან ჩავდივარ. ცოტა ხილითა და ცივი კოკა-კოლით ვუმასპინძლდები. მეტი არაფერი შემიძლია. ეს უფრო მთრგუნავს, მაგრამ არ მინდა ბავშვებმა დაბეჩავებული დამინახონ. რაღაცას ვლაზღანდარობ. ფეხბურთზე ველაპარაკები და ვეუბნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რა მაზალო ტერმინია ეს – „ყველაფერი კარგად იქნება“. მაშინ გახსენდება, როცა ყველაფერი ძალიან ცუდად არის. ფართოდ გახელილი, გულუბრყვილო თვალებით მიყურებენ. მათ თვალებში უფრო გაურკვევლობა ირეკლება, ვიდრე სევდა. ეს უფრო მაბნევს. სევდას როგორმე უმკურნალებ. ამ საშინელ გაურკვევლობასთან კი ვერაფერს გახდები. მაინც ვცდილობ.

  • ეჰ, ჩემი ბაღის ხილი, გაგასინჯებდით, – დაიჩივლა ერთმა ბიჭუნამ გაბზარული, მაგრამ უკვე დავაჟკაცებული ხმით.
  • საიდან ხარ? – ვკითხე და შევეცადე გამეღიმა.
  • კარალეთიდან…
  • ხოდა, დაბრუნდები, აუცილებლად დაბრუნდები. ღვინოსაც დავლევთ ერთად.

თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა და გავჩუმდით.

10 წელი გავიდა. დედაქალაქი ვერ აიღეს. ის ჩემი ძმაკაცი ბიჭი კარალეთში დაბრუნდა. სხვებიც დაბრუნდებიან. ჩვენ შეიძლება გაგვანადგურონ, მაგრამ ამ ბავშვებს ვერ დაამარცხებენ.


რეკომენდებული სტატიები
ომი და მჭადები

ომი და მჭადები

ომი და მჭადები
პური არც “ვეჯინში” იყო, მაღაზიაა სახლის გვერდით, არც “ლიდერში” და არც უშუალოდ პურის მაღაზიაში. შემდეგ მაკარონის ყიდვა ვცადე და ამჯერადაც ხელი მომეცარა. ცარიელ მაღაზიებში უამრავი ხალხი ირეოდა და ყველაფერი მიქონდათ, თუკი რამე დარჩენილიყო
ომის sms-ები
Play Video

ომის sms-ები

ომის sms-ები
პროექტი „ომის ესემესები“ გვაკითხებს ნამდვილ ესემესებს, რომლებიც დაიგზავნა 2008 წლის ომის პერიოდში საქართველოში და საზღვარგარეთ, ომის დაწყებიდან ცეცხლის შეწყვეტამდე. პირველი ესემესი ამ კრებულში 7 აგვისტოთი თარიღდება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.