წლის ნომინაციები
“წლის ნომინაციებში” წარმოგიდგენთ იმ მოვლენებსა და ადამიანებს, რომლებიც 2018 წელს ინტერნეტ-ჟურნალ AT.ge-ში გამოჩნდნენ, სიახლე შეიტანეს ქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში და რაც მთავარია, ჩვენი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურეს.
წლის ფრაზა: “მოდით, მაშინ დავიწყოთ ბოდიშით. ბოდიში.”
ეს სიტყვა უკვე თვეებია, რაც აღარ გამოხატავს სინანულს ჩადენილის გამო და ის კიდევ ბევრი წლის განმავლობაში ორაზროვან გამოთქმად დარჩება.
წლის აქცია: We Dance Together, We Fight Together
ყველაზე დაუვიწყარი და მელანქოლიური დღეები თბილისის რეივის ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოს ათქმევინა – Tbilisi you’re doin’ it right!
ვიდეო: https://www.youtube.com/
წლის თემა: მარიხუანას ლიბერალიზაცია
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან დაწყებული, აქციებზე მოწევით და კანაფის ექსპორტის ინიციატივის ჩავარდნამდე, მწვანე ფოთოლი ჩვენს ქვეყანაში ყველაზე რეზონანსულ მღელვარებებს უკავშირდებოდა, ისევე როგორც სტატიები ამ მცენარესთან დაკავშირებით.
წლის მოდის ჩვენება: დემნა გვასალიას SS 2019
გაზაფხული-ზაფხული 2019-ის კოლექცია, რომელიც ერთდროულად იყო სამოსი, შოუ და პოლიტიკური განაცხადი (“იდი ნახუი!”)
წლის საუკეთესო დიზაინი: სასტუმრო “სტამბა”
გამოფენები, პრეზენტაციები, კოქტეილები და – ყველაზე მეტი Check In!
წლის კულტურული მოვლენა: ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა
წიგნის ბაზრობაზე ბევრად უფრო მეტი – ქართული “არტტუსოვკის” ეპიცენტრი რამდენიმე კვირის მანძილზე, სადაც საქართველოთი დაინტერესებულმა ადამიანებმა უცხოეთში ჩვენს შესახებ ბევრი ახალი რამ გაიგეს.
წლის გამოფენა: ფიროსმანის გამოფენა ვენაში, ალბერტინას მუზეუმში
საქართველოს საყვარელი მხატვარი ავსტრიის დედაქალაქის მთავარ მუზეუმში მონეს, შაგალის, მუნკისა და პიკასოს გვერდით გამოიფინა.
წლის ჯგუფი: KayaKata
ალბათ ყველაზე პროდუქტიული კოლექტივი თანამედროვე ქართულ სცენაზე.
წლის გახმაურებული კლიპი: დეისაძის “ხალხური”
ჟურნალის ერთწლიან ისტორიაში დღემდე ერთ-ერთი ლიდერი ნახვების რაოდენობით.
წლის სპორტსმენი: ნომინაციას იყოფენ ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე (სუმო), ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი) და გურამ კაშია (ფეხბურთი).
თითქმის ღმერთი იაპონიაში (გორგაძე) და თითქმის უფლისწული საქართველოში (ბასილაშვილი)
წლის ფოტო: სელფი ავარიის შემდეგ
ერთ-ერთი ყველაზე კეთილი და პოპულარული ფოტო ჟურნალის “დღის ფოტოს” რუბრიკაში.
წლის ვიდეო: ხეზე ასული ოპოზიციის აქციის მონაწილე თელავის მისადგომებთან
ვიდეო, რომელიც ქართულ ვიდეოპანთეონში უკვე ოქროს ასოებითაა ჩაწერილი, გვიჩვენებს სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ქვეყანაში არსებულმა სიტუაციამ. “ჩემი ხეზე ასვლა იყო სპონტანური!” – ამბობს ეს საყვარელი ადამიანი და მოდით, დავუჯეროთ მას.
წლის სტატუსი: რაგბი, ქალი “კუხნაში” და ტოტო კუტუნიო
მეგობრებო, რადგან ფლორენციაში რაგბზე დასასწრებად ვერ მივდივარ, გადავწყვიტე ჩემი წვლილი შემეტანა ქართველების მიერ…
Gepostet von Sasha Makashvili am Donnerstag, 8. November 2018
სტატუსი ფლორენციიდან – იყო დღეები, როცა ფრანკფურტის მსგავსად, ევროპის ერთ ქალაქში ნახევარი საქართველო შეგეძლოთ გენახათ და ეს საქართველო-იტალიის სარაგბო შეხვედრისას ფლორენციაში ხდებოდა.
წლის ფესტივალი: ანაკლია
მაისის საპოლიციო რეპრესიების მიუხედავად, კლაბერები არ დანებდნენ და აგვისტოში სრული მობილიზაციით, ღირსეულად შეხვდნენ ანაკლიის ფესტივალს, რასაც ჩვენთან გამოქვეყნებული Vinda Folio-ს ფოტორეპორტაჟიც ადასტურებდა.
წლის საქალაქო პროექტი: გამწვანება დიდი ნერგებით
30-სანტიმეტრიანი ჯოხების ნაცვლად წელს მასიურად პირველად დარგო ქალაქის მერიამ კარგად გაზრდილი და უმეტესად სწორად შერჩეული ხის ნარგავები. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია 2019-შიც შენარჩუნდება და მას სხვა, საღ აზრთან ახლოს მყოფი ინიციატივებიც დაემატება, განსაკუთრებით სატრანსპორტო და ქალაქგეგმარების სფეროებში.
წლის სტარტაპი: Urban Greens
ბევრ საინტერესო პატარა ბიზნესს შორის, რომლებზეც AT.ge-მ ყურადღება გაამახვილა, Urban Greens იმით გამოირჩევა, რომ მან მიწასთან და ბუნებასთან ურთიერთობა წარმატებულ და მზარდ საქმიანობად აქცია.
წლის დასასვენებელი და გასართობი სივრცე: ღვინის ქარხანა N1
მულტიფუნქციური სივრცე ქალაქის შუაგულში, ძველი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც დასვენებისა და გართობისთვის ყველაფერია თავმოყრილი: ყვავილების ბაზარი, ღია კინო, რესტორნები, ბარები და კაფეები, კულინარიული სკოლა, ქართველი დიზაინერებისა და პროდუქტის conceptstore, ფიტნეს დარბაზი X Body, თონე, ძველ ღვინის კასრებში გაკეთებული streetfood.
წლის არქიტექტურა: ნომინაციას იყოფენ საცეკვაო დარბაზი ქორეოგრაფ თეა დარჩიას საცეკვაო სტუდიისთვის – სტუდია David Giorgadze Architects და ყავის ქარხანა – Giorgi Khmaladze Architects
ევროპის არქიტექტურულ პრემიაზე წარდგენილი ეს ორივე პროექტი, სხვა 6-თან ერთად, ნელ-ნელა შეცვლის მოსაზრებას, რომ ქართველ არქიტექტორებს მიშენებული ლოჯიებისა და ყალბი კლასიკური პროექტების მიღმაც დიდი გასაქანი აქვთ.
წლის ინტერვიუ: გია ყანჩელი პროექტში ID
Artarea-სა და AT.ge-ს ეს ერთობლივი პროექტი ყოველთვის საინტერესო სანახავია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც რესპონდენტი ყველა თაობისა და ასაკის ერთ-ერთი საყვარელი კომპოზიტორია.
წლის ფილმი: ”ნამე”, რეჟისორი ზაზა ხალვაში
მართალია, ეს ახალი ქართული ფილმი “ოსკარების” ნომინანტების მოკლე სიას გამოეთიშა, მაგრამ ეს არ ამცირებს ფილმის მნიშვნელობას და ის მაინც კინოკრიტიკოსებისა და მაყურებლის ფავორიტად რჩება.
წლის სპექტაკლი: “დემონები”, რეჟისორი მიშა ჩარკვიანი
წლის ერთ-ერთი პოპულარული პიესა სამეფო უბნის თეატრის რეპერტუარში, პიესისთვის გამოყოფილი შედარებით მცირე დროის მიუხედავად, ადამიანური და ცხოველური ემოციების სრულ სპექტრში გაგატარებთ.
წლის ანიმაცია – “რეზო”, რეჟისორი ლევან გაბრიაძე
ანიმაციური ფილმი რეზო გაბრიაძის ბავშვობის შესახებ – ლენინი, სტალინი, მოლაპარაკე ბაყაყი და ქუთაისელი ბანდიტები ერთ დიდ ნოსტალგიად ერთიანდება, რომელიც გულგრილს არ დატოვებს არც პატარებს და არც დიდებს.
წლის არტისტი თანამედროვე ხელოვნებაში: შოთიკო აფციაური
პუბლიკას თავი დაამახსოვრა ერგნეთის მუზეუმთან კოლაბორაციისას მომზადებული გამოფენით “თამაში ჰინომის ველზე“, რომელიც რუსულ ოკუპაციას განიხილავდა. მონაწილეობას იღებდა ასევე გამოფენა Oxygen-ში სადაც წარმოადგინა თავისი ინსტალაცია I WAS SCROLLING DOWN WHEN I WENT INTO A VOID.
წლის ღონისძიება/გამოფენა: ნომინაცია გაიყვეს Tbilisi Art Fair-მა (TAF) და Oxygen – No Fair-მა
ეს ორი ღონისძიება ქალაქში ერთდროულად ჩატარდა და თანაბრად დიდი ინტერესი გამოიწვია – “ექსპო ჯორჯიასა” და სასტუმრო “სტამბაში” ორივე ღონისძიების მიზანს თანამედროვე არტ-სცენის განახლება და განვითარება წარმოადგენდა.
წლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი: ნიკორწმინდის რელიეფები
წელს ნიკორწმინდის ეკლესიის ფასადზე საკონსერვაციო სამუშაოებისას ამ დრომდე უცნობი რელიეფის უნიკალური ნაშთები გამოვლინდა. ქვაში ნაკვეთი ფრაგმენტები ტაძრის გუმბათის ყელის ქვედა ნაწილში მიმდინარე კონსერვაციის დამასრულებელი ფაზის სამუშაოებისას აღმოაჩინეს.